საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შვილიშვილი საქართველოში მოინათლა, წმინდა ნინოს ეკლესიაში. ვიდეო ნათლობის პროცესიდან სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა.
შემდეგ კი ახალ გაქრისტიანებულ მარიამთან ფოტოც გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილს ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი, ქეთევანი და თემური, რომლებიც საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. ქალბატონ სალომეს შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა. ისინი გამართულად საუბრობენ ქართულად. "მყავს ვაჟი თემური და გოგონა ქეთევანი. თემურიც დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია...", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი ფრანგული ტელეკომპანიის, France 24-ის ჟურნალისტია, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე ამზადებს სიუჟეტებს და უძღვება გადაცემებს.
სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა არა მხოლოდ ქალიშვილი მონათლა საქართველოში, არამედ წლების წინ ჯვარიც აქ დაიწერა საყვარელ ქალზე.
სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი და მისი შვილების მამა ნიკოლოზ კოკი გორჯესტანი იყო, რომელიც 22 წლის ასაკში რომში გაიცნო. "პირველი მეუღლე სპარსეთში, თეირანში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი იყო, გვარად გუგუშვილი. მისგან ორი შვილი მყავს, გოგონა და ბიჭი... ჩემს ქმარს სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა ჰქონდა, განსხვავებული მეგობრები გვყავდა. ის, რამაც ერთ დროს დაგვაახლოვა, ვხედავდი, რომ აღარ გვაერთიანებდა. ბავშვებიც ვერ შველოდა ჩვენს კავშირს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორი პატარა ბავშვით ხელში, ვენაში ჩავედი. ამ დროს ქმართან თითქმის გაყრილი ვიყავი. აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი, მაგრამ რთული ეტაპი. რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, რომ ჩემი მარტოობა არ ჰგავდა რომში გატარებული უდარდელი ახალგაზრდობის წლებს. ეს არჩევანი თვითონ გავაკეთე, და სულ ვფიქრობდი, სწორად მოვიქეცი თუ არა. თითქოს ბანალური ისტორიაა, მაგრამ ტრადიციებისადმი ჩემი ერთგულების გამო, შევეცადე, მებრძოლა და გადამერჩინა ის, რაც ყოველთვის მთავარ მოვალეობად მიმაჩნია. ვგრძნობდი, რომ ყოველდღიური ყოფა თავისი ჭირითა და ლხინით, გართობით, მოგზაურობით აღარ მყოფნიდა. მინდოდა, რაღაც განსხვავებული, რაც წინ წამწევდა და რაც მას, ალბათ, არ ესმოდა. საჭირო გახდა, შესაფერისი ფორმა მომეძებნა ბავშვებისთვის რომ, რაც შეიძლება, ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო. არ ვიცოდი, რა მეთქვა მათთვის, რომლებსაც ეგონათ, რომ მათი მშობლების დაშორების მიზეზი ჩემი ახალ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა იყო. განუწყვეტლივ იმაზე ვფიქრობდი, როგორ წარმემართა ჩემი ცხოვრება, რომ ზედაპირული არ გამხდარიყო", - იხსენებს სალომე ზურაბიშვილი.
კოკი გორჯესტანი პროფესიით ეკონომისტია და ვაშინგტონში მსოფლიო ბანკში მუშაობს.
მეორე ოჯახი მოგვიანებით შექმნა, თუმცა დიდი სიყვარულით, რომელიც დღემდე მოჰყვება. მისი მეუღლე ჯანრი კაშია საქართველოში ცნობილი პიროვნება გახლდათ და ბევრისთვის საყვარელი. როგორც ქალბატონი სალომე ამბობს, ის გრძნობა და სიყვარული, რომელიც ქმართან აკავშირებდა, მისი გარდაცვალების შემდეგაც არ განელებულა.