ცნობილი ფსიქოლოგი დავით ანდღულაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა დაწერეს სოციალურ ქსელში. ის დიდხანს იბრძოდა გამოსაჯანმრთელებლად, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, თუმცა უშედეგოდ...
2020 წელს, პანდემიის დროს, კომენდანტის საათის დამთავრებიდან მალევე ველოსიპედისტს მანქანა დაეჯახა და ეს „ველოსიპედისტი“ ბევრის დამხმარე, მხსნელი და იმედი, ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე თუ იყო. გარკვეული ხნის შემდეგ ის გამოვიდა მდგომარეობიდან და ნელ-ნელა გამოჯანმრთელებისკენ მიდიოდა, თუმცა მუდმივად ქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. პერიოდულად სოციალურ ქსელშიც წერდა ამის შესახებ:
"ისევ ინფექცია, ისევ სისუსტე და ძილიანობა. გუშინ ისევ დავიწყე ანტიბიოტიკების თოთხმეტდღიანი კურსი, რისთვისაც ისევ ჩამიდგეს ცენტრი (ცენტრალური ვენის კათეტერი). ვიბრძვი, როგორც შემიძლია და ამის ძალები, თქვენი წყალობით, ჯერ კიდევ მაქვს. თუმცა ..." - წერდა ჯერ კიდევ ივლისში.
ეს კი მისი ბოლო პოსტია სოციალურ ქსელში, 23 აგვისტოთი დათარიღებული:
"მოგესალმებით მეგობრებო,ვწერ სოფოს დახმარებით. ორ კვირაზე მეტია კლინიკაში ვარ, რეანიმაციაში, ანემიის და დაბალი წნევების გამო. გამიკეთეს კუჭის ოპერაციაც, რასაც გარკვეული გართულება მოჰყვა. იმედი მაქვს, მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, დათო".
სამძიმარს წერენ მისი მეგობრები და პაციენტები.
"წლების წინ ამ ადამიანმა გადამარჩინა… სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რამდენი ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანის იმედი გამხდარა ნეტა იცოდეთ. ყველა პაციენტის მეგობარი ხდებოდა იმ წამიდანვე, როცა გაესაუბრებოდი… სული გამეყინა, როგორი იმედი გვქონდა ყველას რომ შეძლებდით ამდენი წლის შემდეგ… მშვიდად განისვენეთ ცათა სასუფეველში... სიტყვები არ მყოფნის, გული ისე მეტკინა".
"როგორ მახსოვს პანიკური შეტევის დროს შუა ღამე გირეკავდით.. სოფომ მიპასუხა დათო ავარიაში მოყვა და კომაშიაო... მის მერე დიდი დრო გავიდა და დღემდე იმას ვფიქრობდი როგორც კი დაბრუნდება მასთან უნდა მივიდე-თქო... მშვიდად განისვენე ძალიან მაგარო ადამიანო"...
mshoblebi.ge-ს რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი ადამიანის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს და მეგობრებს.