მომღერალი თიკა ჯამბურია გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" საუბრობს, როგორ დაიკლო 25 კილოგრამი და რას აკეთებს, რომ წონა შეინარჩუნოს:
- მიზეზი იმისა, რომ ასე შევიცვალე, პირველ რიგში, თავად ვარ. ახლა საკუთარ თავთან კომფორტში ვარ და ჩემი თავი ასმაგად შემიყვარდა. იმას არ ვამბობ, რომ იქამდე ჩემი თავი არ მიყვარდა, თიკა არ მომწონდა და ცუდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ, მაინც გულის სიღრმეში ეს ყველაფერი მაწუხებდა. ალბათ, არ ვაღიარებდი. ახლა ჩემს საწადელს რომ მივაღწიე და დავკარგე კილოგრამები, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. როდესაც შენი თავით კმაყოფილი ხარ, ადამიანს გეტყობა როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულადაც. 9 თვეში 25 კილოგრამი დავიკელი. ხშირად მეკითხებიან, როგორ გავხდი. მგონია, რეალურად, ყველა ადამიანმა იცის, როგორ უნდა გახდეს, უბრალოდ, ამას არ აღიარებენ, ან მარტივ გამოსავალს ეძებენ. ერთადერთი გამოსავალი არჭამა, ან უბრალოდ ცხოვრების სტილის შეცვლაა. იქიდან გამომდინარე, რომ წონას 12 წელი ვებრძოდი, გადავწყვიტე, რომ ცხოვრების სტილი შემეცვალა. რაციონიდან ამოვიღე ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა - გაზიანი სასმელები, ცომი, ცხიმი, შაქარი. ღამით არავითარ შემთხვევაში არ ვჭამ. სულ რომ ძალიან მშიოდეს, წყალს ვსვამ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ადამიანს, როცა რაღაცის წახემსება გინდა, იმ მომენტში წყალი რომ დალიო, შეგიძლია, წყურვილით კვების სურვილი მოიკლა. ასევე, ვვარჯიშობ და ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ. თუ შორ მანძილზე ვარ წასასვლელი, ვგეგმავ ხოლმე, რომ რამდენიმე საათით ადრე გავიდე და ფეხით მივიდე. კვირაში რამდენიმე კილომეტრი აუცილებლად უნდა გავიარო, რომ ეს ჩემი წონა დავარეგულირო. ან თუ ისეთ რაღაცას მივირთმევ, რაც ზედმეტად კალორიულია, მეორე დღეს განტვირთვის დღე მაქვს.