თემურ გაჩეჩილაძე ფიზიკოსია. მრავალი წლის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა, ახლა კი ოლიმპიადებისა და ტურნირებისთვის მოსამზადებელ აქტივობებს კურირებს, მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო მასშტაბით წარმატებას მიაღწიონ, უფრო მეტი შეისწავლონ და ამ საგნის პრაქტიკული საჭიროება დაინახონ. ის თავისი არჩევანის, ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და მთავარი გამოწვევების შესახებ გვიყვება:
- სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პროგრამის დასრულებისას, მუშაობა უნივერსიტეტშივე, ლაბორატორიაში დავიწყე, რაც 11 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ ვიფიქრე, რომ კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემი მუშაობის შედეგი მალევე დამენახა. მსგავსი ადგილი, სადაც ამას შევძლებდი, სწორედ სკოლა იქნებოდა. თავდაპირველად, მე-5 სკოლაში ვმუშაობდი, შემდეგ ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში გადავედი. ვიყავი ფიზიკის მასწავლებელიც და დირექტორის მოადგილეც. 1986 წლიდან დღემდე ვეკუას სკოლაში ვმუშაობ და ამ პერიოდის განმავლობაში, უამრავი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. 2008 წლიდან ფიზიკის მასწავლებელი აღარ ვარ. სხვადასხვა ოლიმპიადასა და ტურნირში მოსამზადებელ აქტივობებზე მთლიანად გადავერთე. საოლიმპიადო წრეებსა და ტურნირებს კურირებას ვუწევ.
- ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლე იმ ამოცანისა თუ აქტივობის თანამონაწილე გახდეს, რომელიც ამ საგნის ფარგლებში ძალიან ბევრი გვაქვს. მან პრაქტიკული საჭიროება უნდა დაინახოს. უნდა გაიაზროს, რომ რაღაც დაზეპირებულ ფრაზებს, გაუგებარ ფორმულებს კი არ უკითხავენ, არამედ ამას კვლევითი მიმართულება აქვს, თავადაა ამ პროცესის მონაწილე, ირგვლივ რაც ხდება, სწორედ იმ ამოცანების, წესებისა და ფორმულების მიხედვით იმართება. გარკვეულ დასკვნებამდე თავად უნდა მივიდეს და დაინახოს, რომ ფიზიკა ყოველდღიურობის ნაწილია. ამ გზით, ინტერესიც გაიზრდება და სწავლის მოტივაციაც. ძალიან გამიმართლა იმ კუთხით, რომ ყოველთვის ისეთ გარემოში ვტრიალებდი, სადაც მოსწავლეები თავად იჩენდნენ დიდ დაინტერესებას, ინიციატივასა და სურვილს, რომ კიდევ უფრო მეტი შეგვესწავლა, განსხვავებული გზები გვეპოვა და პრობლემები გადაგვეჭრა.
- ციფრული ტექნოლოგიების განვითარება სწავლის პროცესს ძალიან ამარტივებს. რამდენიმე ათეული წლის წინ ლაბორატორიაში სხვადასხვა საჭირო ხელსაწყო გვქონდა, თუმცა ნაკლებად ავტომატიზებული. ვცდილობდით, პრაქტიკული მეცადინეობისათვის დიდი დრო დაგვეთმო და სწავლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით არ დასრულებულიყო. გარდა ამისა, მოსწავლეებთან ერთად ვუყურებდით სასწავლო ფილმებს და მერე განვიხილავდით. ახლა გაცილებით მეტი საშუალებაა - ვირტუალური ლაბორატორიები, უამრავი ვიდეოგაკვეთილი, ექსპერიმენტი, ახსნა, შემეცნებითი აქტივობა არსებობს, რომლებსაც შეუძლია მოსწავლეებს სწავლის ინტერესი გაუზარდოს.
- ვფიქრობ, ამას კომპლექსური მიზეზი აქვს და ბევრ სხვადასხვა საკითხს აერთიანებს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი შესაძლოა მასწავლებლებშიც ვეძებოთ. ასაკობრივი სხვაობა სპეციალისტსა და მოსწავლეს შორის ძალიან გაიზარდა. ზოგი მასწავლებელი ვეღარ ახერხებს, თანამედროვე ხედვებსა და მიდგომებს მოერგოს, თანამედროვე მოსწავლის ინტერესები გაითვალისწინოს, არსებული რესურსები გამოიყენოს. ძალიან ძნელია, მოსწავლე მხოლოდ თეორიული წინადადებებით დავაინტერესოთ, თუ მას პრაქტიკულად არ ვაჩვენებთ, რისთვისაა და რაში გამოიყენება ის, რაზეც ვსაუბრობთ. მასწავლებელთა ახალგაზრდა თაობა მოდის, თუმცა ნაკლებად. ბევრ კურსდამთავრებულს საერთოდ არ სურს, მასწავლებელი გახდეს. მაგრამ, მაგალითად, ვეკუას სკოლაში წრეობრივ მუშაობაში, ოლიმპიადებისა და ტურნირებისთვის მოსამზადებელ აქტივობებში ჩვენი კურსდამთავრებულები აქტიურად არიან ჩართულნი და ეს კარგი შესაძლებლობაა მათთვის მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და პედაგოგიური ცოდნაც აიმაღლონ. ვფიქრობ, დღეს სკოლებში მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოსწავლისა და მასწავლებლის ინტერესები ერთმანეთს სცდება.
