დედოფალ ელისაბედ II-ის საყვარელი ასისტენტი ჩაის მიკროტალღურ ღუმელში აცხელებდა და სახლში უამრავი ვირთხა ჰყავდა - ვინ არის ანჟელა კელი, რომელიც არ უყვარდა პრინც ჩარლზს
ანჟელა კელი ელისაბედ II-ის კოსტიუმების დიზაინერი და ასისტენტი იყო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დედოფალს გვერდით ედგა და მის ერთგულ მეგობრადაც ითვლებოდა.
ანჟელა დედოფალს პირველად 1992 წლის ოქტომბერში გააცნეს, როდესაც ელისაბედი და ფილიპი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ. დედოფალს კელი ძალიან მოეწონა, მის ხედვებსაც იზიარებდა და მომდევნო წელს ბუკინგემის სასახლეში სტილისტების გუნდში გაწევრიანება შესთავაზა. სამი წლის შემდეგ ქალმა უფროსი ასისტენტის თანამდებობა მიიღო, ხოლო 2002 წელს მისი უდიდებულესობის პირადი ასისტენტი და მოდის უფროსი დიზაინერი გახდა.
ანჟელას მამა სატვირთო მანქანის მძღოლი იყო. სრულიად განსხვავებული წარმომავლობისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად, კელი და ელისაბედ II ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. დედოფალმა თავის ასისტენტს მისი გარდერობის შესახებ წიგნის დაწერის უფლებაც კი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი რაიმე სკანდალურ შინაარს არ ატარებდა და აღწერას ისახავდა მიზნად, როგორც ცნობილია, ჩარლზი მაინც აღშფოთებული იყო იქ დაბეჭდილი ზოგიერთი არაოფიციალური ფოტოს გამო.
დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 20-მა თანამშრომელმა სასახლესთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და სამსახურიდან წავიდა. მაგრამ, ანჟელას ბედი ყველას აინტერესებდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კელი ჩარლზს არ მოსწონდა და მის მიმართ დედის თბილ დამოკიდებულებას არ იზიარებდა. არც დედოფალ კამილას სჭირდებოდა ელისაბედის სტილისტის მომსახურება.
ამავდროულად, ადრე ანჟელამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლასა და იქ დარჩენას აპირებს. მისი გეგმები თოქ-შოუების სტილისტთა გუნდში მუშაობას უკავშირდება... თუმცა, კელის სახლი ინგლისშია.
ამ სახლთან დაკავშირებით ცალკე ისტორიები არსებობს. ქალი, რომელიც მისი უდიდებულესობის გარეგნობას თვალს ადევნებდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ იდეალურად სცმოდა და გამოჩენილიყო საზოგადოებაში, თავად საოცრად მოუწესრიგებელი იყო. ერთ-ერთმა სტუმარმა გაიხსენა დღე, როდესაც დედოფლის ასისტენტმა ჩაის დასალევად საკუთარ სახლში მიიწვია.
"ჩაის პაკეტი ცივ წყალში ჩააგდო და მიკროტალღურ ღუმელში შედგა გასაცხელებლად." - იხსენებს ქალი. ანჟელამ ერთხელ სასახლის თანამშრომლებს დასახმარებლადაც კი მიმართა იმის გამო, რომ მის სახლში ვირთხები გამოჩნდნენ. როდესაც დასახმარებლად მივიდნენ, ნახეს, რომ მღრღნელები პლასტმასის ნაგვის კონტეინერში ბუდობდნენ, რომლებიც ნარჩენებით და ტანსაცმლით იყო სავსე.