მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე დაიდო, აბიტურიენტები კვლავ მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან, რადგან 23 აგვისტოდან ნებისმიერ დღეს გამოქვეყნდება აპელაციის შედეგები, სკალირებული და გათანაბრებული ქულები. ყველაზე მეტად მათემატიკის გამოცდის გამო ნერვიულობენ და ელიან, რომ სხვა საგნებთან შედარებით ჩაჭრილთა რაოდენობაც ამ საგანში გაცილებით მეტი იქნება, ფიქრობენ რეკორდულიცო. ამის მიზეზად კი გართულებულ საკითხებს, არასაკმარის დროსა და ამოცანის პირობის არაპროფესიულ თარგმნას ასახელებენ.
"მათემატიკის საგამოცდო საკითხები მტრულად იყო შედგენილი“, - პირდაპირ ამბობენ მშობლები.
ანა დადვანი, მშობელი: "მართლა ძალიან მაინტერესებს, მათემატიკის ტესტების შემდგენელთ საერთოდ თუ აქვთ წარმოდგენა, როგორ ისწავლება სკოლებში ეს საგანი?! არავინ ითხოვს უცოდინარობაზე თვალის დახუჭვას, მაგრამ მხოლოდ მათემატიკური სკოლების მოსწავლეებზე არ უნდა გათვალოთ საკითხები! ჩვენც ვიცით კომაროვის და ვეკუას მისამართი და რომ გვდომოდა, თავის დროზე იქით ავიღებდით გეზს.... ბალანსი დასაცავია და თუ ამ ბალანსს ხელოვნურად არღვევენ, მაშინ ახადონ ფარდა სიმართლეს და თქვან რატომ! მოუმატეთ ქულები! მშობლები ასე არ გავჩერდებით! "
ლიკა ჯინჭველაძე; აბიტურიენტი: "გეფიცებით, არასდროს ვითვლებოდი ცუდ მოსწავლედ, მაგრამ ისეთ დღეში ჩამაგდო ამ მათემატიკის გამოცდამ, რომ გონზე ვერ მოვსულვარ... რაც წინა წელს ორქულიანებში იყო, ის საკითხები ახლა ტესტებში შევასრულეთ როგორც ერთქულიანი საკითხები. ამ საკითხებს რომ მოვრჩი როგორც იქნა, მერე კილომეტრიანი ამოცანა უნდა ამომეხსნა, რომლის შინაარსის გასაგებად 5-ჯერ დამჭირდა წაკითხვა. მაქვს ეჭვი, რომ პირდაპირ გუგლიდან იყო გადმოთარგმნილი. ამიტომაც იყო, რომ უმრავლესობამ ვერ მოასწრო სრულყოფილად მისი ამოხსნა".
სოსო ტუღუში, მათემატიკოსი: ზუსტად ახლა შარშანდელი და წლევანდელი ვარიანტები შევადარე სირთულის თვალსაზრისით. შარშანდელთან შედარებით, წელს საკითხების რაოდენობა გაზრდილია. 35 დავალება იყო შარშან, წელს - 41. ამოსახსნელი დრო კი ორივე შემთხვევაში - 3 საათი. ჩემი აბიტურიენტები შარშანდელი და წლევანდელი საშუალო ქულა რომ შევადარე, დაახლოებით 3 ქულით ნაკლები აქვთ აღებული, ვიდრე - შარშან...