"შოპინგს ან დაქალთან ერთად კაფეში ყოფნას მირჩევნია სადმე მთაში წავიდე, ცხენით ვისეირნო და ბუნებაში დავისვენო. ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც მაბედნიერებს", - გვითხრა პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ, რომელიც საქართველოს პარლამენტში "სტრატეგია აღმაშენებლის" სიით მოხვდა:
- სტერეოტიპები ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ჩემს ოჯახში ასეთი სიტუაცია არ ყოფილა: ჩემთვის არასდროს უთქვამთ, ეს გოგოს საქმე არ არისო... 10-11 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში კარატეს ჯგუფი გახსნეს და იქ სიარული გადავწყვიტე. იმ ჯგუფში ერთადერთი გოგო მე ვიყავი, მაგრამ ოჯახის წევრებს არ უკითხავთ - რატომ აირჩიე კარატე და არა ცეკვის გაკვეთილებიო?.. ჩემი გამზრდელი ბებია გეგეჭკორის ქალი იყო, იმასაც კი არ უთქვამს საყვედური, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიმეორებდა: რაც უნდა ბევრს მიაღწიოს, ქალი მაინც ოჯახითა და შვილებით ფასდებაო. ბებიამ, ლამარა გეგეჭკორმა ჩემს ცხოვრებაში გასაკუთრებული როლი შეასრულა. მისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი და ძალიან ვუყვარდი. "ბაბალო" დავარქვი და მერე ათივე შვილიშვილი ასე ეძახდა. ოჯახში მე ვიყავი პირველი ქალი, რომელმაც თავისი მომავალი თავდაცვის სფეროს დაუკავშირა, მაგრამ არ მახსოვს, ამის გამო საყვედური გამოეთქვათ, სხვათა შორის, არც ბებიას.
- მაშინ ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ძალიან ადრე გავთხოვდი. 20 წლის ვიყავი, როცა უკვე პირველი შვილი მყავდა. მეუღლე ჩემი კლასელი იყო, რომელსაც ბაღიდან ვიცნობდი. ისე მოხდა, რომ ყველაფერი ერთად მოვასწარი, მაგრამ ორმაგი შრომის და ძალისხმევის ფასად. უნივერსიტეტში სწავლა შვილის გაზრდის პარალელურად, ძალიან რთული იყო. მიუხედავად ამისა, თსუ მაინც წარჩინებით დავამთავრე. როგორ შევძელი? - ორმაგი თუ სამმაგი შრომის, უძილო ღამეების და მუდმივი სტრესის ფასად. ქალს ოჯახში ისედაც დიდი პასუხისმგებლობა აწევს და წარმოიდგინეთ, როცა ამას სწავლა, სამსახურიც ემატება. ახლა ორი შვილის დედა ვარ - ჩემი უფროსი გოგონა 23 წლისაა, ხოლო უმცროსი - 15-ის. ამავდროულად, ორ უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს და პარლამენტის წევრიც ვარ. კარგად ვიცი, რა დონის ძალისხმევა უწევთ ქალებს, რომ პროფესიაში წარმატებას მიაღწიონ, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ ქალისა და კაცის თანასწორობას ოჯახში: კარგად მახსოვს, როცა ჩვენს კლასში მშობელთა კრება იმართებოდა, იქ სულ დედები ისხდნენ, მამა მარტო ჩემთან და ერთ კლასელთან მოდიოდა, მაგრამ ეს არავის უკვირდა. კიდევ კარგი, დღეს უკეთესი მდგომარეობაა და სტერეოტიპები ნელ-ნელა ინგრევა, მაგრამ ქალებს მაინც სჭირდებათ მხარში დგომა, დახმარება.
- ქართულ პოლიტიკაში ქალის ყოფნა გაცილებით რთულია, ვიდრე თავდაცვის სფეროში, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. გამოგიტყდებით: ჩემთვის სამხედროებთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო ადვილი იყო, ვიდრე პოლიტიკოსებთან. ამ სფეროში ქალსა და კაცს შორის უთანასწორობა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს, რადგან პოლიტიკა ის სფეროა, სადაც უპირატესობა ყოველთვის მამაკაცებს ეკუთვნოდათ. განაგრძეთ კითხვა