ბევრი მშობელისგან მოისმენთ ჩივილს, რომ ბავშვის ყელი წითელია. ამ დროს სხვადასხვა შესასხურებლის თუ საწუწნი აბების გამოყენებას იწყებენ. ოტორინოლარინგოლოგები კი განმარტავენ, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში და რა შემთხვევებში სჭირდება წითელ ყელს მკურნალობა.
სპეციალისტების თქმით, ყელის სიწითლის კლინიკური მნიშვნელობა, თუ სხვა საშიში სიმპტომები არ ახლავს, დაახლოებით ნულის ტოლია.
ლორწოვანი გარსის ნორმალური ფერი ვარდისფერია (ოდნავ სიწითლისკენ გარდამავალი). უხეშად რომ ვთქვათ, ფარინგეალური ლორწოვანი გარსის სიწითლე სხვა არაფერია, თუ არა ფარინქსის რეაქცია გარედან შემოჭრილი მიკრობების საპასუხოდ, რაც მცირე სისხლძარღვების გაფართოებით გამოიხატება. სხვათა შორის, ეს რეაქცია არა მხოლოდ რესპირატორული ინფექციების დროს ხდება. ყელი შეიძლება გაწითლდეს ტირილისგან, ხმამაღლა სიმღერისგან, ზოგიერთი ცხარე ან მძაფრსანელებიანი საკვების მიღებისას, თუნდაც ეს პიცის ნაჭერი იყოს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მდგომარეობა, მაგალითად, ქრონიკული ტონზილიტი, ყელის სიწითლეს წელიწადის ნებისმიერ დროს იწვევს.
ყელის სიწითლის მოსარჩენად გამოყენებული ადგილობრივი მოქმედების მედიკამენტების გაუმართლებელი გამოყენება ხშირად ლორწოვანი გარსის სიმშრალეს და გაღიზიანებას, ასევე ნორმალური მიკროფლორის დისბალანსს იწვევს. შედეგად, ასეთი მკურნალობის შემდეგ ყელი შეიძლება კიდევ უფრო გაწითლდეს.
ირკვევა, რომ გაციებული ბავშვის მდგომარეობის შეფასებისას ყელის ფერი არ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი ტკივილია.
ყელის ტკივილს, სიწითლისგან განსხვავებით, მკურნალობა სჭირდება.
თუ ბავშვი გაციების დროს ყელის ტკივილს უჩივის, ამ შემთხვევაში შეიძლება და საჭიროცაა ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და თბილი სითხეების გამოყენება . თუ ტკივილი ძლიერია, იბუპროფენის ან პარაცეტამოლის მიცემაც რეკომენდებულია ასაკის შესაბამისი დოზით.
თუ 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვს ყელი ტკივა, რომელსაც თან ახლავს ცხელება, გადიდებული ლიმფური კვანძები, მაგრამ არ აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი ხველა ან სურდო, სტრეპტოკოკულ ინფექციაზე უნდა გამოიკვლიოთ. დიაგნოზი ყელის ნაცხით დგინდება; რომლის პასუხიც 1-2 დღეში იქნება.
თუ ბავშვს ყელი ისე სტკივა, რომ პირის გაღებაც კი არ შეუძლია, ეს სერიოზული გართულების ნიშანია და ასეთი ბავშვი რაც შეიძლება მალე უნდა აჩვენოთ ექიმს. თუმცა, მსგავსი გართულებები საკმაოდ იშვიათია.