ონკო-ჰემატოლოგი, თსსუ პროფესორი ნინო შარაშენიძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რამდენად არის კავშირში ლიმფური კვანძის გადიდება სისხლის კიბოსთან:
- ლეიკემიების შემთხვევაშიც, არსებობს ისეთი ფორმები, რომლის დროსაც სისხლის საერთო ანალიზში გამოხატული ცვლილებები საერთოდ არ არის. კლინიკური ჩივილები, რაც ადამიანს ლეიკემიის დროს უჩნდება, სისხლში არსებული ცვლილებებს სრულად გამოხატავს. თუ გვაქვს ანემია, შესაბამისად, კლინიკური ჩივილიც გვაქვს: ადინამია, სიფერმკრთალე, სისუსტე. არის ლეიკოციტების რაოდენობრივი შემცირება. პაციენტი ინფექციური დაავადებებისაკენაა მიდრეკილი, ადვილად ცივდება, ამბობს, რომ მთელი სეზონები ისე გაიარა, არც ერთი ინფექცია არ გამოუტოვებია, უხანგრძლივდება პროცესი. ლეიკემიის შემთხვევაში, ის ვადა, როდესაც კლინიკური ჩივილები ჩნდება, ან ცვლილებები იწყება ექიმთან მისვლამდე, არც თუ ისე დიდია. ეს იმდენად რთული დაავადებაა და დროის მცირე მონაკვეთში ისე სწრაფად პროგრესირებს, რომ კლინიკური ჩივილები თვალშისაცემი ხდება და მრავალ თვესა და კვირას არ ითვლის. ვინაიდან, ეს ძვლისტვინოვანი სიმსივნეა, შემთხვევათა გარკვეულ პროცენტში, პაციენტებს ძვლების ტკივილის პრობლემა აქვთ. შესაბამისად, ჩივილებით ტრავმატოლოგებს, ნევროლოგებს, რევმატოლოგებს მიმართავენ. ამ ექიმების დახმარებით, ძალიან ხშირად ხვდებიან ჩვენთან, რომლებიც სწორად ამოიცნობენ ხოლმე, რომ კლინიკური ჩივილი სისხლის სისტემური დაავადების გამოვლინებაა. საყურადღებო ნიშანია უმიზეზო სისხლჩაქცევები. როდესაც ოდნავ რაღაცას შევეხეთ და სილურჯე გვიჩნდება, ან არ გვახსენდება, რამეს დავეჯახეთ, თუ არა, მაგრამ მაინც გვაქვს სილურჯე.
რაც შეეხება ლიმფომებს, ხშირად შემთხვევათა მაღალ პროცენტში სრულიად უსიმპტომოდ, ლიმფური კვანძის გადიდებით იწყება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ლიმფური კვანძების გადიდება, შემთხვევათა ძალიან დაბალ პროცენტში უკავშირდება სისხლის სისტემურ დაავადებებს. ზოგადად, ლიმფოიდური სისტემა არის ბარიერი, რომელიც ყველაფერი ცუდისაგან, რაც ჩვენს ორგანიზმში შეღწევას ცდილობს, გვიცავს. ის პირველ დარტყმას თავის თავზე იღებს. შესაბამისად, ლიმფური კვანძების გადიდების უამრავი მიზეზი არსებობს. მაგალითად: ინფექციური მონონუკლეოზი, ვირუსი, კოვიდინფექცია. განსაკუთრებით კოვიდინფექციის დროს, პაციენტების უმრავლესობას დიდი ზომის ლიმფური კვანძები ჰქონდა შუასაყარში და ამაზე ქვეყანა ინგრეოდა. არსებობს რევმატოიდული დაავადებების დიდი ჯგუფი, რომლებსაც ლიმფური კვანძების გადიდება ახასიათებთ. სარკოიდოზი, გადატანილი ინფექციური მონონუკლეოზი, ტუბერკულოზი... შესაბამისად, ეს არის დაავადებები, რომლებიც დიფერენციალურ დიაგნოსტირებას მოითხოვს, რომ მას ონკოლოგიური პათოლოგია დაარქვა. ლიმფური კვანძების გადიდება და ლიმფოიდური სისტემის რეაქცია შესაძლებელია, სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს უკავშირდებოდეს. მაგალითად, სარძევე ჯირკვლის კიბოს. შეიძლება პრობლემური კბილი გვქონდეს და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები გადიდდეს. გვქონდეს ყურის ანთება და გაგვიდიდდეს. იყოს შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია და საზარდულის ლიმფური კვანძები გადიდდეს. ამიტომ, ყველა ლიმფური კვანძის კიბოდ შერაცხვა სწორი არ არის, თუმცა სიფრთხილისა და სიფხიზლის გამოჩენა, მთელ რიგ შემთხვევებში, ძალიან სწორი და აუცილებელია.