ეს ამბავი ისეთ ოჯახზეა, რომელიც გარეგნულად იდეალურს ჰგავს, ყველა შენატრის და ბედნიერი ოჯახის მაგალითად მიიჩნევა. სამწუხაროდ, ამ ოჯახის ულამაზესი ფოტოები სასტიკ რეალობას მალავდა.
ამ დიდი ოჯახის ფოტოებზე ყოველთვის იდილია სუფევდა, მაგრამ რეალობა სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა: ფრანკების ოჯახის შვილებზე 41 წლის დედა წლების განმავლობაში ძალადობდა და აშიმშილებდა მათ. მისთვის სისასტიკე აღზრდის საუკეთესო მეთოდი იყო.
რამდენიმე წლის წინ, რუბი ფრანკემ YouTube-ზე არხი "8 მგზავრი" შექმნა. მრავალშვილიანმა დედამ ყოველდღიური ცხოვრებიდან ვლოგები გამოაქვეყნა და გამომწერებს უამბობდა, თუ როგორ უმკლავდება ექვსი შვილის აღზრდას. წლების განმავლობაში ბლოგი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და 2020 წლისთვის გამომწერთა რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა.
„8 მგზავრის“ დამფუძნებლები რუბი და კევინ ფრანკები არიან. წყვილს ექვსი შვილი ჰყავს - შარი, ჩადი, ები, ჯული, რასელი და ევა.
დიდ პოპულარობასთან ერთად, არხის მაყურებლებმა უცნაურობის შემჩნევაც დაიწყეს. ბავშვებს არაერთხელ წამოსცდათ საშინელი დეტალები. 15 წლის ვაჟმა გამოაცხადა, რომ შვიდი თვის განმავლობაში მისაღები ოთახის იატაკზე ძილს აიძულებდნენ , რადგან უმცროს ძმას ეხუმრა. მოგვიანებით ბიჭი ისევ დასაჯეს - ლობიოს ტომარაზე უნდა დაეძინა.
ბოლოს თავად რუბიც აღარ მალავდა ძალიან საშიშ დეტალებს. ერთ-ერთ ვიდეოში ოჯახის დედა ამბობს, რომ 6 წლის ევას ლანჩს არ გაატანდა სკოლაში, სანამ გოგონა მას თავად არ გაიმზადებდა. ამან პირველი ბრალდება გააჩინა, რომ ქალი ბავშვს აშიმშილებდა.
ფრანკები ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებდნენ, მაგრამ აუდიტორიის ნდობა ვეღარ დაიბრუნეს. ვიდეოები სულ უფრო და უფრო იშვიათად ვრცელდებოდა, შემდეგ კი YouTube-ის ადმინისტრაციამ დაბლოკა არხი მომხმარებლის მრავალრიცხოვანი ჩივილების გამო.
იდეალური სურათი საბოლოოდ ჩამოინგრა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ფრანკეს 12 წლის ვაჟი ფანჯრიდან გადახტა და მეზობელთან გაიქცა საჭმელის სათხოვნელად. ბიჭი შეშინებული და გამოფიტული გამოჩნდა, ხელ-ფეხი კი შეხვეული ჰქონდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მოზარდის სხეულზე სერიოზული ჭრილობები და არასრულფასოვანი კვების სიმპტომები აღმოაჩინეს. ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს.
როდესაც პოლიცია სახლში შევიდა, ბლოგერის 10 წლის ქალიშვილი დახვდათ - ისიც კვების უკმარისობის მსხვერპლი იყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორიოდე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კლინიკებში ოთხი ბავშვი იყო მოთავსებული.
1-ელ სექტემბერს, იუტას შტატის პროკურორმა ოფიციალურად წაუყენა ქალს ბრალი ორი ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ ძალადობაში. თითოეული პუნქტი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და 10000 დოლარამდე ჯარიმით ისჯება.
მედია იუწყება, რომ ფრანკეს უფროსი ქალიშვილი უკვე გამოეხმაურა დედის დაკავებას. მან განაცხადა, რომ "სამართლიანობა მიღწეულია" და რომ ის და მისი და-ძმები "წლებია ამის თქმას ცდილობენ".
„ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით პოლიცისთვის და სხვა სამსახურებისთვის სიმართლე გვეთქვა. ახლა ძალიან გვიხარია, რომ მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს ზომების მიღება“, - განაცხადა ფრანკების უფროსმა ქალიშვილმა.
ბრალდებული კომენტარზე უარს ამბობს. მან უკვე მოითხოვა ადვოკატთან გასაუბრება.