ელისაბედ ჩერქეზიშვილი ქართული კინოსა და თეატრის ერთერთი გამორჩეული სახე, მაკარის დედა ფილმიდან "ქეთო და კოტე" და "ხანუმა", რომელიც სხვადასხვა თეატრალურ სივრცეში უთამაშია. ვისაც მსახიობის წიგნი "ჩემი მოგონებანი" წაუკითხავს, მასზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას დატოვებდა, ვინაიდან მსახიობი თავისი ტრაგიკული ბედის შესახებ დაუფარავად ჰყვება.
მათ შორის იმასაც, თუ როგორ გაათხოვეს იძულებით 15 წლის ასაკში და როგორ დაუნდობლად ექცეოდა მასზე გაცილებით უფროსი ქმარი. არასრულწლოვან ლიზას ქმრის მიმართ გრძნობა არ ჰქონდა და გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას სამი წლის შემდეგ მშობლების სახლში დაბრუნებით დააღწია თავი. შემდეგ ჭეშმარიტი სიყვარული ეწვია, იყო შეხმატკბილებული თანაცხოვრება, სცენაზე როლები, იწვევდნენ ფილმებშიც, თუმცა, ბედნიერება მისთვის მაინც მიუწვდომელი აღმოჩნდა...
შემოდგომა იდგა, სოფელ ტირძნისში, ნათესავის ქორწილში მიპატიჟებულმა 14 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილმა, ჩითის წითელი კაბასა და "ბაშმაკებში"გამოწყობილმა, ლეკური ჩამოუარა და ყველა სტუმრის ყურადღება მიიქცია. მათ შორის იყო გიგა მაჩაბელი, რომელმაც პატარა მოცეკვავე შენიშნა და მის ოჯახს მაჭანკლები მიუგზავნა.
გოგონა უარზე იყო, ნერვიულობისგან სამი დღე სიცხიანი ლოგინში იწვა, დედას, დეიდას, ბიძას სთხოვდა, არ გაეთხოვებინათ იმ კაცზე, რომელიც სრულიად არ მოსწონდა, მაგრამ საპასუხოდ ისმენდა: "მისთხოვდი, თავადიშვილია, კნეინა გახდებიო".
ერთადერთი მამამისს ეჭირა შვილის მხარე, თუმცა მისი გადარწმუნება ცოლმა და ნათესავებმა შეძლეს. კაცს ქალიშვილისთვის უთქვამს, შვილო, ბედნიერი იყავი, ქორწილს მე ვერ დავესწრებიო და რამდენიმე დღით საკუთარ სახლს გაეცალა. ლიზას თხოვნა-მუდარამ რომ არ გაჭრა, 35 წლის გიგა მაჩაბელი "ერთი თავი შაქრითა და ფოჩიანი დახატული კანფეტებით" ჩერქეზიშვილების ერთადერთი ქალიშვილის დასანიშნად გაეშურა. ჯვრისწერაზე ლიზას გათხოვებაზე უარის თქმა უნდოდა, მაგრამ ძალომ გადაულაპარაკა, არ გაბედო, ასე იტყვიან, უნამუსოა, ეკლესიიდან გამოექცათო. ლიზაც ბედს დაემორჩილა. განაგრძეთ კითხვა