ნევროლოგი ნონა მინდიაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" დემენციისთვის დამახასიათებელი სახიფათო ნიშნების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება:
- ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, სადიაგნოსტიკოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი თავდაჯერებულობის დაკარგვაა. როდესაც პაციენტი შემოდის, ხშირად თანმხლებ ადამიანებთან ერთად, დედებს შვილებთან ერთად მოსვლა უყვართ ხოლმე, რომ შევატყობ, რომ პაციენტი ყველა შეკითხვის შემდეგ შვილს უყურებს და მისგან ელოდება მხარდაჭერას, სწორად უპასუხებს, თუ არა და რამდენჯერმე მისკენ გააპარებს თვალს, უკვე ვიცი, რომ თავადაც თუ არ მეტყვის, მეხსიერების პრობლემა აქვს და ამ მხრივ, ყოველთვის ვაგრძელებ ხოლმე ჩაკითხვას. ეს ოჯახურ მდგომარეობაშიც იგრძნობა. მაგალითად, რაღაცის გაკეთება დაავალეს, ნერვიულობს, განცდებშია, არ იცის, გაართმევს თუ არა თავს. არადა, შესაძლოა, იმ საქმეს წლების განმავლობაში აკეთებდა და თანაც ყველაზე კარგად. მაგრამ, შფოთავს, ბევრად უფრო ადრე იწყებს ინგრედიენტების მოძიებას, სიას გადაწერს, სხვას შეახსენებს, ხომ ახსოვს საქმის გაკეთება, ერთსა და იმავე შეკითხვას სვამს, ინახავს რაღაცას და ხშირად ამოწმებს, ინტერესდება, გამორთო თუ არა ტექნიკა, კიდევ შებრუნდება, ჩამრთველზე ხელს უსვამს და ასე შემდეგ. თავდაჯერებულობის გარკვეული მომენტების დაკარგვა და მეხსიერების შემცირება, როგორც წესი, უკვე განგაშის მომენტია. შესაძლოა, თავიდან ოჯახში ამას ყურადღება არ მიაქციონ და ჩათვალონ, რომ პაციენტი მდგომარეობას აკონტროლებს. მუდმივად ახსენებს შვილს, მაგალითად, ხომ ახსოვს, რომ ბრინჯი აქვს მოსატანი. სინამდვილეში, შვილს, რომელმაც ბრინჯი უნდა მოიტანოს სახლში, სულაც არ სჭირდება შეხსენება და ეს საკუთარი თავის კონტროლი და გამოცდაა, სწორად ახსოვს, თუ არა, რაც სჭირდება და არეგულირებს, თუ არა დაკისრებულ მოვალეობას.