"ვფიქრობ, ეს მომავლის სფეროა... შრომისმოყვარეობისა და მონდომების შედეგად ყველაფერი გამოგივათ..." - ქართველი გოგონა, რომელიც გრაფიკული დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ხუთეულში მოხვდა - მშობლები

"ვფიქრობ, ეს მომავლის სფეროა... შრომისმოყვარეობისა და მონდომების შედეგად ყველაფერი გამოგივათ..." - ქართველი გოგონა, რომელიც გრაფიკული დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

2023-08-30 13:44:54+04:00

ქართველმა სტუდენტმა, მარიამ ბაღათურიამ ADOBE-ის გრაფიკული დიზაინის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. მარიამი საკუთარი მიღწევისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- დაახლოებით, 2 წელია, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ვსწავლობდი (IT ACADEMY STEP-ში). იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც Adobe-ის სერტიფიკატები ჰქონდათ, კონკურსი გამოცხადდა - Adobe Certified Professional World Championship. თავდაპირველად, შერჩევა რეგიონული მასშტაბით მიმდინარეობდა. მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდი, თუმცა ლექტორის რჩევით, მაინც გადავწყვიტე, მეცადა. პირველ ეტაპზე, Adobe-ის გამოცდები ჩავაბარე. შემდეგ ეტაპზე საუკეთესო ქულის მქონე 30 ადამიანი მოხვდა. გამოცდები აკადემიაში ტარდებოდა. ჰაერის დაბინძურებაზე მოგვცეს დავალება, პოსტერი უნდა შეგვესრულებინა, რისთვისაც 8 საათი გვქონდა. ჟიურიში სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი იყო. საბოლოოდ, 3 ადამიანი შეირჩა. მათგან კი ერთ-ერთი მე ვიყავი. ტურნირისთვის მზადება დავიწყეთ, დამატებითი ლექციები, დავალებები გვქონდა. კონკურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდებოდა და სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. საფინალო დავალება ლტოლვილების შესახებ 8 საათის განმავლობაში პოსტერის მომზადებას გულისხმობდა. პოსტერი დამოუკიდებლად უნდა შეგვექმნა. შემდეგ გამოფენა მოაწყვეს, მეორე დღეს კი გამარჯვებული ათეული გამოვლინდა. მე მე-4 ადგილზე გავედი. ყველა მონაწილეს ერთი და იგივე ტექსტი და ფოტო ჰქონდა, თუმცა, პოსტერი, რა თქმა უნდა, ყველამ განსხვავებულად შექმნა.

mariam-bagaturia-1693388994.jpg

- საქართველოში რას საქმიანობთ, რა მიმართულებით სწავლობთ?

- ამჟამად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვასა და აუდიტს ვსწავლობ. პარალელურად კი აიტი-აკადემიაშიც ვაგრძელებ სწავლას. გრაფიკული დიზაინის მიმართულებით სწავლას მოვრჩი, ახლა ინტერიერის დიზაინზე გადავედი და სექტემბრიდან განვაახლებ.

- როგორ ფიქრობთ, რა უნარები დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?

- ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ამხელა მასშტაბის კონკურსზე გავიდა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. ვფიქრობ, მიზანდასახულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მართლა ძალიან ვეცადეთ, რომ კარგ შედეგზე გავსულიყავით და მგონია, პირველი შემთხვევისთვის მშვენიერია.

- გაუზიარეთ თქვენი ხედვა ახალგაზრდებს, დაინტერესებულ ადამიანებს, როგორ ფიქრობთ, IT სფერო დღეს რამდენად პროგრესულია, რატომაა ამ მიმართულებით სხვადასხვა ცოდნისა და უნარის არსებობა მნიშვნელოვანი?

- ვფიქრობ, ეს მომავლის სფეროა. დღეს ტექნოლოგიები იმდენადაა განვითარებული, რომ IT მიმართულებით ცოდნა, უნარები მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. როდესაც ამერიკაში ჩავედით, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს.

- როგორია სამომავლო გეგმები, რა მიმართულებით გსურთ მუშაობისა და განვითარების გაგრძელება?

- ჯერჯერობით, ჩემი სამომავლო გეგმები კვლავ სწავლას უკავშირდება. როგორც გითხარით, ახლა ინტერიერის დიზაინზე გადავედი. კვლავ შერჩევის პროცესში ვარ, პროფესიას, ალბათ, ან გრაფიკულ დიზაინს, ან კიდევ ინტერიერის დიზაინს დავუკავშირებ.

- რა შეგიძლიათ ურჩიოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გრაფიკული დიზაინის, IT მიმართულების რომელიმე სფეროს შესწავლა სურთ, თუმცა აქამდე გამოცდილება, ცოდნა არ ჰქონიათ - რამდენად მარტივია, რა გზის გავლა დასჭირდებათ?

- როცა სწავლა დავიწყე, ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან შევისწავლე. ნელ-ნელა ტექნიკური უნარებიც გამომიმუშავდა და ხედვაც. ამიტომ, მონდომება მთავარია. ვფიქრობ, ეს გამარჯვება დასაწყისია და წინ კიდევ უფრო დიდი შედეგებია. რომ გითხრათ, რომ განსაკუთრებული კრეატიული აზროვნებით გამოვირჩეოდი, ალბათ, არა - მაგრამ, ყველაფერი პრაქტიკული მუშაობით შეიცვალა. ყველას ვურჩევ, თუ ეს მიმართულებები გაინტერესებთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ არ გამოგივათ, ან ვერ ისწავლით, აუცილებლად სცადეთ. შრომისმოყვარეობისა და მონდომების შედეგად ყველაფერი გამოგივათ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იყავით მიზანდასახულები.

თამარ იაკობაშვილი