განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სკოლებისთვის სხვადასხვა ცვლილებას აანონსებს და მათ უფრო მეტ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ანიჭებს. როგორც უწყებაში ამბობენ, ცვლილებები შეეხება ავტორიზაციის, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის, ადმინისტრირებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართულებებს.
- კერძოდ, ავტორიზაციის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები გულისხმობს შემდეგ საკითხებს:
- რეგიონის მცირეკონტინგენტიანი კერძო სკოლები ისარგებლებენ ავტორიზაციის დებულებით დადგენილი საფასურის 50%-იანი შეღავათით;
- ავტორიზაციის ციკლი განისაზღვრება 9 წლით იმ სკოლებისთვის, რომელთაც ახალი სტანდარტით გაიარეს ავტორიზაცია;
- ავტორიზაციისას ცენტრი აღარ განსაზღვრავს სავალდებულოდ წარსადგენ მტკიცებულებებს და სკოლა თვითონ გადაწყვეტს, თუ რა გზით დაადასტურებს სტანდარტებთან შესაბამისობას;
- კერძო სკოლას მიეცემა უფლება, განახორციელოს სასკოლო მზაობის პროგრამა ცალკე იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე;
- განხორციელდება ცვლილებები საერთაშორისო პროგრამების აღიარების წესში და განისაზღვრება უცხოური ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მოთხოვნები და პირობები.
- მნიშვნელოვანი ცვლილებებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით:
- კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან „პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში‘‘ ჩართვის ვალდებულებისგან;
- მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9-საათიანი შეზღუდვა;
- უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით;
- სსიპ „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის‘‘ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მასწავლებლებს.
რაც შეეხება ადმინისტრირებას – ამ კუთხით საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამების განმახორციელებელ კერძო სკოლებს:
- მოსწავლეთა რეესტრში საკუთარი მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობა მიეცემათ;
- ექსტერნატის წესით ზოგადი განათლების აღიარება შესაძლებელი გახდა იმ ენაზე, რომელზეც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი;
- საერთაშორისო პროგრამების კურსდამთავრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხო ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმას, კერძოდ:
- უქმდება ეროვნული სასწავლო გეგმის III კარი, რომელიც აღწერს წლიურ სარეკომენდაციო პროგრამებს და მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებს;
- კერძო სკოლებისთვის სავალდებულოდ განისაზღვრება, მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის I თავი, რომელიც განსაზღვრავს სწავლა-სწავლების მიზნებსა და პრინციპებს;
- კერძო სკოლებისთვის სავალდებულო იქნება საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში საფეხურის ბოლოს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. სკოლა თავად განსაზღვრავს რომელი საგნის/საგნების ფარგლებში, რა გზით, როგორი საათობრივი დატვირთვით მიაღწევს დადგენილ მიზანს;
- კლასის დაძლევის იდეა ჩანაცვლდა საფეხურის დაძლევის იდეით. სკოლა ვალდებულია საფეხურის დაძლევამდე კლასის დაძლევის მიზნით მოსწავლეებს შესთავაზოს მხარდამჭერი პროგრამები. ექსტერნი შეეხება მხოლოდ საფეხურის დაძლევას;
- სკოლას უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი შეფასების სისტემა, რომლის კონვერტირება უნდა ხდებოდეს 10 ბალიან სისტემაში;
- სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მისთვის სასურველი ფორმითა და რაოდენობებით. გაუქმდება განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და რაოდენობები;
- სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდეც. მოიხსნა განმსაზღვრელი შეფასების დაწყებასთან დაკავშირებული ასაკობრივი შეზღუდვა;
- ქართული, როგორც მეორე ენის შეფასება განხორციელდება დიფერენცირებულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მოსწავლეები შეფასდებიან მათი მზაობის დონისა და სწავლების პერიოდის შესაბამისად;
- კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები;
- კერძო სკოლას უფლება აქვს თავად განსაზღვროს კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები. გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულოობა;
- განისაზღვრება მხოლოდ აკადემიური წლის ხანგრძლივობა (30-35 კვირა).
ცვლილებების შეფასებისთვის განათლების ექსპერტს რევაზ აფხაზავას მივმართეთ. მან ისაუბრა, რა არის დადებითი აღნიშნულ გადაწყვეტილებაში და ამავდროულად, რა ხარვეზებს ხედავს:
- ზოგადად, მომხრე ვარ, რომ სკოლებს რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდეთ და ფორმალურ რეგულაციებზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი. მაგრამ, მეორე მხრივ, დამოუკიდებლობის მინიჭების თვალსაზრისითაც, არ უნდა იყოს ისეთი მითითებები, რომლებიც შესაძლოა, პედაგოგიური პრაქტიკისა და საგანმანათლებლო პროცესისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, კარგია, რომ კერძო სკოლას უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიენიჭოს, მაგრამ განმსაზღვრელი შეფასების კუთხით, არ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომ. არ არის საჭირო, პირველივე კლასიდან მოსწავლეს შეფასებად კონკრეტული ქულა დაეწეროს. ვთვლი, რომ, დროთა განმავლობაში, თუ ქვეყანაში თანამედროვე განათლების სისტემის მოწყობა გვინდა, განმსაზღვრელ შეფასებას საერთოდ თავი უნდა დავანებოთ და ძირითადად, განმავითარებელ შეფასებებზე გადავიდეთ. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. მგონია, იმ მშობლების ინტერესები გაითვალისწინეს, რომელთათვისაც ქულა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირიქით, საინფორმაციო კამპანიები უნდა ტარდებოდეს იმისათვის, რომ მშობლებს კარგად ავუხსნათ, რომ კონკრეტული ქულების დაწერა მათი შვილების განათლების შესაფასებლად არაეფექტურია. დანარჩენ შემთხვევაში, მეტი დამოუკიდებლობა, მეტი ავტონომიურობა, ჩემი აზრით, უკეთესია როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებისთვის. რაც შეეხება უცხოელი მასწავლებლების კომპეტენციის აღიარებას, ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია, არსებობს და კარგია, რომ ცვლილება ამ ნაწილსაც შეეხება. უცხოელ მასწავლებლებს საერთო სქემაში ჩართვას სთხოვდნენ და არარეალურ მოთხოვნებს უყენებდნენ. არ ხდებოდა მათი პროფესიული უფლების აღიარება და ისინი ბევრ დაბრკოლებას აწყდებოდნენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებისთვის მხარდამჭერი ორგანიზაცია უნდა იყოს და არა მაკონტროლებელი.
როგორც ვიცი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთელ რიგ სხვა ცვლილებებზე მუშაობს და ალბათ, ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებისა და გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული მხარეები და ექსპერტული საზოგადოება პროცესის განხილვაში ჩართული იყოს.
თამარ იაკობაშვილი