თქვენს საიტზე სიახლეებს ხშირად ვეცნობი. მათ შორის მკითხველების ამბებსაც, სადაც ადამიანები ცდილობენ, თავისი პრობლემა თუ გამოცდილება სხვებს გაუზიარონ. დავაკვირდი, რომ ყოველთვის ქალები წერენ. არადა, მამებიც ვვარდებით რთულ სიტუაციებში და ზოგჯერ გამოსავალიც ვერ გვიპოვია. მაგალითად, შემთხვევა, რომელზეც მინდა გიამბოთ, ცოტა განსხვავებულია და მართლა სიამოვნებით მოვისმენდი სხვის აზრს.
მე და ჩემს მეუღლეს 3 წლის ბიჭი გვყავს. მე დატვირთულად ვმუშაობ, ჩემი მეუღლე მშობიარობის მერე ჯერ არ დაბრუნებულა სამსახურში, ბავშვის ბაღში მიყვანას ელოდება. მანქანა მასაც ჰყავს და მეც. რა თქმა უნდა, ოჯახის საქმეებს მეც ვითავსებ და მათ შორის, მაღაზიაში სიარულსაც, მაგრამ ჩემს მეუღლეს ბავშვთან ერთად მაინც ხშირად უწევს გამოსვლა ხან პროდუქტებზე, ხან აფთიაქში, სხვადასხვა საყიდლებზე... ამ დროს ბავშვიც თან ახლავს.
ერთხელ მისი მანქანით ვმგზავრობდით და გზაში ძალიან მოგვშივდა. კაფეში ვაპირებდით შესვლას. თუმცა ბავშვს ჩაეძინა და ვუთხარი, გადავდოთ, არ ღირს მძინარე ბავშვის მანქანიდან გადმოყვანამეთქი. მიპასუხა, გადმოყვანა რა საჭიროა, ცოტა ხნით დავტოვოთ, უცებ ავიღოთ შეკვეთა და მანქანაში ვჭამოთო. გავოგნდი, მეგონა სერიოზულად არ ამბობდა, მაგრამ გააგრძელა, რაიმეს საყიდლად რომ გადავდივარ, ყოველთვის კი არ მიმყავს თანო, ვტოვებ თავის სავარძელში რამდენიმე წუთითო.
არ ვიცი, ჩემი რეაქცია გადაჭარბებული იყო თუ არა, მაგრამ ძალიან ავნერვიულდი და ვუთხარი, ეგრე აღარ მოიქცე, რაც დაგჭირდება, დამირეკე და ყველაფერს მე მოვიტან-მეთქი.
ამ ამბიდან რამდენიმე დღე იყო გასული. სახლისკენ მივდიოდი და ჩვენს უბანთან ცოტა მოშორებით ჩემი ცოლის გაჩერებული მანქანა დავინახე. იქ ბევრი მარკეტია და საყიდლებზე ხშირად დადის იქ. სხვა დროს გზას გავაგრძელებდი, მაგრამ მანქანაში ბავშვის დატოვების ამბის მერე გადავწყვიტე, შემემოწმებინა, ჰყავდა თუ არა ბავშვი გადაყვანილი. მანქანა სხვა შესახვევში გავაჩერე, რადგან ახლოს ადგილი არ იყო (და არა სპეციალურად) და ჩემი ცოლის მანქანისკენ წავედი. ბავშვი მანქანაში დამხვდა დატოვებული, კარიც ღია იყო. „გადამეკეტაო“ რომ არსებობს გამოთქმა, ზუსტად ასახავს ჩემს მდგომარეობას. განა გავბრაზდი ან აღვშფოთდი, უბრალოდ დავკარგე ყველანაირი ემოციის და განსჯის უნარი, მექანიკურად გამოვაღე კარი, გადმოვიყვანე ბავშვი და ჩემს მანქანაში ჩავსვი. უკვე მანქანაში რომ ვიყავით, ცოტა ხანში დავინახე, როგორ მივიდა ჩემი ცოლი მანქანასთან. კართან ჯერ გაშეშდა, მერე ტირილი დაიწყო. ხალხიც შემოეხვია. მაშინვე გადავედი მანქანიდან და ბავშვით ხელში მისკენ წავედი, მაგრამ სანამ დამინახა, გამოსცადა ის, რაც არცერთმა მშობელმა არ უნდა გამოსცადოს.
მას შემდეგ ხმას არ მცემს. ელოდება, რომ ბოდიშს მოვუხდი, მე კი მგონია, რომ მართალია, ვანერვიულე, მაგრამ ეს არაფერია იმ საფრთხესთან შედარებით, რა საფრთხეშიც ის ბავშვს აგდებს მანქანაში ყოველი დატოვებით. ფაქტია, ხალხმრავალ ქუჩაზე, მანქანასთან მივედი, ბავშვი გადმოვიყვანე, ჩემს მანქანაში ჩავსვი და არავის არაფერი დაუნახავს. ნებისმიერი მოასწრებდა, რომ საშინელება დაეტრიალებინა და ჩვენი შვილი ვეღარასოდეს გვენახა.
მაინტერესებს, ისევ მე რატომ ვარ დამნაშავე. რაკი არცერთ დედას შვილისთვის შეგნებულად ცუდი არ უნდა, ამიტომ დაუდევრობა და გაუფრთხილებლობა დანაშაული არ არის? არ უნდა აღიარო, რომ ზუსტად შენ აგდებ ბავშვს საფრთხეში და გაითვალისწინო შენიშვნა და იგივე აღარ გაიმეორო? მეც მეცოდება, ამხელა სტრესი რომ მივაყენე, მაგრამ საფრთხე უფრო დიდი და სერიოზული არ არის?
ვახო, 31 წლის