ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი ხათუნა გოგელია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანთან ტოქსიკური ურთიერთობა:
- ადამიანი პარტნიორის საჭიროებებს აიგნორებს. გამუდმებით სარკაზმით, ან დაცინვით ეპყრობა მას, ვისთანაც ურთიერთობაშია. არის ისეთი მომენტი, როდესაც ქრონიკული დამცირება, კრიტიკა მიდის. ადამიანი შეიძლება ყვირილით, მრისხანებით გამოხატავდეს თავის აზრს. აქვს ფიზიკურად აგრესიული ქცევები. შეიძლება, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდეს. შესაძლოა, ცემაც იყოს, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ისიც საკმარისია, თუნდაც უხეშად ხელი კრას და ეს ხშირად ხდებოდეს. ფიზიკური ძალადობა, ერთმნიშვნელოვნად, ტოქსიკურ ურთიერთობაში მოიაზრება.
თუმცა, ფსიქოლოგიური ძალადობაც ტოქსიკური ურთიერთობაა. გარდა ამისა, ის შეიძლება, კონტროლს ახორციელებდეს. "სად ხარ? როდის მოხვალ? რას აკეთებ?" - მოჭარბებული კონტროლი, რომელსაც ერთი მეორეს მიმართ გამოხატავს, დამთრგუნველია. ადამიანი თავს დამცირებულად გრძნობს. შეიძლება, თავად არ იცის, მაგრამ ქრონიკულად ცუდ გუნება-განწყობილებაზეა და ვერ ხსნის, რატომაა ასე. ქრონიკული დაძაბულობა აქვს, რომ რამე არ შეეშალოს და ამაზე შენიშვნა, მრისხანება არ მიიღოს. შესაძლოა, მას ასეთი რამ ოჯახში უნახავს და ჰგონია, რომ უნდა მოითმინოს და ეს ურთიერთობის ჩვეული ფორმაა.
კომუნიკაციის დეფიციტი ტოქსიკური ურთიერთობის ნიშანია. ადამიანი არ კითხულობს, არ შემოდის კონტაქტში - არ ინტერესდება, როგორ გაატარე დღე, რამე ხომ არ გჭირდება. არ არის ელემენტარული კომუნიკაცია, რომლითაც ურთიერთობა მშვიდი და თანმიმდევრული ხდება. ასეთ დროს უნდა დაჯდე და გააცნობიერო, რა გჭირს და რამ გამოიწვია ეს პროცესი. არც ერთი მდგომარეობა თავისით არ გადაწყდება, საპასუხო, ახალი ქცევა თუ არ ჩაერთვება.