მსახიობობა არ იყო ის პროფესია, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. კინორეჟისორობა სურდა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. მერე კი ეს საქმე ისე მოეწონა და შეუყვარდა, რომ პროფესიის შეცვლაზე აღარც უფიქრია. ლევან ყოჩიაშვილი არტისტობის ყველაზე დიდ სირთულეზე, ხიბლზე, მოტივაციაზე, როლებსა და მაყურებლის როლზე მის ცხოვრებაში, გულახდილად გვესაუბრა.
- დიდი სურვილი მქონდა, კინორეჟისორობა შემესწავლა, მაგრამ ჩემი აბიტურიენტობის დროს ამ ფაკულტეტზე მიღება ყოველ წელს არ იყო, სტუდენტებს მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ იღებდნენ. ამის გამო ყველაზე "ახლოს მყოფ" პროფესიაზე ფიქრი და მზადება დავიწყე. სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი ჯგუფელები ისე შემიყვარდნენ, სწავლის პროცესი ისე მომეწონა, დავრჩი და არსად წასვლაზე აღარ მიფიქრია.
- (იცინის) ამბობენ, სამსახიობოზე რომ აბარებენ, პირველ კურსზე ზოგს თავი სახალხო არტისტი ჰგონია, მეორე კურსზე - დამსახურებული არტისტი, მესამეზე ეს "რეგალიები" კიდევ იკლებს და ა.შ. მსახიობობას ვერავინ ვერავის ასწავლის. ეს უნარი უნდა გქონდეს, რომელსაც დაგიმუშავებენ, დახვეწენ, მეტყველებას გამოგისწორებენ... მერე როგორ ვითარდები? მსახიობმა უნდა ითამაშოს, გამოცდილება მიიღოს კინოში, აქ კი ამის ნაკლებობაა. მსახიობობა უმადური საქმეა, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ცნობილი მსახიობებიც აღნიშნავენ.
- ამ პროფესიას დიდი პრეტენზია აქვს, ადამიანს თავი რომ აყურებინო, პრეტენზიაა, არა? ეს ადვილი არ არის, სულ განცდებში ხარ, სულ გაქვს სურვილი თავი წარმოაჩინო, არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები მსახიობი ხარ თუ უკვე ძალიან ცნობილი და შემდგარი, მაინც სულ დაძაბული ხარ.
- არასტაბილური პროფესიაა, ჩვენ გვირჩევენ. შეიძლება ვარსკვლავებს წყვეტდე, მართლა ძალიან კარგი იყო, მაგრამ კონკრეტულ რეჟისორს შენთან მუშაობა არ უნდოდეს. ეს ადამიანზე მოქმედებს. დიახ, სირთულეა თავად პროფესიის პრეტენზიულობაც, მაყურებელს რომ აყურებინო და ასმენინო, ძალიან ბევრი რამ უნდა შეგეძლოს.
- ამ პროფესიის შემადგენელი ნაწილია ის, რომ ადამიანებს დამოკიდებულება უჩნდებათ შენ მიმართ. მაყურებელი გულშემატკივრად თუ არ გაიხადე ან მცირე ხნით მაინც თუ არ დააფიქრე, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ქუჩაში სრულიად უცნობები გიყვებიან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ და შენც ამას ეჩვევი. ამას ერთხელ რომ გამოცდი, მერე ყველაფერს გააკეთებ, რომ მსგავსი მომენტი გახშირდეს შენს ცხოვრებაში. განაგრძეთ კითხვა