"ოთომ ბოლო დღეს ითხოვა, ჩემს სიმღერას ჩოხით ვიმღერებო... უცებ დემეტრეს გავხედე და ტიროდა..." - ქართველი ბავშვების გამარჯვება და ემოციური ამბები ჩეხეთიდან - მშობლები

"ოთომ ბოლო დღეს ითხოვა, ჩემს სიმღერას ჩოხით ვიმღერებო... უცებ დემეტრეს გავხედე და ტიროდა..." - ქართველი ბავშვების გამარჯვება და ემოციური ამბები ჩეხეთიდან

2023-08-14 13:30:51+04:00

მუსიკოსი, ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი დავით ცინცაძე სასიხარულო და ძალიან ემოციურ ამბავს უზიარებს საზოგადოებას:

"ის რაც ჩეხეთში მოხდა...

8 - 12 აგვისტოს ბავშვთა ანსამბლი "შავნაბადა” და მისი წევრები - თამარ პირველი, ოთო ბაზერაშვილი (რანინა), დემეტრე ოქრიაშვილი (რანინა), საგასტროლოდ ჩეხეთში იმყოფებოდნენ.

ჩეხეთში მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გასაცნობად X საერთაშორისო ფესტივალი "სულიკო" ჩატარდა. ამჯერად ჩეხეთ-საქართველოს კულტურულ ურთიერთობაზე არაფერს მოვყვები, რადგან მოგვიანებით ბევრი რამაა სათქმელი. თუმცა, ამ ურთიერთობას რატილის ბიოგრაფიაც ყოფნის.

მოკლედ, საოცარი მოგზაურობა იყო. ულამაზესი ქალაქები ვნახეთ. ცხოვრების მხრივ მოწესრიგებულობითა და უშუალობით გამოირჩეოდა ეს დღეები. კონკურსში ჩვენთან ერთად სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უკრაინამ მიიქცია. კონკურსის მონაწილე ახალგაზრდები აზრებს უზიარებდნენ და საკუთარი ქვეყნის შესახებ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს თუმცა, ყველა გაოცებული უსმენდა უკრაინის წარმომადგენლებს. გუნდი კიევიდან იყო. კიეველების აკომპანიატორის ძმა, 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი, გამოფრენამდე სამი დღით ადრე ომმა იმსხვერპლაო, დამწუხრებით თქვეს, მერე ისიც დააყოლეს, აქ არავინაა ისეთი, ოჯახის წევრი არ ჰყავდეს ომში გარდაცვლილიო და ამით თითქოს გაამხნევეს თანაგუნდელი, რომელსაც ერთი წვეთი ცრემლი გადმოუვარდა, სათვალე მოიხსნა, მაშინვე მოიწმინდა ცრემლი და ისევ ღიმილით გააგრძელა საუბარი.

ბავშვები ბევრს იცინოდნენ, ერთობოდნენ, თუმცა, პერიოდულად ფრთხილად ეკითხებოდნენ უკრაინის წამომადგენლებს მათი ცხოვრების შესახებ და ისინიც ყვებოდნენ:

- ჩვენ ბუნკერში დიდ დროს ვატარებთო;

- ღამღამობით სკოლაში ხშირად ვრჩებით, როცა შეტევაა ხორციელდება ვერ ვბრუნდებით უკანო;

- რეპეტიციების დიდი ნაწილიც ბუნკერში გვქონდაო;

კონკურსის მესამე, საფინალო დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა. სხვადასხვა კატეგორიაში მონაწილე გუნდებისა და სოლო შემსრულებლების დაჯილდოება უნდა ყოფილიყო.

ჩვენი გუნდიდან პირველად დემეტრე ოქრიაშვილის (რანინელის) სახელი გაისმა და მას პირველი ადგილი ღირსეულად მიანიჭეს. სამი დღის განმავლობაში იშვიათი მუხტი შექმნა დემემ და ყველას წარუშლელად დაამახსოვრა თავი.

