"ვინ არის ეს ლამაზი გოგო?" - კომპლიმენტების ზღვა მივიღე. თავი სიზმარში მეგონა, იმდენი ადამიანი დამიკავშირდა" - მშობლები

"ვინ არის ეს ლამაზი გოგო?" - კომპლიმენტების ზღვა მივიღე. თავი სიზმარში მეგონა, იმდენი ადამიანი დამიკავშირდა"

2023-09-14 12:57:49+04:00

"ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი პერსონაჟი - ნათია გამოჩნდა, გოგონა ღარიბი ოჯახიდან. ის ჯეკოს კოლეგაა, მიმტანად დაიწყო მუშაობა. ლამაზმა და ძლიერმა გოგომ ჯეკოს ყურადღება მიიპყრო და მათი ურთიერთობაც დაიწყო. "ვინ არის ეს ლამაზი გოგო?" - დაინტერესდა მაყურებელი. ის პროფესიით მსახიობი არ არის. საკუთარი თავის შესახებ უფრო მეტს, მარიამ გოგოლაძე თავად მოგვითხრობს.

- ვარ 21 წლის, ჯიპაში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავამთავრე. სამსახიობო გამოცდილება არ მაქვს, მხოლოდ რეკლამებში ვარ რამდენჯერმე გადაღებული. ბავშვობიდან სულ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, რატომღაც, სხვა მიმართულებით წავედი.

- საკუთარ პერსონაჟზე რას იტყვი, ნათია როგორი გოგოა?

- ნათია ჩემთვის ძალიან საინტერესო პერსონაჟია, ჩემგან განსხვავებული ადამიანია. ღარიბი ოჯახიდან არის, ძალიან რთული ცხოვრება გამოიარა, მაგრამ არ დათრგუნვილა, ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მან ბავშვობიდან იცის, როგორ უპატრონოს პატარა დებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდეს დედასთან.

- მასში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

- განვლილი ცხოვრების მიუხედავად, ის არ არის დაკომპლექსებული ადამიანი. მისი სილაღე მომწონს. ყველაფერს ისე აკეთებს, რომ თავისი ხასიათის ხაზგასმას ახდენს და ეს საინტერესოს ხდის. ჩემგან განსხვავებულია, ზოგიერთ შემთხვევაში მის ადგილზე სულ სხვაგვარად მოვიქცეოდი.

- რამდენჯერმე ახსენე, რომ პერსონაჟი შენგან განსხვავებულია. მასთან საერთოს რას პოულობ?

- ჩვენ ორივეს მტკიცე ხასიათი გვაქვს, წინააღმდეგობები მეც არ მაფრთხობს და არ მთრგუნავს, შეიძლება მოტივაციაც კი იყოს.

- სოციალურ ქსელში ბევრი წერს, ეს ლამაზი გოგო ვინ არისო?

- (იცინის) პროფესიით მსახიობი არ ვარ და ამიტომ ვერ მიცნეს.

- თავად თუ ეცნობი კომენტარებს?

- რამდენიმე კომენტარი წავიკითხე, იქაც კარგის მეტი არაფერი ეწერა. ეს ჩემთვის აღმაფრთოვანებელი იყო, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

იხილეთ სრულად