რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი და რომლებში დაიწერა ყველაზე მეტი უმაღლესი ქულა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალურ ანალიზს აქვეყნებს - მშობლები

რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი და რომლებში დაიწერა ყველაზე მეტი უმაღლესი ქულა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალურ ანალიზს აქვეყნებს

2023-08-30 11:35:55+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულის მიღება ჯამში 74-მა აბიტურიენტმა მოახერხა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.56 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.44 % -მა.

ინგლისურ ენაში ჯამში მაქსიმალური 70 ქულის მიღება 648 აბიტურიენტმა შეძლო, მინიმალური ზღვარი კი 3.57%-მა ვერ გადალახა.

მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულა ჯამში 43-მა აბიტურიენტმა მიიღო. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 84.25 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.75 %-მა.

ისტორიაში მაქსიმალური 60 ქულა მხოლოდ 8 აბიტურიენტმა მიიღო. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 94.47 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.53 %-მა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, ბიოლოგიაში წელს მაქსიმალური 70 ქულა არავის მიუღია. ყველაზე მაღალი შეფასება 69 ქულა იყო და 2-მა აბიტურიენტმა შეძლო მიღება. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 85.29 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 14.71 % -მა.

ქიმიაში კი მაქსიმალური 63 ქულის მიღება 8 აბიტურიენტმა შეძლო. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 80.47 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 19.53 %-მა.

სრულად 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ წელს ყველაზე მეტმა, 22 200-მდე აბიტურიენტმა არჩევით საგანთა შორის ისტორიას მიანიჭა უპირატესობა. 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა მათემატიკას, 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა ბიოლოგიას, 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა კი ქიმიას.

ერთიან ეროვნულ გამოცდებისთვის წელს 45 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის თქმით, ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციას მომავალი სტუდენტები, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსკენ გაეცნობიან. 30 აგვისტოს 18 საათამდე კი კიდევ შეგიძლიათ, საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებები შეიტანოთ.

თამარ იაკობაშვილი