- სხვადასხვა მასწავლებლის ხელში ერთი და იგივე სახელმძღვანელო შესაძლოა, აბსოლუტურად განსხვავებულად იყოს წარმოჩენილი. ძალიან ხშირად პრობლემას გარეთ ვეძებთ და არა საკუთარ თავში. არის მცდელობა, რომ სახელმძღვანელოები ამ თაობას მოერგოს, თუმცა აღნიშნულ სახელმძღვანელოებსაც ადგენენ ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკას განსხვავებულ ეპოქაში, სრულიად სხვანაირი მიდგომების პირობებში ასწავლიდნენ. მგონია, ეს დროებითი მოვლენაა. ნელ-ნელა დამოკიდებულებები შეიცვლება და ალბათ, უკეთესი შედეგიც გვექნება.
- ფიზიკა მოსწავლეს ანალიზის უნარსა და ლოგიკურ მსჯელობას უვითარებს. ფიზიკით დაკავებული ტვინი ისე ფუნქციონირებს, რომ ნებისმიერ სფეროს მოერგება. ფიზიკა არის მეცნიერება ბუნების შესახებ. იგი მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებებს ძალიან კარგად წარმოაჩენს. თუ ადამიანს ესმის, რა ფაქტს, რა მოჰყვება და რისგან რა შედეგი უნდა მიიღოს, საქმიანობას სწორად დაგეგმავს. ფიზიკის ამოცანების ამოხსნისას მოსწავლე სწორედ ამ პროცესს გადის. ხედავს პრობლემას, ეძებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ფიქრობს გადაჭრის გზებს და ირჩევს სწორ ვარიანტს. ეს არის უნარები, რომლებიც ადამიანებს მთელი ცხოვრება გამოადგებათ.
- პირველ რიგში, ჩაჭრილთა სტატისტიკის პარალელურად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფიზიკის გამოცდას ძალიან ცოტა აბიტურიენტი აბარებდა. მიზეზი კი სწორედ იმას უკავშირდება, რითაც ჩვენი საუბარი დავიწყეთ - ფიზიკა დღეს სკოლებში არ ისწავლება მაღალ დონეზე, მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაციაც შესაბამისად დაბალია და ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც არადამაკმაყოფილებელი შედეგები გვაქვს. ფიზიკის შესწავლა მხოლოდ თეორიულად, დაზეპირებული წესებისა და ფორმულების ხარჯზე, შეუძლებელია. ვფიქრობ, საატესტატო გამოცდები, ამ კუთხით, კარგ საქმეს აკეთებდა. ყველა საგანში იყო გამოცდა და მოსწავლეებმაც იცოდნენ, რომ ჩაბარება მოუწევდათ. ამიტომ, უფრო დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ სხვადასხვა საგნის შესწავლას, მათ შორის კი, ფიზიკისაც.
- უკვე მრავალი წელია, სხვადასხვა ოლიმპიადასა და ტურნირში აქტიურად ვერთვებით და საბედნიეროდ, საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს. ერთ-ერთ ბოლო წარმატებას გაგიზიარებთ - ახლახან ალმა-ატაში ახალგაზრდა ნატურალისტთა რიგით მე-14 საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მსოფლიოს 9 ქვეყნის 19 გუნდი მონაწილეობდა. ვიდრე აღნიშნულ ტურნირზე გავემგზავრებოდით, ქვეყნის ნაკრები ჩამოყალიბების მიზნით პირველ ეტაპზე სასკოლო ტურნირები, შემდეგ კი ეროვნული ტურნირი ჩატარდა, სადაც 7 სკოლა მონაწილეობდა და ვეკუას სკოლა გამარჯვებული გახდა. ჩატარდა ინგლისური ტურიც, რადგანაც საერთაშორისო ტურნირზე კომუნიკაციის ენა ინგლისურია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე კარგად ფლობდეს ამ ენას. მეორე ტურშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს და შედეგად, ალმა-ატაში გავემგზავრეთ. ნატურალისტთა ტურნირი ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის, ამავდროულად, მათემატიკისა და ინფორმატიკის გარკვეულ ცოდნას აერთიანებს. ტურნირიდან ოქროს მედლებით დავბრუნდით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსწავლეები, სხვებთან შედარებით, ერთი თავით მაღლა იდგნენ. ეს გამარჯვება მეხუთეა. ნატურალისტთა ტურნირების მსოფლიო რეიტინგში ლიდერები ვართ და მოპოვებული მედლების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილს ვიკავებთ. ზოგადად, მსგავს აქტივობებში ჩართულ მოსწავლეს უყალიბდება თეორიული ცოდნის ექსპერიმენტულ კვლევის შედეგებთან დაკავშირების უნარ - ჩვევები, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი სპეციალობისა, თუ საქმიანობის სფეროსთვის. გარდა ამისა, ჩართულები ვართ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ოლიმპიადებში, ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირებში, STEM კონფერენციებსა და შეჯიბრებებში, სადაც, მოსწავლეები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ.
- ფიზიკა მუდმივ კვლევასა და ახლის აღმოჩენას უკავშირდება. მოძებნეთ თქვენი ინტერესები. თუნდაც, You-Tube-ზე ძალიან ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი, ლექცია და განხილვაა. თუ გსურთ, რომ თანამედროვე, ძალიან საინტერესო პროცესებში, ტექნიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების განვითარებაში ჩაერთოთ, ფიზიკის შესწავლისას მიღებული ჩვევები, ნებისმიერ სფეროში წარმატებულ მოღვაწეობაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
თამარ იაკობაშვილი