ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს, რა იწვევს ყველაზე ხშირად გოგონებში ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, რაში უშლის ეს მათ ხელს სამომავლოდ და რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ პრობლემა თავიდან აირიდოთ:
- მედიკოსთა ის ნაწილი, რომელთაც ნაადრევ სქესობრივ მომწიფებასთან აქვს შეხება, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, ცალსახად ხაზგასმით ამბობს, რომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით გოგონებში, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება შეინიშნება.საკითხთან დაკავშირებით უამრავი კვლევაა ჩატარებული. ზოგიერთი კვლევა ცხადყოფს, რომ 7 წლის გოგონას შესაძლოა, უკვე მეორადი სასქესო ნიშნები ჰქონდეს. მაგალითად, მკერდის ზრდა აღენიშნებოდეს, რაც ვფიქრობ, ძალიან ადრეა. ჩატარებული კვლევების შეჯამებით დადგინდა, რომ 1970 წლიდან სქესობრივი მომწიფების ასაკი ათწლეულში, სავარაუდოდ, 3-4 თვით ახალგაზრდავდება, კიდევ უფრო წინ მიიწევს და საბოლოოდ, ასეთ შედეგს ვიღებთ. მხოლოდ ერთი მიზეზის გამოყოფა ნამდვილად გამიჭირდება. ეს ფაქტორთა ერთობლიობითაა გამოწვეული. ის ბავშვები, რომლებსაც ნაადრევი სქესობრივი მომწიფება აქვთ, სამომავლოდაც რისკის ქვეშ დგანან. მათში ერთმნიშვნელოვნად იზრდება დეპრესია, შფოთვა, ფსიქიკური აშლილობა, სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულება. ზოგიერთი კვლევა ცხადყოფს იმასაც, რომ ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მქონე გოგონებში შესაძლოა, სამომავლოდ საშვილოსნოსა და ძუძუს კიბოს განვითარების რისკი და ალბათობა გაიზარდოს. 6-7 წლისთვის ეს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მდგომარეობა არ არის და ამისთვის ბავშვის ორგანიზმი მოუმზადებელია.
ჩატარებული კვლევების თანახმად, ჭარბი წონა და სიმსუქნე გახლავთ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება, გოგონებში ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას ხელი შეუწყოს. ამან განსაკუთრებით თავი პანდემიის დროს იჩინა. პრობლემა უმოძრაო ცხოვრების წესს, ეკრანთან ხშირ ყოფნას, არაჯანსაღ საკვებსაც დაუკავშირეს. თითქოს, პანდემია ხომ დასრულდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგებს ახლა ვხედავთ. ეს ეხება ძილის დარღვევებს, ეკრანთან დროის გატარების გაუსაძლის მოთხოვნილებას, ტელეფონთან ურთიერთობას და ასე შემდეგ.
დანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჭარბი წონისა და ნაადრევი სქესობრივი მომწიფების კავშირის დასადგენად სხვადასხვა კვლევა ჩატარდა და მონაცემები ერთმანეთს შეადარეს. დანიაში ბავშვთა ასაკში ჭარბი წონითა და სიმსუქნით დაავადებული პირები ძალიან იშვიათია. შესაბამისად, ე.წ. ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ბუმიც მინიმალურადაა გამოხატული, რასაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვერ ვიტყვით. არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე ესთეტიკური პრობლემა არ არის. ფესვი საკმაოდ ღრმაა და მეტაბოლიზმის დარღვევასა და ნივთიერებათა ცვლის პრობლემას უკავშირდება.
ბრიტანელმა მკვლევრებმა ჰორმონი ლეპტინი გამოიკვლიეს. ჰორმონ ლეპტინს "სიმსუქნის ჰორმონსაც" ვუწოდებთ. სწორედ ლეპტინიც ახდენს განსაზღვრულ გავლენას ნაადრევ სქესობრივ მომწიფებასთან მიმართებაში.
თუმცა, ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მიზეზი მხოლოდ სიმსუქნე და ჭარბი წონა არ არის. კვლევების შედეგად, გამომწვევი ფაქტორები ასეთია:
ამავე გადაცემის სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულებში ჩატარებული სამეცნიერო კვლევებისა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ სხვადასხვა ჰიგიენური თუ კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი ნივთიერებები, განსაკუთრებით ფტალატები, პარაბენები, ფენოლები, მათ შორის, ტრიკლოზანი, ბავშვის ენდოკრინულ სისტემას აზიანებს, იწვევს ჰორმონალურ ცვლილებებს და სქესობრივ მომწიფებას აჩქარებს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, მცირეწლოვნებთან ზედმეტი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისაგან თავი შევიკავოთ. კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების შეძენისას კი ყურადღებით წავიკითხოთ შემადგენლობა და ხარისხიანი პროდუქტები შევიძინოთ, რომლებიც პარაბენებს, ფტალატებს, ბისფენოლ A-სა და ტრიკლოზანს არ შეიცავს.