ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მედეა ზირაქაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ უნდა ამოვიცნოთ დეპრესია ბავშვთა ასაკში და რა სიმპტომებზე უნდა გაამახვილოს მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება:
- არათუ სოციუმი, რომელსაც შეიძლება, ზოგადად, სამედიცინო სფეროსთან შეხება არ ჰქონდეს, არამედ თავად მკვლევარები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე, პრაქტიკულად, დეპრესიას არ აღიარებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ შეიძლება, დეპრესიის მსგავსი სიმპტომები არსებობდეს, მაგრამ დეპრესია, თავისი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებით, არ შეიძლება, რომ ბავშვთა ასაკში დადასტურებულიყო.
70-იანი წლებიდან ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.დაახლოებით, 1989 წლიდან დეპრესია კლასიფიკაციაში შევიდა და არც თუ ისე ძველი დიაგნოზია, რომ ამხელა ინფორმაცია იყოს. ლიტერატურაც არ არის ადვილად მოსაპოვებელი, რომელიც ძალიან ნათლად მიანიშნებს იმ სიმპტომებზე, რომლებზეც მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. არადა დეპრესია, თავისი მყარად ჩამოყალიბებული კლინიკური მახასიათებლებით, ნამდვილად არსებობს. ყველაზე პატარა ასაკი, როდესაც დეპრესიის დიაგნოზი შეიძლება დაისვას, 3 წელია. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ადრეულ ასაკშიც შეიძლება არსებობდეს. თუმცა, 3 წლის ასაკში დიაგნოზის დასმა უფრო ვალიდურია. 3 წელი არის ასაკი, როდესაც ბავშვებს უკეთესად შეუძლიათ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე საუბარი, სოციალური ურთიერთობები და მეტად მოეთხოვებათ გარკვეული ასაკობრივი ნიშანსვეტების გამოვლინება, რომლებიც ადრეულ ასაკში ასე მარტივად დასანახი არ არის. არსებობს 2 მნიშვნელოვანი წინაპირობა, რატომაც შეიძლება, მშობელმა დეპრესია ვერ შეამჩნიოს. შეიძლება, არ დაუშვას, რომ მის შვილს დეპრესია აქვს. გარდა ამისა, დეპრესიას, მიუხედავად თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული ნიშნებისა, ზრდასრულებისთვის განსხვავებული გამოვლინება აქვს. წინაპირობა იგივეა, მაგრამ კლინიკური გამოვლინებაა განსხვავებული. ბავშვებსა და მოზარდებში მიმდინარე დეპრესიაც უნდა გავმიჯნოთ. მოზარდობის ასაკში დეპრესია ზრდასრულთა დეპრესიას ემსგავსება. ამიტომაცაა, რომ იქ ეს უფრო მეტად ვერ გამოგვეპარება. მაგრამ, ბავშვებთან შეიძლება, ეს ნიშნები მშობლებს მარტივად გამოეპაროთ.
არსებობს ძირითადი და დამხმარე კლინიკური მახასიათებლები. ძირითადში 3 მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
დამხმარე სიმპტომატიკად განიხილება:
ერთი შეხედვით, ეს სიმპტომატიკა ბავშვებისთვისაც და მოზარდებისთვისაც, გარემოებებიდან გამომდინარეა დამახასიათებელი. ხან ცუდ ხასიათზეა, ხან კარგზე, ხანაც გაღიზიანებულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის დეპრესიაზე არ ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში მშობელი რადიკალურ ცვლილებაზე მიანიშნებდეს. წინა პერიოდში ამ სიმპტომებს ვერ ამჩნევდა, მაგრამ, თითქოს, რაღაც შეიცვალა მისი შვილის ცხოვრებაში, რაღაც ძალიან რადიკალური მოხდა. ეს რადიკალური ცვლილება მშობელს არ გამორჩება, რადგან სიმპტომატიკა საკმაოდ ინტენსიურია. ძალიან ხანგრძლივია დროში და მინიმუმ, 2 კვირის განმავლობაში გრძელდება.
ამიტომ, სიმპტომები მინიმუმ, 2 კვირის მანძილზე უნდა გრძელდებოდეს. პრაქტიკულად, ყოველდღე, 2 საათზე მეტი ბავშვს უნდა უვლინდებოდეს ის ნიშნები, რომლებზეც აღვნიშნეთ. ასევე, საკმაოდ შემაწუხებელი უნდა იყოს ოჯახისთვის. ვთქვით, რომ გუნება-განწყობის დაქვეითება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. თუ ზრდასრულებში მოწყენილობას, დაქვეითებულ განწყობას ძალიან აქტიურად ვხედავთ, ბავშვებში ეს ასე მარტივად დასანახი არ არის. ბავშვებში უფრო მეტად გაღიზიანებადობის სახით ვლინდება. ასეთ დროს ძალიან გაღიზიანებულები, ოპოზიციურები არიან. სიბრაზის აფეთქებები ახასიათებთ და პატარა გამღიზიანებელზე შეიძლება, ბომბებივით აფეთქდნენ.
პირველი გამოხატული ნიშანი, რაც შეიძლება შევამჩნიოთ, ქცევის მკვეთრი ცვლილებაა ნეგატივიზმისკენ.
საინტერესოა ისიც, რომ თუ ბავშვებს დეპრესიის დროს საზოგადოებისაგან იზოლაცია ახასიათებთ, მოზარდებში ეს შეიძლება, პირიქით გამოვლინდეს. ისინი თანატოლებთან ურთიერთობისთვის ისწრაფვიან, ეძებენ თანამოაზრეებს საკუთარ პრობლემებში. გოგონებში განსაკუთრებით უნდა ვიფრთხილოთ და მშობელი ძალიან უნდა დააკვირდეს იმას, რომ თუ ორი თანატოლი ერთმანეთს ძალიან მკვეთრად გაუზიარებს სიმპტომატიკას, სიმპტომები კიდევ უფრო მეტად ძლიერდება და ამან შეიძლება, დამანგრეველი ეფექტი მოახდინოს. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სუიციდი, ამ ასაკისათვის ძალიან მკვეთრად დამახასიათებელია.
ანჰედონია ყველაზე კარგი დასანახი განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებშია. ისინი უარს ამბობენ თამაშის პროცესზე. რამდენადაც მათთვის გარკვეული აქტივობები სასიამოვნო იყო, მშობელი ამჩნევს, რომ იმაზე, რაც წინათ მოსწონდა, ამბობს, რომ სისულელე და უსარგებლოა. თამაშზე დაკვირვებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია დეპრესიაზე მიგვანიშნოს.