ბავშვის დაბადებასთან ერთად, დამსაქმებლების თვალში, ხშირად ქალი თანამშრომლის "ფასი" თურმე ეცემა მთელ მსოფლიოში. დამსაქმებლები ხშირად თვლიან, რომ ამ დროს დედები სამსახურებრივ გამოცდილებასა და საჭირო უნარებს კარგავენ და ანაზღაურებასაც უმცირებენ. სწორედ აღნიშნული ტენდენცია გამოიკვლია ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, კლაუდია გოლდინმა. 2023 წლის ოქტომბერში კი მას ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
საუკუნეების განმავლობაში, დასაქმების სფეროში არასწორი პრაქტიკაა დამკვიდრებული. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ქალებიც და კაცებიც ზუსტად ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებდნენ და მათი ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვაც ერთნაირი იყოს, ქალებს მაინც ნაკლებ ანაზღაურებას სთავაზობენ. დიდი ხნის განმავლობაში, ეს მდგომარეობა ქალების გადაჭარბებული ემოციურობით, ფიზიკური სისუსტით, ოჯახის კარიერაზე მაღლა დაყენების "თანდაყოლილი" ტენდენციით და წარსულის სხვა სტერეოტიპებით აიხსნებოდა.
თუმცა, ამერიკელმა ექსპერტმა, კლაუდია გოლდინმა ქალების ხელფასის სტატისტიკის შესასწავლად ეროვნულ არქივს მიმართა და 2-საუკუნიანი ინტერვალი გააანალიზა. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით კი თქვა, რომ ქალის თვის საშუალო შემოსავალი ვარდნას პირველი შვილის გაჩენის შემდეგ იწყებს და ამას პროფესიის არასწორ არჩევანსა და ფსიქიკურ მახასიათებლებთან საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში, ბევრ ქალს შვილის აღზრდასა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. მამაკაცებში კი ასე, როგორც წესი, არ ხდება.
დღესაც, თანაბარი ანაზღაურების კანონების მიუხედავად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალები კაცებზე 10-20%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ.
მკვლევარი კლაუდია გოლდინი 1946 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა. 1967 წელს კორნელის უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და ეკონომიკის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ორი წლის შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო. 1972 წელს კი ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მას შემდეგ, მისი მიღწევებისა და სამეცნიერო წოდებების სია ყოველწლიურად იზრდება. 2023 წლის ოქტომბერში გოლდინი მესამე ქალი გახდა, რომელმაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
გოლდინის სამეცნიერო მსოფლმხედველობაზე ეგრეთ წოდებულმა "ფემინიზმის მეორე ტალღამ" დიდი გავლენა იქონია, რომელიც აშშ-ის ისტორიის 1960-იანი წლებიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. თუკი "პირველი ტალღის" დროს ქალები უბრალოდ მოითხოვდნენ, რომ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ, შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს საკმარისი არ იყო და ბრძოლა თანაბარ პირობებში განათლებისა და სამსახურის უფლებისთვის დაიწყეს. აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ სექსიზმს და ცდილობდნენ, არასწორად დამკვიდრებული შეხედულებები დაერეგულირებინათ.
კლაუდია ამ საკითხებით უკვე მრავალი წელია, დაინტერესდა. ჯერ კიდევ 20 წლის წინ მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნავდა, რომ ქალებს შეუძლიათ, შეგნებულად დაგეგმონ თავიანთი კარიერა და შვილების გაჩენა მოგვიანებით გადადონ. რა თქმა უნდა, თუკი ეს თავად უნდათ. იმავე პერიოდში ხელმისაწვდომი და იაფი კონტრაცეპტივები გამოიგონეს, რამაც შესაძლებელი გახადა, ქალებს ოჯახი საკუთარი სურვილის შესაბამისად დაეგეგმათ.
მაგრამ, ასეთი "ფუფუნება" ამერიკელი ქალებისთვის გასული საუკუნის პირველ ნახევარში ხელმისაწვდომი არ იყო. 30-იან წლებამდე მხოლოდ გაუთხოვარ გოგოებს ჰქონდათ საშუალება, ემუშავათ და საკუთარი ხელფასი ჰქონოდათ. ქორწინების შემდეგ კი მათ ქმარსა და შვილებზე ზრუნვა მთელ დროსა და ენერგიას ართმევდა.
