რა ხდება, როცა სესხს ვეღარ იხდით და რა გამოსავალს გთავაზობთ კანონი - პასუხობს იურისტი - მშობლები

რა ხდება, როცა სესხს ვეღარ იხდით და რა გამოსავალს გთავაზობთ კანონი - პასუხობს იურისტი

2023-09-22 09:34:40+04:00

მკითხველების სესხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხს პასუხობს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.

- მოგესალმებით, ჩემს შვილს ბანკიდან სესხი ჰქონდა გამოტანილი, რომელსაც ვეღარ იხდიდა და გადაეცა აღსრულებას. ამ თანხას 3 თვეა გაჭირვებით ვიხდით, მაგრამ ახლა გადახდის შანსი თითქმის ამომეწურა. როგორ მოვიქცე ასეთ შემთხვევაში, თუ არსებობს გამოსავალი?

- აღსრულებამდე საქმის მისვლის რამდენიმე გზა არსებობს: აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმე შეიძლება გადაეცეს სასამართლო წარმოების შემდეგ. თუ ხელშეკრულება შეიცავს დათქმას ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის შესახებ, იწყება გამარტივებული წარმოება და სასამართლოს გვერდის ავლით ნოტარიუსის გაცემული სააღსრულებო ფურცელი მიდის სააღსრულებო ბიუროზე აღსრულების დასაწყებად. გამარტივებული წარმოების შედეგად, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკება, ანუ კრედიტორსა და მოვალეს შორის მორიგება თანხის ნაწილ-ნაწილ დაფარვაზე, ანუ მსესხებლისთვის ადაპტირებული პერიოდულობით გადახდა. რაც შეეხება სააღსრულებო წარმოებას, რომელიც დაწყებულია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლისა და გამარტივებული წარმოების საფუძველზე, შეიძლება ამის გასაჩივრება, თუმცა გააჩნია კონკრეტულ გარემოებას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კონკრეტული გარემოების შესწავლა.

- შარშანწინ ბანკიდან გამოვიტანე 1000 ლარი, თავიდან ვიხდიდი ჩვეულებრივად, მერე ვეღარ გადავიხადე. დამირეკა იურიდიულმა პირმა და მომთხოვა თანხის შეტანა. შევიტანე დანამატი, თუმცა კიდევ არის დარჩენილი, ახლა სამი თვეა თანხა აღარ შემიტანია, რადგან არა მაქვს საშუალება. რა შეიძლება გავაკეთო, რომ ავიცილო პრობლემები?

- როდესაც ხდება შეფერხება და გრაფიკის მიხედვით ფულადი ვალდებულების შესრულებას მსესხებელი ვერ ახერხებს, აღნიშნულ შემთხვევაში რაც შეიძლება გააკეთოს მხარემ, არის მორიგება, შეუთანხმდეს კრედიტორს მასზე ადაპტირებულ გრაფიკზე, თუმცა კანონით არ არსებობს მავალდებულებელი ნორმა, კრედიტორი აიძულო მსესხებლისთვის სრულად ადაპტირებული გრაფიკი ააგოს.

- სამი წლის წინ ავიღე სესხი, რამდენიმე თვე ვიხდიდი და მერე ვეღარ გადავიხადე, დამეკისრა ჯარიმები. როგორც გაირკვა, სასამართლო დაუსწრებლად ჩაატარეს, ჩემთვის არც შეუტყობინებიათ. ახლა ვმუშაობ, თვეში 550 ლარი მერიცხება, სასამართლოს შემდეგ სახელფასო ბარათი დამიბლოკეს და ჩამომაჭრეს მთლიანი ხელფასი. გამოდის, ვრჩები საარსებოს გარეშე. ვის მივმართო, შემიძლია თუ არა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება, ან დაკისრებული ჯარიმების შემცირება, ან გადანაწილება? ბანკს მივმართო თუ აღსრულებას?

- რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას, როდესაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს მხოლოდ ახალაღმოჩენილი/ახალგამოვლენილი გარემოებების გამო. რაც შეეხება ხელფასის სრულად დაკავებას, ეგ დაუშვებელია, სააღსრულებო წარმოების თანახმად, აღმასრულებელმა მოვალეს უნდა დაუკავოს საარსებო მინიმუმის ზევით რაც აქვს, ანუ საარსებო მინიმუმის გარდა, კანონით შეუძლია სრულად ჩამოჭრას.

იხილეთ სრულად