რა უნდა იცოდეს ახალგაზრდამ, თუ მართვის მოწმობის აღებას 18 წლამდე გადაწყვეტს - მას შეზღუდვები უწესდება - მშობლები

რა უნდა იცოდეს ახალგაზრდამ, თუ მართვის მოწმობის აღებას 18 წლამდე გადაწყვეტს - მას შეზღუდვები უწესდება

2023-09-05 12:37:50+04:00

საქართველოში ყველაზე მცირე ასაკი, რა დროსაც შესაძლოა, მოზარდს მართვის მოწმობა მისცენ, 16 წელია. 16 წლის ახალგაზრდაზე მხოლოდ "AM" და "B1" კატეგორია გაიცემა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ასაკის ადამიანებს შეუძლიათ მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის, ასევე მოტორიზებული ტრიციკლისა და კვადროციკლის მართვის უფლებისთვის სპეციალური მოწმობა აიღონ.

17 წლიდან კი "A1", "B" და "T" კატეგორია გაიცემა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 17 წლიდან ახალგაზრდას უფლება აქვს მართოს შემდეგი საშუალებები: მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი); ავტომობილი და სასოფლო-სამეურნეო, სამელოირაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;

აღსანიშნავია, რომ იმ ახალგაზრდას, რომელიც 17 წლის ასაკში ავტომობილის მართვის უფლებას მოიპოვებს, 18 წლამდე არ აქვს უფლება:

  • მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;
  • შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა;

აქვე, აღსანიშნავია, რომ კატეგორია "T" სასოფლო-სამეურნეო, სამელოირაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილ თვლიან ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანას, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებას, გადაბმული მისაბმელთან ერთად გულისხმობს.

მოპედის და მსუბუქი კვადროციკლის მართვის უფლების მისაღებად, მოზარდმა თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად უნდა წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
  • დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.
  • AM კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად ვიზიტის დაჯავშნა სავალდებულო არ არის.
  • AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად ბარდება მხოლოდ თეორიული გამოცდა.
  • თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასურია 15 ლარი; მეორე გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.

მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად 17 წლის პირმა საჭიროა წარმოადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
  • საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა;
  • სმს შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნის შესახებ;
  • მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.

17 წლის პირის თეორიულ გამოცდაზე პირველადი დაშვების საფასური: 15 ლარი, მეორე გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.

ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღებად კი მსურველებს, თეორიულ გამოცდასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაც მოუწევთ:

მძღოლობის კანდიდატს, უფლება აქვს გავიდეს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

გამოცდის დაწყებამდე B კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველს ენიჭება 100 ქულა. პრაქტიკული გამოცდა ჩაბარებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ კანდიდატი არ დააგროვებს 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას.

"B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდის პირველ ეტაპზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პარალელური პარკირება;
  • ზიგზაგი;
  • შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი(მოძრაობის მიმართულების შეცვლა):
  • უკუსვლით პარკირება“ (ბოქსში ავტომობილის უკუსვლით დაყენება);
  • რვიანი;
  • აღმართიანი უბანი“ („აღმართი“);

პრაქტიკულ გამოცდაზე 7 დღეში ერთხელ გასვლა უფასოა, ხოლო ფასიანი გასვლის საფასურია 30 ლარი.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი გულისხმობს:

მძღოლობის კანდიდატს, უფლება აქვს გავიდეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე - პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს:

  • დაუსახლებელ პუნქტებში;
  • ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;
  • დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.

ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

  1. მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება.
  2. პრაქტიკულ გამოცდაზე 30 დღეში ერთხელ გასვლის საფასური არის 90 ლარი, ხოლო ფასიანი გასვლისას ემატება 160 ლარი.

უფრო ვრცლად, მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ, მომსახურების სააგენტოს გვერდზე იხილოთ:

თამარ იაკობაშვილი