"სხვა გოგონები ქმრებს რომ ვერ გაუბედავენ და ეტყვიან, ისეთ რამესაც კი ვუყვები" - "მეგობრის მოღალატე ქეთის" ცხოვრება ეკრანს მიღმა - მშობლები

"სხვა გოგონები ქმრებს რომ ვერ გაუბედავენ და ეტყვიან, ისეთ რამესაც კი ვუყვები" - "მეგობრის მოღალატე ქეთის" ცხოვრება ეკრანს მიღმა

2023-10-14 19:20:31+04:00

სერიალში "სიყვარულს მიღმა" ახალი პერსონაჟი გამოჩნდა - ქეთი, რომელსაც მსახიობი ანანო მგალობლიშვილი განასახიერებს. როგორც ჩანს, ქეთის გარშემო ამბავი საინტერესოდ განვითარდება, ამ პერსონაჟში ინტრიგა უდავოდ დევს. მისი გმირის გარშემო განვითარებულ ამბებს უკვე მოჰყვა კრიტიკა მაყურებლის მხრიდან და მეგობრის მოღალატესაც უწოდებენ...

სერიალში თამაშის პარალელურად, რას საქმიანობს ანანო მგალობლიშვილი, როგორ აღმოჩნდა ამ სერიალში, რას თვლის თავის ყველაზე დიდი სისუსტედ, რას ნანობს და ფიქრობს საკუთარ პერსონაჟზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 22 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ადრეული ბავშვობიდან მომწონდა ტელევიზია, გადაღებები და ყურადღების ცენტრში ყოფნა მსიამოვნებდა. ძალიან პრანჭია გოგო არ ვიყავი, მაგრამ გახლდით კომუნიკაბელური და პირველობის, თავის გამოჩენის სურვილიც მქონდა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ახლა აღარაფერს შევცვლიდი, მაგრამ ეს ვინმეს 4 წლის წინ რომ ეკითხა, მაშინ ჩემი პასუხი განსხვავებული იქნებოდა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ჩემს ადგილზე ზოგიერთს შეიძლება ეთქვა უნივერსიტეტში ჩაბარება, ამერიკაში სწავლა, სადაც სამსახიობოს განხრით 1-წლიანი პროგრამა გავიარე ან შეიძლებოდა ეთქვა ამ სერიალში გამოჩენა... მე წარმატება უფრო დიდი რამ მგონია და იმედია, ეს სიხარული წინ მელოდება.

- სერიალში "სიყვარულს მიღმა"...

- ...კასტინგის გზით აღმოვჩნდი, მაგრამ მე ვიყავი სულ სხვა პროექტის კასტინგზე მისული, რომელიც არ გამოვიდა. ჩემმა კასტინგ-მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, ის პროექტი არ გამოდის, გადაიდო და სურვილი თუ გექნება, სერიალის "სიყვარულს მიღმა" ახალი სეზონი იწყება, ახალი პერსონაჟი შემოდის და აქ ითამაშეო. ასე აღმოვჩნდი ამ პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ მასში მონაწილე მსახიობების ნაწილს ბავშვობიდან ვიცნობდი, ნაწილს - შორიდან, პირველ დღეს გადასაღებ მოედანზე მაინც ცოტათი ვინერვიულე. ჩემი პერსონაჟი პირდაპირ პანაშვიდის სცენაში აღმოჩნდა. მგონი, თავი კარგად გავართვი. სასიამოვნო სამუშაო გარემოა. ანკა ვასაძის პერსონაჟის გარდაცვალება მაყურებელმა ცოტა რთულად გადაიტანა და როცა სერიალს ასეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი აკლდება, არა მგონია, ახლის მიმართ მიმღებლობა ერთგვაროვანი იყოს: ვიღაც უფრო კარგად მიიღებს ქეთის, ვიღაც - ნაკლებად.

- ქეთის გამოჩენას ინტრიგაც ახლდა.

- ვთვლი, რომ ქეთი დადებითი პერსონაჟია.

296088268-10160599616558826-5561554110945512263-n-1697297633.jpg

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილი, 2 წლის გოგონა. როდესაც ეკრანზე მხედავს, ძალიან უხარია. ჩემგან განსხვავებით, აქტიური ბავშვია, ყველაფერი აინტერესებს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიმოგზაურო. რა დროსაც უნდა მკითხო, - რა გინდაო? გიპასუხებ, - სადმე წასვლა. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ახლა აზიური ეგზოტიკა მეტად მიზიდავს, ვიდრე - ევროპა. ბრაზილია ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. ქრისტეს ქანდაკებასთან მთხოვა ხელი ჩემმა მეუღლემ (რეჟისორი ლაშა ბოლქვაძე), იქ დამნიშნა.

- ამ დღის შესახებ მეტი მიამბე.

- ჩაფიქრებული ჰქონდა, საქორწინო ბეჭედი დრონს მოეტანა, მაგრამ იქ გადაღება აკრძალული აღმოჩნდა. ქანდაკებასთან ხელებგაშლილი ფოტოს ქვედა რაკურსით რომ იღებ, ისე აღიქმება, თითქოს ქრისტეს ქანდაკებასთან ხელებს აერთებ. ლაშამ იქ ისე დამაყენა, მეგონა, ფოტოს მიღებდა და უეცრად ბეჭედი მომცა. ამიტომ ბრაზილიაში მოგზაურობა ჩემთვის სხვა ემოციასთანაა დაკავშირებული. ქვეყანა, რომელიც გამორჩეულად მიზიდავს, არის ამერიკა, ნიუ-იორკი. იქ რომ ვცხოვრობდე, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი.

- სერიალში გადაღების პარალელურად რას საქმიანობ?

- ტელევიზიებში სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. სულ კამერის წინ ან კამერის მიღმა ვარ. ბოლოს "ვოისზე" ვიმუშავე. ხან პროდიუსერი ვარ, ხან რეჟისორის ასისტენტი, ხან თავად მე მიღებენ. მიმყავდა ამინდის პროგნოზიც. მეუღლესთან ერთად ერთ პროექტზეც მიმუშავია, "ცეკვავენ ვარსკვლავებზეც" ერთად ვმუშაობდით.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ყველაფერი. როცა ერთხელ თავად შემეშალა, ვისწავლე, მომავალში რა აღარ უნდა დამეშვა, მანამდე არავის მაგალითი არ გამითვალისწინებია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...არც ისე პატარა ვიყავი, თან ის სიყვარული 8 წელიწადს გრძელდებოდა. დღეს მგონია, ის გრძნობა მაინც ბავშვური იყო, ტოქსიკური მიჯაჭვულობით. მაშინ დათმობებზე არ მივდიოდი, სხვაგვარი ვიყავი თავადაც. დღეს გააზრებულად მიყვარს, დათმობებზეც მივდივარ და შევიცვალე კიდეც.

- ლაშამ რით მოგხიბლა?

- ძალიან გაწონასწორებული ადამიანია, გამგებია. ცოტა საშიშად გამგებიც. იმდენად არ აქვს პრობლემა არაფერზე, სხვა გოგონები ქმრებს რომ ვერ გაუბედავენ და ვერ მოუყვებიან, ისეთ რამესაც კი ვუყვები. კომფორტულია, ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. ლაშასთან მშვიდად ვარ და ეს სიმშვიდე ჩემთვის ბევრს ნიშნავს. იხილეთ სრულად