"ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები..." - იოსელიანების თავსაფრიანი რძალი "ოტიას ეზოდან" - მშობლები

"ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები..." - იოსელიანების თავსაფრიანი რძალი "ოტიას ეზოდან"

2023-09-06 11:53:33+04:00

ნუცა ცისკარიშვილის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. ისეთ ზღაპარს, რომელზეც ხშირად გოგონები ბავშვობაში ოცნებობენ. მეორე კურსზე იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ თავისუფლება თავზე წაკრული მანდილით გამოეხატა, თავიდან ყველას დროებითი გატაცება ეგონა, ოჯახი კი ხალხის არც თუ ისე სასიამოვნო კომენტარებზე ნერვიულობდა. გოგონას ეუბნებოდნენ, რომ ამ იმიჯით დაოჯახება გაუჭირდებოდა. მას შემდეგ წლები გავიდა და გოგონა მანდილით, ცნობილი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის, უმცროსი ოტიას მეუღლეა.

წყვილი ჯერ კიდევ წლების წინ დასახლდა წყალტუბოში, მწერლის კარ-მიდამოში და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. თავიდან ნუცა საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გვერდით "ოტიას ეზოთი“ გაიცნო, საიდანაც მუდამ მომღიმარი მანდილიანი გოგონა გამომწერებს საინტერესო ამბებს უზიარებდა.

მალე მიხვდა, რომ პირადი სივრცეც აუცილებელი იყო და ახალი გვერდი "ნუცას დღიური“ გააკეთა, სადაც უკვე ასი ათასზე მეტი "მეგზური“ ჰყავს. ასე ეძახის ნუცა თავის გამომწერებს, რომელთაც ბოლო ორი თვეა შეცვლილ როლსა და ცხოვრებაზე უყვება. ოტიას და ნუცას ოთხი წლის შემდეგ ნანატრი შვილი, დაჩი იოსელიანი შეეძინათ...

- ნუცა, ოთხწლიანი მოლოდინის შემდეგ, ორი თვის წინ ნანატრი შვილის დედა გახდით...

- მადლიერების განცდა მაქვს სამყაროს მიმართ. ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო ყოველდღიური ბრძოლა. თან პანდემიის პერიოდი დაემთხვა, არავის ეცალა ანალიზებისთვის, კლინიკები დაკეტილი იყო. ბევრს ვცდილობდით, იყო ფსიქოლოგიური პრობლემებიც, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები.

ამ გადმოსახედიდან ყველა ქალს ვეტყვი, ვინც ამ გზას გადის, რომ მთავარია არ დანებდნენ ოდესღაც ეს ყველაფერი ცუდ სიზმრად გაახსენდებათ. მე და ოტიამ თუ სადმე მადლიანი ადგილი ვიცოდით, ვცდილობდით წავსულიყავით და მოგველოცა, პარალელურად, რა თქმა უნდა, ვმკურნალობდით.

- დაჩის დაბადების შემდეგ როგორია ახლა თქვენი ყოველდღიურობა?

- არასოდეს ვწუწუნებ, ვცდილობ, ნებისმიერი მდგომარეობა ღირსეულად მივიღო. როდესაც გააზრებული გაქვს, რომ ძილი გაგიტყდება, დილას ადრე ადგომა მოგიწევს, ამ ყველაფერს თუ მომზადებული შეხვდები, შოკშიც აღარ ხარ.

დაჩი ძალიან პატარა იყო, პირველად მარტო რომ დავტოვე. საერთოდ, მთავარი პრობლემა ამ დროს დედის ფსიქოლოგიაა, გგონია, რომ შენს გარეშე შვილს რამე დაუშავდება, ისე ვერ აჭმევენ, ვერ მიხედავენ, არადა, ძალიან კარგადაც მიხედავენ. მეხმარება ყველა - დედამთილი, მამამთილი, ჩემი დები, დედა... სამშობიარო დეპრესია არ მქონია. ერთადერთი სირთულე ლაქტაცია იყო, ორი კვირა ძალიან გამიჭირდა... ოტიაც ძალიან ჩართულია, დაჩიც ძალიან კარგად გრძნობს მამასთან თავს.

- ნუცა, წლებია რაც წყალტუბოში ცხოვრობთ, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, თქვენთან ერთად ცხოვრობენ მეუღლის მშობლებიც?

- დიახ, ოთხი წელია რაც აქეთ ვართ, ჩემი დედამთილ-მამამთილიც აქ ცხოვრობენ, ერთ დიდ ოჯახად ვართ. ჩემი მამამთილი ძალიან კარგად აძინებს პატარა დაჩის, მშვენიერი ძიძაა (იღიმის).

- ცნობილი ბლოგერი ხართ, ათასობით გამომწერით, ვინ გეხმარებათ ვიდეოების მომზადებაში, გვერდების მართვაში თუ დამოუკიდებლად ართმევთ თავს?

- გამიხარდებოდა გუნდი რომ მყავდეს, ბევრად უკეთესად გავაკეთებდი ამ ყველაფერს, მაგრამ რაც გამომდის, იმითაც კმაყოფილი ვარ. ახლა ჩემი დები მეხმარებიან, გვერდზე შემოსულ წერილებს პასუხს სცემენ, დღეში 300-500 წერილამდე მომდის. ჩემი უმცროსი და მეხმარება ხოლმე პერიოდულად ვიდეოების მონტაჟში. თან ეს არ არის ჩემი ძირითადი საქმიანობა, მაქვს ხოლმე პერიოდები, როდესაც დიდი ხნით ვიკარგები, მაგრამ ამას ყოველთვის ადამიანური მიზეზი აქვს და ჩემი მეგზურებიც არ მტოვებენ ხოლმე.

- მეუღლე არ არის თქვენნაირად აქტიური, თუ გაძლევთ ხოლმე შენიშვნებს ან რომელიმე ვიდეოს წაშლა თუ მოუთხოვია?

- ოტია აქტიური კი არა, წინააღმდეგია, მაგრამ არასოდეს ჩარეულა ჩემს საქმიანობაში. საერთოდ არ უნდა ჩვენი ცხოვრების გასაჯაროება, ამის მომხრე არც მე ვარ. თუ დააკვირდებით ჩემს ვიდეოებს, არ ვდებ ყოველდღიურად რას ვჭამ, რას ვსვამ, უფრო საქმიანობაზე ვაკეთებ აქცენტს. "ნუცას დღიურში“ ძირითადად ჩემს თავზე ვლაპარაკობ. ორსულად რომ ვიყავი, შვიდ თვემდე არ ვასაჯაროებდი, სულ მთხოვს ხოლმე ოტია, რომ დაჩიც აქტიურად არ ჩანდეს. არ მინდა, ჩემი შვილი სარეკლამო ბანერივით იყოს. დღეს, სამწუხაროდ, მშობლები ხშირად იყენებენ ამისთვის შვილებს და არ მინდა, მეც იგივე დამემართოს. თუმცა დრომ მოიტანა და ამას შეგნებულად არ აკეთებენ. იცით, არ მინდა რომ ჩემი შვილი, ბლოგერი ან ინფლუენსერი იყოს, თუმცა რომ გაიზრდება, უკვე მისი გადასაწყვეტია, უნდა თუ არა ასეთი ცხოვრება. განაგრძეთ კითხვა