სკოლაში წასვლისთვის სიელმის პრობლემა უკვე მოგვარებული უნდა იყოს სიელმე არის თვალის გარეთა მამოძრავებელი კუნთების დისჰარმონია, ანუ ჰარმონიული მოძრაობის დისბალანსი, როდესაც თვალის კაკლები ვერ ასრულებენ სინქრონული მოძრაობის ფუნქციას. ეს შემაწუხებელია არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მისი მშობლებისთვისაც. როცა სიელმე ადრეულ ასაკში ვლინდება, საჭიროა მისი დროული კორექცია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კოსმეტიკური დეფექტია, არამედ იმიტომ, რომ სიელმემ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის მკვეთრი დარღვევა - ამბლიოპია, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა მხედველობითი ინვალიდობის მიზეზადაც კი იქცეს.
რა არის სიელმის მიზეზები?
მხედველობის დაქვეითების პროცესი ჩქარდება, თუ სიელმე გამოვლინდა სიცოცხლის პირველ ნახევარში. მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა: ორსულობის პერიოდში გადატანილი სხვადასხვა ინფექცია, მემკვიდრეობა, შორს მხედველობა, ბავშვის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებები, დიფტერია, ქუნთრუშა, ნევროლოგიური დაავადებები, მაღალი სიცხე, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმები.
სიელმის მკურნალობა ბავშვებში
არსებობს დაახლოებით 20 სახეობის სიელმე, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან წარმოშობის მიზეზებით და განვითარების მექანიზმებით. აქედან გამომდინარე მკურნალობაც სხვადასხვაა. ოფთალმოლოგები არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ 6 წლამდე სიელმეს არ სჭირდება მკურნალობა და რომ ის თვითონ გაივლის. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ გარდატეხის ასაკამდე არ უნდა ჩაერიოს ამ საკითხში. თუმცა ექიმების თქმით, ნებისმიერი გადახრა ნებისმიერ ასაკში ითვლება დაავადების დასაწყისად. თუ არაფერს არ მოვიმოქმედებთ, მხედველობა დაიკლებს და სიტუაცია შეიძლება შეუქცევადი გახდეს.
ოფთალმოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი სიცოცხლის პირველ ნახევარში ხდება. რისკის ჯგუფებში ხვდებიან ბავშვები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ მემკვიდრული დაავადებები, არიან დღენაკლულები ან სიცოცხლის პირველივე დღეებში აწუხებთ გამონადენი თვალიდან, რომელიც თვეების განმავლობაში არ ქრება. მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული.
შორს მხედველობის ან ახლომხედველობის დროს ბავშვს ესაჭიროება სათვალე. ზოგჯერ ესეც შველის სიელმეს. 1 წლის განმავლობაში საჭიროა ჩატარდეს რამდენიმე მკურნალობის კურსი. გარდა ამისა, ყოველდღე ჯანმრთელ თვალზე აფარებენ სახვევს რამდენიმე ხნით, რათა ბავშვი მიეჩვიოს სუსტი თვალით ყურებას - სიელმის დროს თვალის კუნთი, როგორც წესი, მოდუნებულია.
ოპერაცია
უმრავლე შემთხვევაში საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა. ოპერაცია მიკროქირურგიულია, საერთო გაუტკივარებით, ნარკოზის დროს თვალის მამოძრავებელი კუნთები მოდუნებულია, ოპერაცია მიმდინარეობს 20 წუთიდან 1,5 საათამდე. ბავშვს სახლში წერენ ოპერაციიდან მეორე დღეს.
ოპერაციამდე და მას შემდეგაც საჭიროა სპეციალური აღდგენითი ვარჯიშები თვალის ხელსაწყოებზე 2-3 კვირის განმავლობაში.
სკოლაში წასვლისთვის სიელმის პრობლემა უკვე მოგვარებული უნდა იყოს. ძირითადად 97%-ში ხდება მხედველობის კორექცია. დროულად ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ბავშვს სრულფასოვნად შეუძლია სწავლა.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
ასევე იხილეთ: 3 სიმპტომი, რომლებიც მიგანიშნებენ, რომ ბავშვის მხედველობა მისახედია
რამდენ ხანს უნდა იჯდეს ბავშვი ტელევიზორთან და როდის უნდა მივმართოთ თვალის ექიმს