ტელემედიცინა მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა და ბენეფიციარისთვის სამედიცინო სერვისების დისტანციურ უზრუნველყოფას (დისტანციურ კონსულტაციას) ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გულისხმობს. ტელემედიცინით შესაძლებელია ზოგიერთ დაავადებათა დიაგნოსტიკა, მკურნალობა ან პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება. შედეგად პაციენტები ზოგავენ დროსა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც თავისთავად, სამედიცინო სერვისების, როგორც ფინანსურ, ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას ზრდის.
ტელემედიცინა საქართველოში კოვიდ პანდემიის მერე განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამჟამად „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტელემედიცინის სერვისები მოზრდილი მოსახლეობისთავის საქართველოს ყველა რეგიონშია დანერგილი, ჯამში კი 50 სოფლის ამბულატორიაში. აღნიშნული პროცესი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მას გაეროს ოთხი ორგანიზაცია (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს მოსახლეობია ფონდი და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი) ახორციელებს. გაეროს ორგანიზაციების ეს კავშირი მოემსახურება კიდევ ახალ 50 სოფლის ამბულატორიაში დისტანციური სერვისების დანერგვას, მათ შორის ბავშვთა სერვისებისაც. გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურადაა ჩართული სწორედ ბავშვთა დისტანციური სერვისების განვითარებაში. უფრო კონკრეტულად, რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ბავშვებს და როგორია სამომავლო გეგმები, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვისა და ნუტრიციის სპეციალისტი, თამარ უგულავა გვესაუბრება:
- ევროკავშირის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში, 50 სოფლის ამბულატორია შეირჩა. შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სოფლის მდებარეობა გახლდათ, სადაც სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა შედარებით რთული და პრობლემურია. გარდა გეოგრაფიული ფაქტორისა, კონკრეტულ რეგიონებში გათვალისწინებულია, სპეციალისტების ხელმისაწვდომობის საკითხიც. შესაბამისად, შერჩეულ 50 ამბულატორიაში დისტანციური სერვისების დალაგების აუცილებლობა გამოიკვეთა. ჯანდაცვის მიმართულებით, ბუნებრივია, ქვეყანაში არაფერი ინერგება ისე, რომ მას მყარი, მეცნიერული მტკიცებულება არ ჰქონდეს და არ დასტურდებოდეს, რომ მსგავსი მიდგომა მუშაობს. ამიტომ, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია) გამოცდილებას გავეცანით, რომლებიც დისტანციური ურთიერთობის დროს ადრეული ასაკის ბავშვებისათვის უპირატესობას განვითარების სერვისებს ანიჭებენ. სწორედ ამიტომ, მიმართულება, რომელიც პირველ ეტაპზე ავიღეთ, ბავშვთა განვითარებაზე ზედამხედველობა იყო. ბავშვთა განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თემაა. მუცლადყოფნის პერიოდიდანვე, დედა, ოჯახი ბავშვის განვითარებაზე ზრუნავს. დაბადებიდან ეს პროცესი პირველადი ჯანდაცვის მეთვალყურეობის ქვეშ გადადის და გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში, თუკი განვითარებაში რაიმე პრობლემა, შეფერხებაა, სასწრაფო ინტერვენციისთვის ბავშვი, პირველ რიგში, სპეციალისტის კონსულტაციას გადის, ხოლო სავარაუდო დიაგნოზის გამოკვეთის შემდეგ კი, შეიძლება მოხდეს მისი სოციალურ სისტემაში გადამისამართება ადრეული ასაკის ბავშვთა