დედები ძალიან ხშირად ადანაშაულებენ საკუთარ თავს, რომ რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ თავიანთი შვილებისათვის და ეს განცდა დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვებათ. ფსიქოლოგები საუბრობენ, რისი ეშინია დედების უმეტესობას და რატომ თვლიან, რომ დედობა ცუდად გამოსდით:
ხშირად ქალებს უამრავი სტერეოტიპისა და გამყარებული წარმოდგენის პირობებში უწევთ ცხოვრება. ერთ-ერთი ასეთი კი არის აზრი, რომ დედამ მთელი დრო მხოლოდ პატარასთან უნდა გაატაროს, არასდროს არაფერი გამორჩეს და სულ მის გვერდით იყოს. რა თქმა უნდა, ახალშობილს განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება და დედა მისთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანია, მაგრამ ქალებს ხშირად ასეთ დროს საკუთარი თავი საერთოდ ავიწყდებათ. თუკი თავის მოწესრიგებაზე, საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებზე იფიქრებენ, თავს დამნაშავედ გრძნობენ და ჰგონიათ, რომ ცუდი მშობლები არიან. სინამდვილეში, ძალიან კარგია, თუ თუ ქალი მოახერხებს და საკუთარ განვითარებაზე იფიქრებს, დროს გამონახავს მეგობრებისთვის, განტვირთვისთვის. ბავშვს რეალიზებული და ბედნიერი დედა სჭირდება.
ბავშვები ხშირად ავადობენ. შესაძლოა, სხვადასხვა სეზონური ვირუსი და ინფექცია შეხვდეთ და ამაში არაბუნებრივი არაფერია. რაც არ უნდა ფრთხილად იყოს დედას, იგი ყოვლისშემძლე არაა და არ შეუძლია, საკუთარ შვილს, აბსოლუტურად ყველა დაბრკოლება აარიდოს თავიდან. ამიტომაც, თუ ბავშვი ავად გახდა, არ ნიშნავს, რომ ცუდი დედა ხართ, ან მას სათანადოდ ვერ უვლით. მიმართეთ კომპეტენტურ ექიმს და შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეთ.
ის იდეა, რომ დედა შვილის ცხოვრებაში ყველაფერზეა პასუხისმგებელი, საზიანოა. მსოფლიოში ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ - რობოტი არ ხართ, ცოცხალი ადამიანი ხართ. მშობლებს დანაკლისის შეგრძნება ძალიან ხშირად აქვთ. ფიქრობენ, რომ ის, რასაც შვილებს უკეთებენ, არაა საკმარისი. მაგრამ, შესაძლებლობები და რესურსებიც შეზღუდულია. ყოველთვის ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. თუ ბავშვს გარკვეული სირთულეები აქვს, შეეცადეთ, პრობლემასთან გამკლავების გზები აჩვენოთ და ყველაფერი თავად არ მოუგვაროთ.
მშობლების აგრესია ბავშვებს დიდ ტრავმას უტოვებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერზე უნდა მისცეთ შენიშვნა. რა თქმა უნდა, შეცდომის მისახვედრად საუკეთესო საშუალებაა, რომ მიუთითოთ, რა გააკეთა არასწორად და ისაუბროთ ამაზე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გარკვეული ვალდებულებები აქვს და მისი შესრულება მოუწევს. მას დიდი სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდება. მშობელთა მხრიდან მზურნველობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა ეს უპირობო თავისუფლებას არ ნიშნავს. სხვა საკითხია, როცა დედას შვილისთვის ყვირილისა და აგრესიის გამოვლენის სურვილი უჩნდება და შემდეგ ამის გამო ძალიან ნერვიულობს. ასეთ შემთხვევაში, ფსიქოლოგები გირჩევენ:
ისაუბრეთ თქვენი გრძნობების შესახებ - თქვით, რომ გეტკინათ, დაიღალეთ და ასე შემდეგ.
უთხარით თქვენს შვილს, რასაც გრძნობთ, როცა ცუდად იქცევა. ნუ ეტყვით, რომ "საშინელი ადამიანია", უთხარით, რომ მისი ქცევა არ მოგეწონათ.
თუ ბავშვს უყვირეთ, აგრესია გამოავლინეთ, გამოხატეთ წუხილი და უთხარით: "ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც ჩვენ შორის მოხდა."
თანაგრძნობა გამოხატეთ შვილის მიმართ და როდესაც შეცდომაზე ესაუბრებით, კონტაქტი აღადგინეთ, ნუ დარჩებით ნაწყენი. მაგალითად, მიმართეთ შემდეგი ფრაზით: "მოდი, შევრიგდეთ. მე შენ ძალიან მიყვარხარ."
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქალები თავს დამნაშავედ გრძნობენ - რა თქმა უნდა, დედა ბავშვის ცხოვრებაში განსაკუთრებით ახლობელი ადამიანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ განვითარებაზე უარი უნდა თქვათ. მაშინაც კი, თუ სამსახურში ხართ, დაურეკეთ თქვენს შვილს, შეეკითხეთ, როგორ მიდის მისი დღე. საღამოს ისაუბრეთ, რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში, გაცვალეთ ემოციები, ითამაშეთ და ასე შეძლებთ, მასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოთ.
თუ საღამოს ისეთი დაღლილი იქნებით, რომ ლაპარაკის თავი არ გექნებათ, ამის გამოც ნუ გაკიცხავთ თქვენს თავს. ცოცხალი ადამიანი ხართ და იღლებით!
ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ურთიერთობა ინდივიდუალურია. თქვენი შვილი არ იბადება იმისათვის, რომ შუამავლის როლი ითამაშოს. ბავშვი ბედნიერია, როცა ბედნიერ მშობლებს უყურებს. ამიტომ, თუკი მეუღლესთან ურთიერთობას ვეღარ ახერხებთ, გამუდმებით ჩხუბობთ, ეს მის ფსიქიკაზე წარუშლელ კვალს ტოვებს.