დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ბევრი ექსპერტის აზრით, კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეითი, რომელიც შესაძლოა, მომავალი დედოფალი გახდეს, აქსესუარებს ყურადღებით არჩევს და არ სურს, ცუდი რეპუტაციის სამკაულები მოირგოს. საინტერესოა ისიც, რომ ელისაბედ II-მ საკუთარ რძალს უფლება მისცა, მისი სამკაულები, ყელსაბამები, დიადემა, გვირგვინები გამოეყენებინა და სურვილისამებრ, ეტარებინა. თუმცა, უცნობია, გაბედავს, თუ არა ქეითი ცნობილი გვირგვინის ტარებას, რომელიც "კოჰინორის" ბრილიანტითაა გაწყობილი.
"კოჰინორი" გიგანტური ბრილიანტია, რომლის წონა 105 კარატია და ის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ხაზინის ერთ-ერთ გვირგვინს ამშვენებს. თუმცა, როგორც ცნობილია, მონარქები ამ გვირგვინთან მიახლოებას ყოველთვის უფრთხიან. ეს გვირგვინი საზოგადოებამ ბოლოს 2002 წელს ნახა. დედოფალ ელისაბედ II-ს დედის დაკრძალვაზე ეკეთა.
"კოჰინორმა" პოპულარობა იმ დღეებიდან მოიპოვა, როდესაც ბრიტანელმა დამპყრობლებმა ინდოეთიდან მოიპარეს. ალმასის ფლობაზე ქვეყნებს შორის სასტიკი დავა დაიწყო. თავდაპირველად, ქვა რამდენიმე მმართველი ინდური დინასტიის საკუთრება იყო. მისი ბოლო მფლობელი სამშობლოში მმართველის მაჰარაჯა რანჯიტ სინგჰის 11 წლის ვაჟი იყო. ბიჭი ბრილიანტს იქამდე იცავდა, ვიდრე ბრიტანელებმა პენჯაბის რეგიონი არ დაიპყრეს და ბავშვს არ აიძულეს, რომ დანებების ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. "კოჰინორი" დედოფალ ვიქტორიასთან მიიტანეს. მან კი გვირგვინზე დაამაგრებინა, რომ სამეფოს ძალაუფლება დაემტკიცებინა.
თუმცა, ითვლება, რომ ეს ბრილიანტი წყევლას, ნეგატიურ ემოციასა და აურას ატარებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი ბრიტანეთში მიჰქონდათ, გემის ეკიპაჟი საშინელ შტორმში აღმოჩნდა და ძლივს გადარჩნენ. მაშინ ამბობდნენ, რომ "კოჰინორი" ახალ მფლობელზე შურს იძიებდა და ირგვლივ ყველაფერს გაანადგურებდა.
თუმცა, დიდ ბრიტანეთში ცრურწმენას ყურადღება არ მიაქციეს, ალმასი მაინც მიითვისეს და იგი დედოფლებს თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
1936 წელს გვირგვინი ელისაბედ ბოულზ-ლაიონმა, ელისაბედ II-ის დედამ მიიღო. მან კი გვირგვინი 1953 წელს დედოფალ ელისაბედ II-ს გადასცა.
როგორც ძველი ინდური ლეგენდა ამბობს, „მხოლოდ ღმერთს ან ქალს შეუძლია, სასჯელის მიღების გარეშე ატაროს იგი." ამიტომაც, "კოჰინორს" დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ქალები ატარებენ. უცნობია, სჯერა, თუ არა ქეითს მისტიკის, თუმცა შესაძლოა, გვირგვინის მომდევნო მფლობელი სწორედ ის გახდეს. მთავარია, ბრილიანტი პრინც ლუისა და ჯორჯს არ გადაეცეს.