დიდი დეპრესიის დროს ქალები, გარდა ოჯახურ კერაზე ზრუნვისა, იძულებულნი იყვნენ, მეუღლეებთან ერთად ფიზიკურად თანაბრად ემუშავათ, რომ შვილები შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ომის წლებში კი ამერიკელ ქალებს მოუწიათ, ფრონტზე წასული მამაკაცების საქმეებს სწრაფად დაეუფლებოდნენ და ახალი პროფესიები შეეძინათ. თუმცა, ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თითქმის ყველა ქალი იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა და ადგილი მამაკაცებისთვის დაეთმოთ.
დამსაქმებლების არგუმენტი კი ასეთი იყო: კარიერული განვითარებით ზედმეტად დაკავებული ქალები მოსიყვარულე და დედები ვერასოდეს გახდებიან. ამიტომ, 60-იანი წლების დასაწყისამდე გოგონებს, მიუხედავად კარგი უნარებისა და ცოდნისა, მხოლოდ დიასახლისობის პერსპექტივა ჰქონდათ.
თუმცა, თავად კლაუდია გოლდინი შეიძლება იმ იშვიათად იღბლიან ქალად მივიჩნიოთ, რომელმაც წლების წინ შესანიშნავი კარიერის აშენებაც შეძლო და შვილების აღზრდაც. ამაში მის მეუღლესაც მნიშვნელოვანი როლი აქვს. იგი 30 წელზე მეტია, დაქორწინებულია. ქმარი, ლოურენსი, ყველაფერში მხარს უჭერს, ამხნევებს, მასთან ერთად ინაწილებს ფუნქციებს და იმავე სამეცნიერო სფეროშია, რომელშიც კლაუდია. ლოურენსიც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორია, კლაუდიას ზოგიერთი სტატიის თანაავტორია და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, ქალებისთვის ორალური კონტრაცეპტივების მნიშვნელობაზე.
კვლევაში "ქალთა შრომის ბაზარი: გამოწვევები და პერსპექტივები", რომელიც ქალთა დასაქმების ევოლუციას ეძღვნება, კლაუდია გოლდინი, სხვა საკითხებთან ერთად, მე-20 საუკუნის ცნობილი ფემინისტების მუშაობას ეყრდნობა. შესწავლილ წყაროებს შორის ცნობილი წიგნი "ქალური მისტიკა" იყო, რომელიც ჟურნალისტმა ბეტი ფრიდანმა ჯერ კიდევ 1963 წელს დაწერა და აღწერა, როგორ გახდნენ მისი თანატოლები შესანიშნავი უმაღლესი განათლებითა და კარგი უნარებით დიასახლისები. ჟურნალისტი აღწერდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მდიდარ ადამიანებზე დაქორწინდნენ, ცხოვრობდნენ კომფორტულ სახლებში და ჰყავდათ ჯანმრთელი შვილები, ასეთი ქალები თავს ბედნიერად არ გრძნობდნენ. მაშინ ამერიკელ დედებსა და ცოლებს სამთავრობო პროპაგანდა განსაკუთრებით ადიდებდა, თავდადებისთვის აქებდა. თუმცა, ქალები მიხვდნენ, რომ რაღაც უფრო მეტი სჭირდებოდათ, ვიდრე ეს სახლში დაჯდომა იყო. საკუთარი, დამოუკიდებელი შემოსავალი და განვითარება უნდოდათ. ზოგიერთმა ქალმა შვილების გაზრდის შემდეგ, მაინც იპოვა ძალა, რომ სამსახური ეშოვა. ბევრი კი მხოლოდ დიასახლისობას დასჯერდა. მამაკაცებს კონკურენციას ვეღარ უწევდნენ, რადგანაც დროსთან ერთად, ცოდნა და საჭირო უნარებიც დაკარგეს, თუმცა კარიერული თვალსაზრისით წარმატების მიღწევა მაინც მოახერხეს. შესაბამისად, მკვლევარმა ეს ფაქტი გამოკვეთა და თქვა, რომ ქალებს შვილების გაჩენის შემდეგ დამსაქმებლები იმაზე ნაკლებს უხდიან, ვიდრე მამაკაცებს.
ნობელის პრემია 1895 წელს დაარსდა, თუმცა მისი მინიჭება 1901 წლიდან იწყება. პირველი ლაურეატი ქალი მარი სკლოდოვსკა-კიური იყო. მან ნობელის პრემია ორჯერ მიიღო.
2023 წლის მონაცემებით, ნობელის პრემია 64 ქალს გადაეცა. ცხრამეტმა ლაურეატმა პრემია მშვიდობის დარგში მიიღო, ჩვიდმეტმა ლიტერატურაში, ცამეტმა მედიცინასა და ფიზიოლოგიაში, რვამ ქიმიაში, ხუთმა ფიზიკაში და სამმა ეკონომიკაში.