ბავშვის დაკარგვა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარება ყოველთვის თავზარდამცემი ამბავია. ამ ისტორიამ კი თავის დროზე მთელი ამერიკის შეერთებული შეძრა. გარდა იმისა, რომ საქმე ბავშვის დაკარგვას ეხებოდა, ტრაგედიის სიმძიმეს ისიც დაემატა, რომ გაუჩინაებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სამართალდამცავებმა დედას სხვა ბავშვი მიუყვანეს და არწმუნებდნენ, რომ ის მისი დაკარგული შვილი იყო. მოგვიანებით ქალი შეშლილად გამოაცხადეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს...
FBI-ის მონაცემებით, ყოველწლიურად დაკარგული ბავშვების შესახებ, დაახლოებით, 460 ათასი ცნობა შედის და ბევრი ისტორია იმდენად შემაძრწუნებელია, შესაძლოა, დაჯერებაც კი გაგიჭირდეთ, რომ რეალურად მოხდა. სამართალდამცავები დაკარგული ბავშვების უმეტესობას პოულობენ, ზოგი თავად ახერხებს მოძალადისგან გაქცევას, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მანიაკებიც ხელში დაიღუპნენ:
ცხრა წლის უოლტერ კოლინზი 1928 წლის 10 მარტს კალიფორნიაში გაუჩინარდა. იმ დღეს ბიჭი ადგილობრივ კინო-თეატრში მარტო წავიდა. პოლიცია ეჭვობდა, რომ საქმეში ბავშვის მამის მტრები ფიგურირებდნენ და ბავშვი შურისძიების მოტივით გაიტაცეს. უოლტერის მამა ციხეში იჯდა, თაღლითობასა და ძარცვაში იყო მხილებული და უამრავი ადამიანი ჰყავდა გადაკიდებული. პოლიცია ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, პატარა ბიჭი მოეკლათ. მიმდებარე პერიმეტრი საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, დაათვალიერეს ტბები, მაგრამ ბავშვის ცხედარი ვერსად ნახეს.
უოლტერ კოლინზის სამძებრო სამუშაოებში, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა ჩაერთო. ლოს-ანჯელესის პოლიციამ ასამდე ოფიცერი გამოჰყო, რომ გამოძიება ეფექტურად წარემართათ, მაგრამ რამდენიმე თვე ბავშვს უშედეგოდ ეძებდნენ.
სიტუაცია თანდათან იძაბებოდა, როცა ილინოისში მოულოდნელად გამოჩნდა ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ უოლტერ კოლინზი იყო. დედამ, კრისტინ კოლინზმა, ფული თავად გადაიხადა, რომ ის ლოს-ანჯელესში ჩამოეყვანათ.
თუმცა, ის უოლტერი არ იყო... პოლიციამ წარმატებული ოპერაციის ჩაშლა არ ისურვა. ამიტომ დედის დარწმუნება დაიწყო. ურჩიეს, რომ ბავშვი სახლში წაეყვანა და რამდენიმე კვირის შემდეგ გადაეწყვიტათ, რა გაეკეთებინათ. კრისტინიც დასთანხმდა. თუმცა სამი კვირის შემდეგ ისევ ამტკიცებდა, რომ ის მისი შვილი არ იყო. მას უკვე აღარავინ უსმენდა. პოლიციას სურდა ეს საქმე როგორმე დაეხურა. ამიტომაც, ჯერ განაცხადეს, რომ კრისტინს ბავშვის გარეშე გატარებული პერიოდი ენატრებოდა და შეგნებულად ცდილობდა ბავშვისგან გათავისუფლებას. შემდეგ კი ათვალეს, რომ ქალს ფსიქიკურად გაუწონასწორობლობა დასწამეს. თითქოს ვეღარ ცნობდა თავის შვილს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს.
საბოლოოდ ისევ იმ ბავშვმა, რომელიც ტავს უოლტერად ასაღებდა, აღიარა, რომ იცრუა. როგორც გაირკვა, ბავშვს სინამდვილეში არტურ ჯეიკობ ჰატჩინსი ერქვა და 12 წლის იყო. ჰატჩინსი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მოულოდნელად სახლიდან გაიქცა. მას ჰოლივუდში მოხვედრა და საყვარელი მსახიობის გაცნობა სურდა, ამიტომაც ეს ამბავი მოიგონა. თანაც, დაკარგულ ბიჭს საოცრად ჰგავდა. შემთხვევით ისარგებლა და ოცნების ქალაქში, კალიფორნიაში, მოხვდა.
