როდის ღირს საბავშვო ბაღზე უარის თქმა ხშირი გაციებების გამო - ექიმ კომაროვსკის პასუხი - მშობლები

როდის ღირს საბავშვო ბაღზე უარის თქმა ხშირი გაციებების გამო - ექიმ კომაროვსკის პასუხი

2023-10-04 12:31:20+04:00

თუ ბაღის ბავშვი ძალიან ხშირად ავადობს ვირუსული ინფექციებით, ადრე თუ გვიან ნებისმიერი დედა დაფიქრდება, ხომ არ ჯობს ბავშვის საბავშვო ბაღიდან გამოყვანა, რომ მოშორებული იყოს ინფექციების მუდმივ წყაროს?

უდაო ფაქტია, რომ ბავშვთა დიდი ჯგუფები ვირუსების გამრავლების ნიადაგია და პატარების ადრეული სოციალიზაციის მინუსი სწორედ ეს გაუთავებელი გაციებებია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის წელიწადში ვირუსული ინფექციით 6-ჯერ-12-ჯერ ავადობა ნორმად ითვლება, ავად გახდომის ამდენი ფაქტი ბუნებრივია, მშობლებს აღიზიანებს და აშინებს. მართლაც რთულია, რომ საბავშვო ბაღში 3-დღიანი სირულის შემდეგ ბავშვი 3 კვირას სახლში ატარებს.

დიახ, ვიცით, ასე ყალიბდება იმუნიტეტი. მაგრამ თუ ბავშვს ყოველ ავად გახდომაზე სერიოზული მკურნალობა სჭირდება, მათ შორის ანტიბიოტიკების მიღება, იქნებ ჯობს საერთოდ უარი ვთქვათ საბავშვო ბაღზე? - ეს შეკითხვა ერთ-ერთმა დედამ ცნობილ უკრაინელ პედიატრს ექიმ კომაროვსკის დაუსვა.

„ვირუსი, გაციება, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია - მშობლების სწორი მოვლის პირობებში, აბსოლუტურად არ საჭიროებენ მედიკამენტების რეგულარულად მიღებას, მით უმეტეს, ანტიბიოტიკების დალევას. მთავარი კითხვაა: ბავშვის სხეული, მშობლების სათანადო მოვლის პირობებში, უმკლავდება ვირუსს დამოუკიდებლად, პრაქტიკულად, წამლების გარეშე?

ექსპერტის თქმით, ასეთ ინფექციებს განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება. კომაროვსკიმ არაერთხელ განმარტა, რომ ასეთ სიტუაციებში მნიშვნელოვანია ბინის ვენტილაცია და დატენიანება, ბევრი სითხის მიცემა და ადეკვატურად ჩაცმა ჩაფუთვნის და ზედმეტი გაშიშვლების გარეშე. აფთიაქში ყველაზე ხშირად საჭიროა მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარი და სიცხის დამწევი პრეპარატები.

”თუ მკურნალობის დროს ამ ჩამონათვალს არაფერი დაემატება, მაშინ საბავშვო ბაღში დაბრუნება შესაძლებელია და აუცილებელიც. თუ ყოველი გაციებისას მრავალი მედიკამენტი გჭირდებათ, თუ ვირუსი ხშირად რთულდება ისე, რომ ანტიბიოტიკების მიღება ყოველ სამ თვეში ხდება საჭირო, მაშინ ნამდვილად ღირს დაფიქრება, თუმცა არა იმდენად საბავშვო ბაღში წასვლა-არწასვლაზე, არამედ იმაზე, თუ რას არ აკეთებთ სწორად ბავშვის გაკაჟებისთვის“ - ამბობს კომაროვსკი.

ექსპერტის დასკვნით, ხშირი გაციება, რომელიც ბევრი მედიკამენტის გარეშე ჩაივლის, საბავშვო ბაღზე უარის თქმის მიზეზი არ არის. ხოლო თუ იქ ყოველი წასვლა უამრავ წამალს და გართულებას ნიშნავს, მაშინ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ განავითაროთ საბავშვო ბაღის გარეშე.