იურისტი, უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ აღმოაჩენს, რომ მისი შვილი საბავშვო ბაღში ძალადობის მსხვერპლია და რა კანონიერი ბერკეტი აქვს ასეთ შემთხვევაში:
- სამწუხაროდ, არ არის ერთეული შემთხვევები, როდესაც ბავშვები საბავშვო ბაღში აღმზრდელების, პედაგოგების მხრიდან ძალადობას განიცდიან. ისინი კიდევ უფრო მოწყვლადები არიან ასეთ დროს იმიტომ, რომ მცირეწლოვნები არიან, არ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა და ხშირად ვერც კი საუბრობენ ამის თაობაზე. ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ - პირველ რიგში, რა შეიძლება მშობელმა სააღმზრდელო დაწესებულებას მოსთხოვოს, პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით, მეორე კი, როცა ეჭვი გაჩნდება, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, რა უფლება-მოსილებები არსებობს. არსებობს კანონი "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რომელიც პირდაპირ, დეკლარირებულად ამბობს, რომ დაწესებულებაში ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა აკრძალულია. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მშობელს შეუძლია, მოითხოვოს და გადაამოწმოს მანამ, სანამ ბავშვს დაწესებულებაში შეიყვანს - არიან თუ არა აღმზრდელები, პედაგოგები, სხვა პერსონალი გადამზადებულები. მათ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, აღზრდისას როგორ არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები, პოზიტიური დისციპლინის თაობაზე პერიოდული სწავლება უნდა ჩაუტარდეთ. სამწუხაროდ, ზოგჯერ ბავშვზე ძალადობას დისციპლინის დარღვევით ხსნიან, ან ეს დასჯისა და აღზრდის მეთოდია, რასაც, ბუნებრივია, გამართლება არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველი ასეთი დაწესებულება ვალდებულია, ბავშვის მიმართ ძალადობის თავიდან აცილებასა და ბავშვის ძალადობისაგან დაცვაზე პასუხისმეგებელი პირი გამოყოს. ასეთი პირი უნდა არსებობდეს, რომელსაც სათანადო კომპეტენცია და უნარები ექნება, ასევე სხვა თანამშრომლებს რეკომენდაციას გაუზიარებს. მაგალითად, სახალხო დამცველის 2020 წლის კვლევით გამოვლინდა, რომ იმ დროისათვის, მხოლოდ 9 საბავშვო ბაღს ჰყავდა პასუხისმგებელი პირი და პერსონალის, დაახლოებით, 14% იყო გადამზადებული. ამიტომ, ეს არის პრევენციული პოლიტიკა, რაც მშობელმა უნდა იცოდეს და რომლის გადამოწმების უფლებაც მას აქვს.