"ჩვენ ვერ გავხდებით ერთი ასაკის... შენ სულ პატარა ფერია იქნები..." - შოვში დაღუპულ გვანცა ბუბაშვილს ახლობლები ემშვიდობებიან - მშობლები

"ჩვენ ვერ გავხდებით ერთი ასაკის... შენ სულ პატარა ფერია იქნები..." - შოვში დაღუპულ გვანცა ბუბაშვილს ახლობლები ემშვიდობებიან

2023-08-26 12:05:02+04:00

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული გვანცა ბუბაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

გვანცა ბუბაშვილი შოვში მეგობრებთან, სალომე ხეთაგურთან და ნინი კენჭაძესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გაადგილდებოდნენ, რა დროსაც მეწყერში მოჰყვნენ. სალომე ხეთაგურის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს, ხოლო ნინი კენჭაძის ცხედარს სტიქიიდან მესამე დღეს მიაგნეს.

გვანცა მოცეკვავე იყო, ანსამბლ "ელეონში" ცეკვავდა.

"საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონთან" არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "ელეონი" ღრმა მწუხარებით იუწყება "ელეონის" წევრის, გვანცა ბუბაშვილის, ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ შოვში მომხდარი მეწყერის გამო.სიტყვები უძლურია....შეიწყალე და სასუფეველსა შენსა დაამკვიდრე, უფალო, სული მხევალისა შენისა, გვანცასი", - წერს ანსამბლის წარმომადგენელი ლევან კუბლაშვილი.

ასევე ბევრი მისი მეგობარი და ახლობელი წერს სოციალურ ქსელში გვანცას შესახებ.

ქეთევან ყუფარაძე: "მეგონა.... მეგონა... მართლა მეგონა საოცრება მოხდებოდა... მართლა მეგონა ვეღარ ვიტირებდი. მართლა მეგონა სასწაული მოხდებოდა და შენ გამოჩნდებოდი... ლოგიკა დაჟინებით ამტკიცებდა, ნუ ელი, ეგ მაშინვე დამთავრდაო, მაგრამ აზრი, გონი, სული, გული, სიყვარული, გრძნობა, მონატრება, მოგონება - აი, ამდენი რამ არ ეთანხმებოდა, მაგრამ ისევ ამ "მძიმე" ლოგიკამ გვაჯობა... აქ უნდა დავხურო ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილის კარი და ჩავაბარო მოგონებას. ის შეგინახავს, ისევ პატარას, ისევ ლამაზს, ისევ თბილს და მოსიყვარულეს. ჩვენ ვერ გავხდებით ერთი ასაკის.... ვეღარ დამეწევი... შენ სულ პატარა, სიფრიფანა ფერია იქნები... ნუგეში ერთია - ჩვენ ისევ შევხვდებით, ოღონდ სხვაგან, სხვა მოცემულობაში... მხოლოდ დროებით გვაშორებს დრო... და უნდა ავიტანოთ. ახლა მხოლოდ ლოდინის დროა... ულმობელი, დაუსრულებელი და თვალებდაჭყეტილი ლოდინის დრო. შენ დარჩი რაჭაში..... შევხვდებით "იმიერ" რაჭაში, ჩემო პატარა".