რომელ ასაკამდეა მამაკაცი რეპროდუქციულად ჯანმრთელი და როდემდე ინარჩუნებს შვილის ყოლის უნარს - ცნობილი ურლოგის რჩევები - მშობლები

რომელ ასაკამდეა მამაკაცი რეპროდუქციულად ჯანმრთელი და როდემდე ინარჩუნებს შვილის ყოლის უნარს - ცნობილი ურლოგის რჩევები

2023-09-11 13:41:54+04:00

ცნობილი უროლოგი საქართველოს უროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლ. მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი არჩილ ჩხოტუა , ყველაზე გავრცელებულ უროლოგიურ პრობლემებზე საუბრობს და განმარტავს, რა კავშირშია უშვილობა უროლოგიურ პრობლემთან.

- ხშირი შარდვა და შარდვის დროს წვა - ეს ორი ჩივილი აქვს თითქმის ყველა პაციენტს. შემდეგ მოდის: ტკივილი, მღვრიე ან სისხლიანი შარდი, ღამით შარდვა და ა.შ. ხშირად პაციენტებს უჭირთ ჩივილების გადმოცემა და გვიხდება ანამნეზის დაკითხვის სტილში, პროკურორისა და გამომძიებლის მსგავსად შეკრება, რათა გავერკვე რა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

- ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ, პაციენტთან ურთიერთობისას?

- უპასუხისმგებლობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. როცა ადამიანი ვერ ან არ იზიარებს პასუხისმგებლობას საკუთარ სიცოცხლეზე, მას ყველაზე მცოდნე ექიმიც ვერ დაეხმარება! როცა პაციენტი მწეველია და ექიმის რჩევაზე დაანებოს თამბაქოს თავი პასუხობს, რა ვქნა, ვერ ვანებებო; ან აქვს ჭარბი წონა და მოთხოვნაზე დაიკლოს წონა, პასუხობს, არაფერს ვჭამ და მაინც ვსუქდებიო, ეს არათუ ძალიან გამაღიზიანებელია, მკურნალობის ცუდი შედეგების წინასწარმეტყველიცაა...

საშარდე სისტემის ორგანოების დაავადებები ორივე სქესის ადამიანებს აწუხებთ. თუ საერთო სტატისტიკით ვიმსჯელებთ, ყველაზე ხშირი საშარდე გზების ინფექციები, ონკოლოგიური და შარდ-კენჭოვანი დაავადებებია.

- არსებობს კავშირი უროლოგიასა და უშვილობას შორის?

- დიახ, ზოგიერთი უროლოგიური დაავადება იწვევს უშვილობას როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ამ პრობლემას თანამედროვე მედიცინა განიხილავს, როგორც რამდენიმე მიზეზით განპირობებულს, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით უნდა იყოს მართული და ამ ჯგუფში უროლოგებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ... თანამედროვე მედიცინაში ტერმინი "იმპოტენტი" აღარ გამოიყენება. საზოგადოების განათლება ამ საკითხში ზედაპირულია და ხშირად ამ იარლიყის მიწებება ხდება. მამაკაცის სქესობრივი ფუნქცია ურთულესი ფენომენია, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა ფუნქციის ერთობლიობაა. ესენია: სქესობრივი ლტოლვა; ერექცია; ორგაზმი და ეაკულაცია... თითოეული ამ მექანიზმის უშეცდომოდ ფუნქციონირებაა აუცილებელი ნორმალური სქესობრივი ფუნქციის რეალიზებისთვის. თითოეული მათგანი რეგულირდება ურთულესი და დღემდე ბოლომდე ამოუცნობი ფიზიოლოგიური მექანიზმებით, რომელშიც მრავალი ორგანო მონაწილეობს, დაწყებული ტვინით და დამთავრებული სასქესო ორგანოებით.

- რა ასაკამდე არის მამაკაცი რეპროდუქციულად ჯანმრთელი?

- ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები რეპროდუქციულ ფუნქციას ბევრად გვიან ასაკამდე ინარჩუნებენ. ამასაც თავისი ფიზიოლოგიური მექანიზმები აქვს. ცნობილია არაერთი შემთხვევა მამაკაცის ფერტილობის ფუნქციის რეალიზებისა მე-7 და მე-8 ათწლეულშიც კი. რა არის ამისთვის საჭირო? ისევ და ისევ ჯანმრთელი ცხოვრების წესი, იმ ფაქტორების გამორიცხვა, რომლებიც აზიანებენ ამ ფუნქციას: თამბაქო, ჭარბი ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ჭარბი წონა, თანმხლები დაავადებები (დიაბეტი, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლებისა და სხვა დაავადებები). ამასთან, უმნიშვნელოვანესია მემკვიდრეობითი, ანუ გენეტიკური ფაქტორი.

იხილეთ სრულად