კრისტინი ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოუშვეს და მალევე მან ლოს-ანჯელესის პოლიციის მიმართ სასამართლო დავა წამოიწყო. გარდა ამისა, ბიჭის მშობლებს, სიცრუისთვის, 11 ათასი დოლარის ოდენობის გადახდა დაავალდებულეს, მაგრამ კრისტინს ეს თანხა არასოდეს მიუღია. მოგვიანებით, ამ ისტორიის შესახებ ფილმიც გადაიღეს.
მაშ, სად გაქრა 9 წლის ბიჭუნა? ეს კითხვა ისევ პასუხგაუცემელი იყო. პირველი მინიშნებები საქმეში მოულოდნელად გამოჩნდა. ეს 13 წლის სანფორდ კლარკის ჩვენება იყო. მოზარდი საკუთარმა ბიძამ გორდონ სტიუარტმა კანადიდან აშშ-ში უკანონოდ ჩამოიყვანა და თავის ფერმაში დააბინავა. ის ბიჭს სასაზრღვრო სამსახურში დაბეზღების მოტივით აიძულებდა, ყველა მისი დავალება შეესრულებინა. პოლიციას კლარკის უფროსმა დამ მიმართა, რადგანაც სანფორდმა უამბო, თუ როგორ აიძულა ბიძამ, ფერმაში ოთხი პატარა ბიჭის მკვლელობაში მიეღო მონაწილეობა.
მოგვიანებით პოლიციამ 3 ბავშვი ამოიცნო. მათ შორის, როგორც ამბობენ, უოლტერ კოლინზიც იყო.
როგორც გაირკვა გორდონ სტიუარტს პედოფილური მიდრეკილებები ჰქონდა. მას პატარა ბიჭების დატყვევებასა და მკვლელობაში დედამისი, სარაც ეხმარებოდა. როგორც კი გაიგეს, რომ ბავშვმა პოლიციასთან ყველაფერი თქვა, დედა-შვილმა სასწრაფოდ გაქცევა გადაწყვიტა და მოკლული ბავშვების ცხედრებიც გადამალეს.
ისინი რამდენიმე თვის შემდეგ დააკავეს. სარამ უოლტერ კოლინზის მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო და შვილის დაცვა სცადა. გორდონს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რადგანაც, როგორც გაირკვა, ბავშვობაში მასზე ოჯახის ყველა წევრი ძალადობდა. ასაკის მატებასთან ერთად, მას მანიაკალური ფიქრები გაუჩნდა და გადაწყვიტა, პატარა ბიჭები გაეტაცა, გაეუპატიურებინა და წამებით მოეკლა. დედამ ყველაფერი იცოდა, თუმცა ხელს არ უშლიდა... 1928 წლის 31 დეკემბერს სარას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, 12 წლის შემდეგ, ამნისტიით გათავისუფლება შეძლო.
კალიფორნიის პოლიცია ამტკიცებდა, რომ გორდონმა მინიმუმ 20 ბავშვი მოკლა, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო, მას ვერ აკავებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამბავი 1928 წელს ხდება და მაშინ გამოძიება ასეთი ეფექტური და სწრაფი არ იყო.
გორდონის წინააღმდეგ საქმის გახსნა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც მას მექსიკელი ბიჭებისა და ძმები უინსლოუების მკვლელობა დაუმტკიცეს. ერთ-ერთი დაკითხვის დროს კრისტინ კოლინზი ცდილობდა, გაერკვია, მამაკაცმა მართლა მოკლა, თუ არა მისი შვილი. გორდონმა უოლტერი ვერც კი გაიხსენა. ქალს იმედი მიეცა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო...
სასამართლომ მამაკაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. თუმცა, ვიდრე განაჩენს აღასრულებდნენ, გორდონმა კრისტინს დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი მას არ მოუკლავს...
კალიფორნიის პოლიციამ უოლტერ კოლინზის ძებნა შეწყვიტა, ბავშვი გარდაცვლილად გამოაცხადა და საქმე დახურა. თუმცა, დედა მთელი ამ დროის განმავლობაში, გაუჩინარებული შვილის მოძებნას უშედეგოდ ცდილობდა. მისი ერთ-ერთი ბოლო გამოჩენა 1941 წელს მიცემულ ინტერვიუს უკავშირდება, სადაც ქალი ამბობდა, რომ ოფიცერმა შვილის სიკვდილში უსაფუძვლოდ დაარწმუნა, არ ენდობოდა გამოძიებას, რომელიც ამბობდა, რომ ცხედრებს შორის მისი შვილიც ამოიცნეს და დაკარგული შვილის დაბრუნებას მთელი სიცოცხლე ელოდებოდა. თუმცა, უოლტერი აღარსად გამოჩენილა...