"რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში ის მოხდა..." - როგორია ცნობილი იუმორისტის რეალური ცხოვრება: დათუნა ტატულაშვილი ოჯახზე, ბავშვობასა და კარიერაზე - მშობლები

"რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში ის მოხდა..." - როგორია ცნობილი იუმორისტის რეალური ცხოვრება: დათუნა ტატულაშვილი ოჯახზე, ბავშვობასა და კარიერაზე

2023-10-07 15:31:20+04:00

დათუნა ტატულაშვილი, ბიჭი, რომელიც "დათუნატატ" - ამ სახელით არის "ტიკტოკზე" ცნობილი, იუმორისტია და 419.500-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მისი ვიდეოები ყოველდღიური ცხოვრების შარჟია. დათუნას კონტენტი ვირუსულად ვრცელდება არა მხოლოდ "ტიკტოკზე", არამედ - "ფეისბუქზეც". ერთი წელია, ის „შაბათის შოუს“ გუნდის წევრიც გახდა და მაყურებელმა უკვე აქედანაც გაიცნო.

AMBEBI.GE ცნობილ „ტიკტოკერს“ დათუნა ტატულაშვილის ესაუბრა.

- ინტერნეტვარსკვლავი ხარ - რას ნიშნავს ეს შენთვის?

- ბავშვობიდან ძალიან დაბალი თვითშეფასება მაქვს... დღეს ამდენი გამომწერი რომ მყავს, ხალხს რომ ვუყვარვარ და "შაბათის შოუს“ წევრი რომ ვარ, - ამას ვერასდროს წარმოვუდგენდი. ჩემთვის სიურპრიზია ის, რაც ახლა ხდება ჩემს ცხოვრებაში. მგონი, ამ ყველაფერში იღბალიცაა ჩართული.

- "ტიკ ტოკზე“ შენი უამრავი ვიდეოდან ერთი გამორჩეულად მიყვარს - სადაც საოცრად და უცნაურად ცეკვავ...

- ყველა ვიდეოს თავის ისტორია აქვს... ვხდები, რომელსაც გულისხმობთ... ერთხელ სამსახურიდან დაღლილი მოვედი, მუსიკას, რაც მაგ ვიდეოს ახლავს, შემთხვევით წავაწყდი, რომელზეც ვიღაც უცხოელი კაცი ცეკვავდა. იდეა გამიჩნდა - მეც ჩამეწერა... კერძო სახლში ვცხოვრობ, ეზოში გავედი, დედის, ბებიის ძველმანი ტანსაცმელი ჩავიცვი, იმ მუსიკაზე პირველივე ჩაწერაზე ეგ ვიდეო გამოვიდა, რაც მაგრად აიტაცეს.

- თბილისში რომელ უბანში ცხოვრობ და გაგვაცანი შენი ოჯახი.

- ლოტკინზე, ბოშათა დასახლებას რომ ეძახიან, იქ ვცხოვრობ. "ტიკ ტოკზე“ ბოშების თემასაც შევეხე, ვიდეოები ჩავწერე და მეგონა, ქუჩაში რომ შემხვდებოდნენ, პრობლემას შემიქმნიდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, მოეწონათ. ხან დაბადების დღეზე მეპატიჟებიან, ხან ტანსაცმელს მჩუქნიან - ბოტასი, „ბრიტვა,“ „კალგოტკაა“...

სახლში ერთად ვცხოვრობთ - მე, დედა, ბებია - მამაჩემის დედა და ჩემი 9 წლის ძმა. მამა საზღვარგარეთაა, ემიგრანტია. მას "თეატრალური“ აქვს დამთავრებული და ქორეოგრაფია, ადრე ბავშვებს ცეკვას ასწავლიდა. მერე ცხოვრებამ მოიტანა და უკვე 7 წელია ამერიკაშია. მყავს ორი ძაღლი და 4 თუთიყუშიც. ძალიან მიყვარს ფრინველები, ცხოველები და მცენარეები.

დედა ექთანია, მაგრამ თავისი პროფესიით არ მუშაობს. მე და დედა კარგი მეგობრები ვართ. კარგი კულინარია, სასწაული ხელის პატრონია, კარგ ხინკალს აკეთებს და რას არა. რომ ვთქვა, ხინკლის შეხვევა კარგად გამომდის-მეთქი, არა, კარტოფილის ხინკალს თევზის ფორმისას კი მშვენივრად ვართმევ თავს. სხვა კერძებსაც ვამზადებ. „სამზარეულოს ომებშიც“ ვმონაწილეობდი, ათეულში მოვხვდი.

განაგრძეთ კითხვა