ინტერვენციებისათვის. ამ პროცესში დისტანციურად შესაძლოა, ჩაერთოს: პედიატრი, ფსიქოლოგი, ბავშვთა ფსიქიატრი, მეტყველების სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, ქცევითი თერაპევტი და ასე შემდეგ. ეს არის მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში მონაწილეობს. საქართველოში, ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობის ცნება, ფაქტობრივად, პირველადი ჯანდაცვის განუყოფელ ნაწილად არ მოიაზრებოდა. ექიმების ცოდნა ამ მიმართულებით მეტად მწირია და შესაბამისად, ვერც მშობელი იღებს სრულყოფილ ამომწურავ ინფორმაციას, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება. თემის აქტუალიზაციამ, დისტანციურად ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, ამ მიმართულებით ექიმთა ცოდნის გაღრმავებას შეუწყო ხელი. დავიწყეთ ექიმების გადამზადება ბავშვთა განვითარების საკითხებზე და სრულად დავფარეთ საქართველოს ყველა სოფლის ამბულატორია. შემდგომ, შემოვიტანეთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ექიმს დაეხმარებოდა პრობლემაზე ეჭვის მიტანასა და მის აღმოჩენაში. აღნიშნული ინსტრუმენტები ელექტრონულია, აქ იგულისხმება სხვადასხვა სკრინინგ ტესტები/კითხვარები, რომლებიც პრობლემის აღმოჩენაში ეხმარება და იმავდროულად, არეგისტრირებს მონაცემებს. პირველადი ჯანდაცვის ექიმი ცოდნისმიერი ინსტრუმენტებით შეიარაღებულია და შეუძლია, ბავშვის განვითარებაში პრობლემა დროულად დაინახოს. პანდემიის პერიოდში, 935 ამბულატორიის ყველა ექიმი გადავამზადეთ. ფაქტობრივად, სოფლის ამბულატორიები მთლიანად მოვიცავით, მიუხედავად იმისა, ისინი ტელემედიცინაში ჩართულნი არიან თუ არა. თუ გვინდა, ბავშვთა განვითარება პირველად ჯანდაცვაში იყოს ინტეგრირებული და ამ სერვისს საქართველოს ყველა ბავშვი იღებდეს, ბუნებრივია, მხოლოდ 50 ამბულატორიაზე არ ვსაუბრობთ. ყველა სოფლის ამბულატორიას ვგულისხმობთ. ამიტომ, ჩვენ ყველა სოფლის ამბულატორიის ექიმი ამ მიმართულებით გადავამზადეთ. თუმცა, ამბულატორიის ექიმის მიღმა, სხვა სპეციალისტთან კონსულტაციის და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის ჩართვაც შეიძლება გახდეს აუცილებელი. სწორედ ეს კომპონენტია, რომელიც სოფელში მცხოვრები ადამიანისათვის, ხშირ შემთხვევაში, ხელმისაწვდომი არ არის. უწევთ რეგიონულ ცენტრში, ან კიდევ თბილისში ჩამოსვლა. ამიტომაც, ტელემედიცინის პრინციპია, როდესაც ბავშვი, დედასთან ერთად, ოჯახის ექიმთან მიდის, ექიმი ეჭვს მიიტანს, რომ განვითარებაშია პრობლემა, სწორი დიაგნოსტიკა და ინტერვენციაა საჭირო, კომპიუტერის საშუალებით, სპეციალური პროგრამით, ჯავშნის სწორედ იმ სპეციალისტთან კონსულტაციას, რომელიც ბავშვს სჭირდება. თუ ეს კონსულტაცია, მაგალითად, მეორე, მესამე დღეს უნდა შედგეს, დედა და ბავშვი მიდიან ამბულატორიაში და ოჯახის ექიმთან ერთად, პირობითად, თბილისიდან, ონლაინაა ჩართული სპეციალისტი. ოჯახის ექიმი უხსნის, რაზე მიიტანა ეჭვი, რა გამოკვლევები ჩატარდა და თავის მხრივ, სპეციალისტის კონსულტაციასაც მიიღებს. პასუხის მიხედვით, მკურნალობის გაგრძელება შეიძლება, სხვადასხვანაირი იყოს. მაგალითად, შეიძლება სპეციალისტმა თქვას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა პროფესიონალის ჩართულობაცაა საჭირო. ვირტუალური სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთდროულად რამდენიმე ექიმი ჩაერთოს. სოფლიდან გაუსვლელად, შესაძლებელია, სპეციალისტების კონსილიუმი ჩატარდეს და კონკრეტულ შემთხვევაზე, ერთად იმსჯელონ.
