სიფერმკრთალე, სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება, გუნება-განწყობილების დაქვეითება - გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რას იწვევს ორგანიზმში C ვიტამინის ნაკლებობა და რა გზით შეიძლება მისი შევსება - მშობლები

სიფერმკრთალე, სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება, გუნება-განწყობილების დაქვეითება - გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რას იწვევს ორგანიზმში C ვიტამინის ნაკლებობა და რა გზით შეიძლება მისი შევსება

2023-09-29 11:24:41+04:00

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "როგორ გადავრჩი" C ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და ასახელებს ყველა იმ პრობლემას, რაც შესაძლოა, ორგანიზმში აღნიშნული ვიტამინის ნაკლებობამ გამოიწვიოს:

- როდესაც C ვიტამინზე ვლაპარაკობთ, ძალიან ბევრი ადამიანის გონებაში ის იმუნიტეტის გამაძლიერებელ და ინფექციებთან ბრძოლის საშუალებად მიიჩნევა. მაგრამ C ვიტამინს სხვა რაღაცებში უფრო მეტი ფუნქცია აკისრია, ვიდრე, საკუთრივ, აქ. პირველ რიგში, ჩვენს ორგანიზმს C ვიტამინი ქსოვილების აღდგენისთვის სჭირდება, რადგანაც ის კოლაგენის ფორმირებაში მონაწილეობს. თუ კანს გაიჭრით, შესაძლოა, დაკვირვებიხართ, რომ ის კარგა ხანს არ გიხორცდებათ. თუ ორგანიზმს C ვიტამინი აკლია, კოლაგენის შევსებას ვერ ახერხებს. ამიტომ, C ვიტამინი კოლაგენის სწორი ფორმირებისთვისაა საჭირო და თუ ის არ არის, თავისთავად კოლაგენი ეფექტური რაოდენობით ვერ ყალიბდება და ამიტომაცაა, რომ ჭრილობა დიდხანს არ ხორცდება.

გარდა ამისა, C ვიტამინი ასევე აუცილებელია ნეირომედიატორების სინთეზისათვის. მეტიც, C ვიტამინი ზოგიერთი ნეირომედიატორის სინთეზში კრიტიკულ როლს ასრულებს. ამიტომაცაა, რომ თუ ადამიანს C ვიტამინის ნაკლებობა აქვს, ეს შეიძლება ხასიათზეც კი აისახოს და დეპრესია გამოიწვიოს.

C ვიტამინი სერიოზული ანტიოქსიდანტია. როცა ადამიანი მწეველია და დღის განმავლობაში ძალიან ბევრს ეწევა, თამბაქოს კვამლში არსებული ოქსიდანტები სასუნთქ გზებს, სისხლძარღვებსა და სხვადასხვა ორგანოს მძიმედ აზიანებს. თამბაქოს კვამლში არსებულ ოქსიდანტებთან ბრძოლა სწორედ რომ C ვიტამინს შეუძლია. ამიტომაცაა, რომ თუ ადამიანი მწეველია, მის ორგანიზმში ყველაზე სწრაფად რაც ქვეითდება, ეს სწორედ რომ C ვიტამინია. მწეველებს დღე-ღამეში უფრო დიდი რაოდენობით სჭირდებათ C ვიტამინი, ვიდრე არამწეველებს. აქ პასიური მწეველებიც მოიაზრებიან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, C ვიტამინს ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს: კოლაგენის სინთეზი და ქსოვილების აღდგენა, ნეირომედიატორების სინთეზი და ხასიათის განსაზღვრა და ასევე ის, რომ ანტიოქსიდანტია და მავნე რადიკალებს ებრძვის.

C ვიტამინს ადამიანის ორგანიზმი ვერ წარმოქმნის, ამიტომაც ჩვენ ყოველთვის გარედან მიღებულ C ვიტამინზე ვარ დამოკიდებული. თუ C ვიტამინს არ მივიღებთ, ამ შემთხვევაში, ეს ჩვენს ორგანიზმზე ცუდად აისახება. ადამიანების 7%-ს C ვიტამინის დეფიციტი აქვს.

C ვიტამინის დეფიციტი კი შესაძლოა, ბევრი ნიშნით გამოვლინდეს. მაგალითად, შესაძლოა ადამიანს ქვედა კიდურებზე სისხლჩაქცევები უჩნდება. სისხლჩაქცევების ადვილად განვითარების ერთ-ერთი მიზეზი C ვიტამინის დეფიციტია.

როცა ადამიანს C ვიტამინი აკლია, კანი ფერმკრთალდება. იმიტომ, რომ აღნიშნული ვიტამინი რკინის შეწოვისთვის აუცილებელია. C ვიტამინის გარეშე, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი რკინა ვერ აღდგება.

C ვიტამინის ნაკლებობა გუნება-განწყობის დაქვეითებით შეიძლება გამოვლინდეს. მძიმე შემთხვევებში კი, შესაძლოა, დეპრესიაც კი გამოიწვიოს.

როდესაც ჩვენს ორგანიზმს C ვიტამინი აკლია, ჭრილობები ძალიან გვიან ხორცდება.

C ვიტამინი არ არის მხოლოდ ზამთარში მისაღები საშუალება, რომ ვირუსებს ებრძოლო. ის მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

C ვიტამინს დიდი რაოდენობით ყვითელი ბულგარული შეიცავს. მეორე ადგილზე შეიძლება, წითელი ბულგარული იყოს. მათში C ვიტამინის შემცველობა, დაახლოებით, 180 მილიგრამია 100 გრამზე. კარტოფილიც შეიცავს, თუმცა 9-ჯერ ნაკლებს - 20 მილიგრამს 100 გრამზე. პომიდორში C ვიტამინის შემცველობა 14 მილიგრამია. მჟავე გემოსა და C ვიტამინის შემცველობას ერთმანეთში ნუ აურევთ. მარწყვში ამ ვიტამინის შემცველობა ძალიან ცოტაა.

C ვიტამინს მეტ-ნაკლებად ნორმალური რაოდენობით ბულგარული შეიცავს. მაგრამ, მაინცდამაინც არ ვჭამთ და თუ ვჭამთ, როგორც წესი, ვწვავთ, ან ვხარშავთ ხოლმე. როცა C ვიტამინზე სითბო მოქმედებს, ის მარტივად იშლება. ამიტომაცაა, რომ ადამიანთა უმეტესობას ეს ვიტამინი აკლია. C ვიტამინის შევსების ერთ-ერთი გზა კი შესაძლოა, დანამატები იყოს.