საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით, საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
ამასთან, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. როგორც სამინისტროში ამბობენ, მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება.
ინიციატივის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.
დავინტერესდით, უფრო კონკრეტულად, რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევენ მასწავლებლებს, რომლებსაც აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ და როგორ შეძლებენ სკოლები კანდიდატის წარდგენას. შეკითხვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ:
"შესაბამისი კრიტერიუმების დამტკიცების პროცესი დაწყებულია და უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება. ასევე, აღნიშნული იქნება, როდიდან მიიღება განცხადებები და როგორ შეეძლებათ სკოლებს კანდიდატების წარდგენა.“ - გვითხრეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას განაგრძობენ. მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით კი დეტალურ ინფორმაციას, დაზუსტების შემდეგ შემოგთავაზებთ.
თამარ იაკობაშვილი