- ეს სერვისი უფასოა. თუმცა, ის ახლა პროექტის ფარგლებში ხორციელდება. შერჩეული 50 ამბულატორიაც პილოტურ რეჟიმშია ჩართული. შესაბამისად, აღნიშნული სერვისი უფასოა პროექტის ფარგლებში. როდესაც ის სახელმწიფო სერვისად ყველა კლინიკაში დაინერგება, ჩვეულებრივ, რაც ღირდა ექიმთან კონსულტაცია, იგივე ფასი ექნება და აბსოლუტურად ყველა შეღავათი იმოქმედებს, რაც პირისპირ კონსულტაციის დროს იყო გათვალისწინებული.
- ერთ-ერთი სერვისი, რომელიც ასევე ინერგება, მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დისტანციური სესიების ჩატარებაა. უფრო უკეთ რომ წარმოიდგინოთ: მაგალითად, კონკრეტული სოფლის ამბულატორიას დარეგისტრირებულ არეალში, პირობითად, 200 ბავშვი ჰყავს. გვინდა, 20-25-კაციანი ჯგუფები შევქმნათ. აღნიშნულ ჯგუფებში მშობლები ერთდროულად გაივლიან საგანმანათლებლო სესიებს. სესია მხოლოდ სალექციო სახის არ იქნება. მას პროფესიონალი წარუძღვება, რომელსაც ექნება შესაბამისი კომპეტენცია, რომ მშობელთა ყველა კითხვას უპასუხოს. მშობლების 20-25-კაციანი ჯგუფიდან დისტანციური ურთიერთობის შედეგად წამოსულ ყველა კითხვას, სპეციალისტი 1,5-2 საათის განმავლობაში უპასუხებს. საქართველოში ექიმების დროის უქონლობის, შესაძლოა, კომპეტენციის ნაკლებობისა და სხვა პრობლემების გამო, მსგავსი საგანმანათლებლო ურთიერთობები მინიმუმამდეა დასული. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ჯგუფური სესიები გაკეთდება. დავყოფთ თემატურად, მაგალითად, სპეციალისტი ბავშვთა კვების შესახებ მშობლებს სრულად მიაწვდის ინფორმაციას და ამ გზით, ცნობიერების ამაღლებას ხელს შეუწყობს.
- ამ შემთხვევაში, მხოლოდ განვითარების მიმართულება გვაქვს აღებული. სხვა სპეციალისტები, ბავშვებთან მიმართებით, ჩართულნი არ გვყავს. საკითხს ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით. დისტანციურ კონსულტირებას თავისი, ძალიან დეტალური გაიდლაინი მოჰყვება, რომ „არ დავაშავოთ“ დისტანციური ურთიერთობით, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იმ სერვისით, რომელსაც ვაწვდით, არანაირ პრობლემას არ ვქმნით. რა თქმა უნდა, მსოფლიო პრაქტიკა არსებობს და ასეთ დისტანციურ კონსულტირებაში ინსტრუმენტული გამოკვლევებიცაა ჩართული. საწყის ეტაპზე იმ სერვისების ხელმისაწვდომობის გაჩენაზე მუშაობას ვიწყებთ, რომლებსაც მსგავსი ინსტრუმენტები და გამოკვლევები არ სჭირდება. მაგრამ, ეს არის მომავალი, რომლისკენაც მივდივართ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დისტანციური ექოსკოპია, ფილტვის მოსმენის შესაძლებლობა - როდესაც, სოფლის ამბულატორიაში ექიმი ფილტვის მოსასმენ აპარატს ბავშვს გულ-მკერდზე ადებს და კონკრეტული სპეციალისტი ისმენს აუსკულტაციურ მონაცემებს. ეს ყველაფერი მსგავს განვითარებას მიიღებს, მაგრამ ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ვართ.
- ჯერჯერობით, შედეგები მცირე, თუმცა ძალიან იმედისმომცემია. ოჯახს, რომელსაც ფინანსურად უჭირს და მათ შვილს მეტყველებისა და ქცევითი პრობლემები აქვს, პრობლემა ოჯახის ექიმმა დროულად აღმოუჩინა. დედამ ამომწურავი კონსულტაცია დისტანციურად მიიღო. კონსულტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ისიცაა, რომ დავაკვალიანოთ, სად მივიდეს, როგორ შეიძლება დაფინანსება მოიპოვოს, როგორ უნდა დარეგისტრირდეს, დადგეს მოლოდინის რეჟიმში, რომ პროგრამის ბენეფიციარი გახდეს და ასე შემდეგ. სხვა დროს, ალბათ, მშობელს თბილისში ჩამოსვლა და სპეციალისტებისა და ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება მოუწევდა.
