11 წლის ქეთი საბაძე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ფესტივალ-კონკურსების შემდეგ 2023 წლის აპრილის დასაწყისში სომხეთის ქალაქ ეჩმიაძინში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე წარდგა, სადაც თავისი შესაძლებლობები შესანიშნავად წარადგინა და სომხეთის ტელევიზიიდან მიიღო მიწვევა. სომხეთში ის ხელმძღვანელთან, კომპოზიტორ და აკადემიკოს ნიკოლოზ თითირაშვილთან და პედაგოგ მარიამ სიფირაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
2023 წლის ივნისის დასაწყისში ბათუმის XIII საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე "გოლდ სტარი" "გრან-პრი" დაიმსახურა.
2023 წლის აგვისტოს ბოლოს კი ლიტვის XXIII მსოფლიოს ახალგაზრდათა საერთაშორისო ვოკალისტთა კონკურსზე "კაუნას ტალანტი”, ამჟამინდელი - " ვარსკვლავების სონატა” მიიღო მოწვევა, რომელიც 3 კატეგორიად იყო დაყოფილი: მინი 7-12 წ, იუნორები – 13-16 წ და უფროსები 16 წლის ზევით. I და II ტური ქულების პირდაპირი ჩვენებით ტარდებოდა. ჟიურიში ევროპის კომპეტენტური მუსიკოსები იყვნენ.
ქეთი მინი კატეგორიაში მონაწილეობდა, სადაც ორი სიმღერა შეასრულა: I ტურში რევაზ ლაღიძის "თბილისოს" გათანამედროვებული ვარიანტი და II ტურში სელინ დიონის რეპერტუარიდან MY HEART WILL GO ON, რომლითაც საკუთარი ვოკალური მონაცემები სრულად წარმოაჩინა და ჟიურისა და მსმენელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. გოგონას ხელმძღვანელის თქმით, ამ ემოციებისათვის ლიტველმა მხატვარმა ნატალი დონკაიმ თავისი შესანიშნავი ნახატი გადასცა. II ტურის შემდეგ ქეთიმ თავის კატეგორიაში I ადგილი დაიმსახურა.
ფინალურ მესამე ტურში მხოლოდ პირველი და მეორე ადგილების მფლობელები დაუშვეს და ჟიურის 10 წევრი აფასებდა. აქ უკვე ყველა ასაკობრივი კატეგორიის წევრები ფასდებოდნენ. ქეთიმ ფინალის შედეგებით "ვერცხლის ვარსკვლავი", დიპლომი და სამახსოვრო პრიზები დაიმსახურა.
კონკურსს სხვადასხვა ქვეყნის კონკურსების პროდიუსერები ესწრებოდნენ და ქეთის გერმანიასა და ლატვიაში მოწვევა გადასცეს, სადაც გოგონა ხელმძღვანელთან და პედაგოგთან ერთად უახლოეს მომავალში გაემგზავრება.