367414917-971313767437686-3611114138497136858-n-1692007735.jpg

შემდეგ ჩვენი ოთო ბაზერაშვილი დასახელდა (რანინელი), რომელიც ჯერ ჩვეულებრივი სამოსით იდგა სცენაზე, მერე დემეტრესთან ერთად სწრაფად გამოიცვლიდა სამოსს, ჩოხას ჩაიცვამდა, "შავნაბადას“ გუნდთან ერთად გამოდიოდა და ხალხურ სიმღერებს მღეროდა. ამ ბიჭმა თავი ქართული ტემპერამენტით და იშვიათი ოსტატობით დაამახსოვრა მსმენელს, ჟიურის და ორგანიზატორებს. უნდა ვთქვა, რომ იქ ჩასულ ოთოს უკვე კარგად იცნობდნენ და თავს ეხვეოდა დიდი თუ პატარა. ოთომ ბოლო დღეს ითხოვა, ჩემს სიმღერას დღეს ჩოხით ვიმღერებ, თუ შეიძლებაო და ორმაგად ეფექტური იყო პატარა ბიჭის მიერ შესრულებული "ხმალი ავლესოთ ქართველებო!“ მისი საოცარი შესრულების შემდეგ ჟიურის გადაწყვეტილება არ ყოფილა მოულოდნელი და ოთოს გრან პრი გადასცეს.

მე ამ დროს კულისებში ვიდექი და დემეტრესთან ერთად ვგულშემატკივრობდი ოთოს. უცებ დემეტრეს გავხედე და ისე ტიროდა. გაოცებული დავრჩი, დარწმუნებული ვიყავი, რომ თავისი ჯილდო გაუხარდა და ტიროდა, თუმცა ინსტინქტურად, გამამხნევებლად მაინც ვკითხე, რა გატირებსთქო?! - ოთომ ისე იმღერა, თავი ვერ შევიკავეო! თურმე დემე ოთოს გულშემატკივრობას და მის ნამღერს აუტირებია... შევუერთდი დემეტრეს ემოციას, სხვა რა გზა მქონდა...

ეს პატარა ბავშვები ისე სამაგალითოდ ედგნენ ერთმანეთს გვერდით, ერთი სანახაობა იყო. "შავნაბადაც“ ამ დროს თავისი გუნდის წევრ ოთოს, დემემტრეს და თამარ პირველს ისე გულშემატკივრობდა, ეს კიდევ სხვა მუხტს ქმნიდა დარბაზში. როცა ათობით ახალგაზრდა ერთმანეთს მთელი არსებით თანადგომას უცხადებს, ასეთი ერთოჯახობა სამაგალითოდ გამოიყურებოდა და არნახულ ხიბლს სძენდა მოგზაურობას.

მოგვიანებით დემეტრე ოქრიაშვილის სახელმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა და მას ფესტივალის ორგანიზატორების სახელით სპეციალური ჯილდო გადასცეს. დემეს ისევ ოთოს სახელი მოყვა, და მასაც კიდევ ერთი ჯილდო, ფესტივალის დამაარსებლის სიმპათია გადასცეს. მათთან ერთად გამოცხადდა თამარ პირველი, რომელსაც ჟიურის წევრმა პერსონალური ჯილდო გადასცა.

ბოლოს, საგუნდო კატეგორიის დროც დადგა. "შავნაბადას" ბავშვები სხვების მსგავსად ღელავდნენ. ელოდნენ თუ რას გამოაცხადებდა წამყვანი. მით უფრო მოწინავე ადგილის სურვილი ოთოს და დემეტრეს შემდეგ გამძაფრებული ქონდა გუნდს და ორმაგად ღელავდნენ.

ჩვენთვის სასიხარულოდ მალევე გამოცხადდა, გრან პრი "შავნაბადას“ გადაეცემაო. ძალიან გაგვიხარდა, გრანპრი ჩვენია! აღიარება ჩვენია! და ამ სიხარულის მიუხედავად სულ გვახსოვდა ჩვენი ახლად დამეგობრებული უკრაინული გუნდის პრობლემები. ამიტომ, გალა კონცერტამდე ასე გადავწყვიტეთ - თუ "შავნაბადა“ გრან პრის მიიღებდ,ა ჩვენ მას ყველასთან შეუთანხმებლად უკრაინელ გუნდს გადავცემდით და ასეც მოხდა! როგორც ზემოთ გითხარით, გამოცხადდა ჩვენი ჯილდო და ჩვენგან საბა ედილაშვილმა ეს ჯილდო სცენაზევე უკრაინას გადასცა! როგორ დასრულდა ეს ყველაფერი და რამხელა ემოცია იყო, ამის ენით გადმოცემა წარმოუდგენელი მგონია, ამიტომ გიზიარებთ მასალას! ტირილის, სიხარულის, სიმღერისა და თანადგომის განცდები ერთმანეთში ისე ირეოდა უფროსები დაგვამუნჯა პატარების სიკაშკაშემ და მათმა გულწრფელობამ! მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეურყვნელი ხელოვნება ის შესაძლებლობაა, რომელიც მკაცრ საზღვრებს შლის და ყველგან აღწევს!"