ახლა ეყრება საფუძველი და ყველა ის სერვისი, რომელიც შეიძლება, დისტანციურად აიწყოს და მსოფლიო გამოცდილებაც ცხადყოფს, რომ ხარისხიანია, ნელ-ნელა საქართველოშიც დაინერგება.
- ყველა სამედიცინო სერვისი დისტანციურად ვერ წარიმართება. არ შეიძლება და აკრძალულია, რომ ჩანაცვლდეს. სწორედ ამიტომ, მივდივართ ზუსტად იმ გზით, რომელიც დადასტურებული და დამტკიცებულია, რომ დისტანციურად მიწოდების შემთხვევაში, არანაირ საფრთხეს არ ქმნის, სწორედ იმ სერვისებზე გავაკეთოთ აქცენტი. საგანმანათლებლო სესიები, რომლებზეც უკვე გესაუბრეთ, ახლა უნდა დავიწყოთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელზეც საუბარი გვექნება, არის ის, რომ ისეთ სერვისებს შევთავაზებთ დისტანციურად მოსახლეობას, რომელიც არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა.
სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი ელენე გვასალია აღნიშნული პროექტის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე გვესაუბრება:
- ტელემედიცინა საქართველოში კოვიდ პანდემიის მერე განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამჟამად „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეჟიმში დანერგილია ტელემედიცინის სერვისები საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ 50 სოფლის ამბულატორიაში. პირველადი ჯანდაცვის ობიექტები (ჩვენ შემთხვევაში, სოფლის ამბულატორიები) გადამწყვეტ როლს თამაშობენ არაგადამდებ დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტიკაში, მართვაში, ასევე მათთან დაკავშირებული გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირებაში. ჯანდაცვის სამინისტრომ, სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდისა და გაუმჯობესების მიზნით, პირველადი ჯანდაცვის სექტორში, ტელემედიცინის სერვისების დანერგა და 50 სოფლის ამბულატორია ტელემედიცინისთვის საჭირო ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვა. ამჟამად პროექტში ჩართულია, ერთი მხრივ, 50 სოფლის ამბულატორიის ექიმი და მეორეს მხრივ, აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ვიწრო სპეციალისტები: კარდიოლოგი, დერმატოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი. კომუნიკაცია ბენეფიციარსა და ექიმს შორის ძალიან მარტივად ამბულატორიაში, სოფლის ექიმის შუამდგომლობით არის შესაძლებელი.
როგორც მოგახსენეთ, კომუნიკაცია ხორციელდება უშუალოდ ტელემედიცინის განთავსების ადგილიდან, სოფლის ამბულატორიიდან. სამედიცინო ჩვენებიდან და ჩივილებიდან გამომდინარე, სოფლის ექიმი ჯავშნის ონლაინ ვიზიტს ვიწრო სპეციალისტთან, რის შემდეგაც, პირდაპირ რეჟიმში, შესაბამისი დამატებითი მოწყობილობების გამოყენებით ჩართვა ხორციელდება, რაც ექიმს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის საჭირო ინფორმაციას აძლევს. აღნიშნული სამედიცინო სერვისი პაციენტებისთვის გახლავთ სრულიად უფასო.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპილოტე რეჟიმი წარმატებით მიმდინარეობს. ტელემედიცინა საპილოტე რეჟიმში გასულ წელს ამოქმედდა და დღემდე, ყველა ასაკობრივი ჯგუფის, ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა ონლაინ კონსულტაციით. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია სოფლის ექიმებთან და ვცდილობთ, გავამარტივოთ და მოვარგოთ აღნიშნული პროცესი როგორც პაციენტებს ასევე ექიმებს. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - დამატებით 50 სოფლის ამბულატორიის ტელემედიცინის საშუალებით აღჭურვა იგეგმება.
თამარ იაკობაშვილი