გარემოსდაცვითი საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგი“-ს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გუნდის და ლიდერთა ათეულების წევრი მასწავლებლების ინიციატივით, 18-27 ოქტომბერს გაიმართა გარემოს დალაგების აქტივობების პირველი ეტაპი.
დასუფთავების ღონისძიებები, ერთდროულად . საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში გაიმართა. ჩვენს ინიციატივას სენაკის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ქუთაისის, გორის, კასპის, თბილისის, მარნეულის, თელავის, ახმეტის და ნინოწმინდის 24 სკოლის 1027 მოსწავლე და მასწავლებელი შემოუერთდა. მათი ორგანიზებული, თითოეული დალაგების ღონისძიება განსაკუთრებული აღნიშვნის და გაშუქების ღირსია. თუმცა, ღონისძიებათა სიმრავლიდან გამომდინარე, ვეცდებით თითოეულ მათგაზე ატაპობრივად მოგითხროთ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოჯორნი სასიამოვნო აღმოჩენა იყო ჩვენთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნით, რომ ბევრმა ჩვენგანმა არ ვიცით საკმარისი ქვემო ქართლის სილამაზის და ღირსშესანიშნაობების შესახებ. სოფელი, 800 მეტრის სიმაღლეზე, ტყიანი ბორცვებით, სახნავ-სათესი ნაკვეთებით და საძოვრებით არის გარშემორტყმული. ხოჯორნი საქართველოს ბევრ სოფელს უსწრებს სისუფთავით. თუმცა, მიუხედავად ამისა, იქაური საჯარო სკოლის მოსწავლეებს დიდი გარჯა მოუწიათ სოფლის დასასუფთავებლად.
ლალი მასწავლებლის (მარგიანი) ლიდერობით, შვიდი მასწავლებელი, 32 მოსწავლე და ორი სადაგელი ჩავებით დალაგებაში. სათნო, მუყაითი და თავმდაბალი ბავშვები და მოზრდილები ცხოვრობენ ხოჯორნიში. მათ გულის გასახარი გამრჯეობა გამოიჩინეს საკუთარი სოფლის დალაგებისას. ხოჯორნელებმა სადაგთან მეგობრობა გრძელვადიანად გადაწყვიტეს, ასობით ლიტრი ნარჩენი შეაგროვეს და დალაგების სერიის გაგრძელებაც ჩაიფიქრეს. წარმატებული შედეგი, დღის ბოლოს, სკოლის სტადიონზე მცირე პიკნიკით და სოფლის ცენტრში, გამრჯე და ინიციატივიან, ანარ მასწავლებელთან გამართული ნარდის პარტიით აღვნიშნეთ და ასე დავასრულეთ ეს სასარგებლო აქტივობა.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი თვალსაჩინო სკოლაა. 150-მდე მოსწავლე ჩაება დალაგების ღონისძიებაში ლისის ტბის მიმდებარე ვრცელ ავტო-გაჩერებაზე და ტყე-პარკში. დასუფთავების დაწყებამდე ვისაუბრეთ ლიდერობის მნიშვნელობაზე ამჟამად მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მაგალითზე.
საკმაოდ დაბინძურებული დაგვხვდა დედაქალაქის ერთ-ერთი ლამაზი რეკრეაციული ადგილი. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო საბაგირო კოშკის გარშემო მიმოფანტული ბევრი საღებავის თუნუქის ქილა. როგორც ჩანს, მოხალისე ქუჩის მხატვრებს იქაურ კედლებზე ბევრი გრაფიტი გაუკეთებიათ. მათი ნამუშევრების სილამაზე საკამათოა. ამავე დროს, იქ დაყრილი თუნუქის ქილები უდავოდ არ არის თავის მოსაწონი. ამის საპირწონედ, ამერიკული აკადემიის მოსწავლეების გულმოდგინებამ გაგვახარა. სკოლის გუნდი: მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები გულით მიუდგნენ საქმეს და თავისი წვლილი შეიტანეს გარემოს და თბილისის გალამაზებაში.
ქალაქ კასპში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი ათეულის ფინალისტს ნინო მასწავლებელს (ნიპარიშვილი) ვესტუმრეთ, რომელსაც პირველად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთ შეხვედრაზე მოვუსმინეთ, როცა მოგვიყვა ბავშებთან ერთად, სკოლის შენობაში, რომელიც ადრე საბჭოთა მილიციას ეკუთვნოდა, როგორ შექმნეს ოკუპაციის მუზეუმი. მაშინვე ჩავიფიქრეთ, რომ მასთან სკოლაში აუცილებლად უნდა მივსულიყავით სტუმრად.
კასპი პატარა ქალაქია, გარშემო საოკუპაციო ხაზის პირას განლაგებული სოფლები აკრავს.
ასე ჩანს, რომ კასპელი მოსწავლეების მონდომებას მატებს ოკუპანტების სიახლოვით გამოწვეული გრძნობები. სადაგელების მისვლისას, 92 მოსწავლეს დალაგების პროცესი უკვე დაწყებული ჰქონდა. რამდენიმე სანაგვე ურნაც უკვე გავსებული დაგვხვდა. ბავშვების მონდომებამ, ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენგან გაგზავნილი სამუშაო ხელთათმანები არ აღმოჩნდა საკმარისი დამატებით შემომატებული ნორჩი დამლაგებლებისთვის.
საბედნიეროდ, რესურსების ნაკლებობას ხელი არ შეუშლია კასპელი მოსწავლეებისთვის. ორივე ხელის ნაცვლად, თითოზე მოირგეს ხელთათმანები, რომ ყველას შესძლებოდა დალაგება.ქარის და წვიმის მიუხედავად, მხიარულად დაასუფთავეს სკოლის გარშემო რამდენიმე ქუჩა და ძლივს დავაბრუნეთ სკოლაში, სადაც მცირე პიკნიკი გავმართეთ ერთად. შემდეგ ოკუპაციის მუზეუმი დავათვალიერეთ, რამაც ძლიერი ემოციები გამოიწვია ჩვენში. გვჯერა, რომ სკოლაში სადაც ოკუპაციის მუზეუმია და მოსწავლეები ხელთათმანებს უზიარებენ ერთმანეთს, ისეთი ბავშვები იზრდებიან, ვინც საკუთარ სამშობლოში განსაკუთრებულად გაუფრთხილდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის დასუფთავებაში 31 მოსწავლე, სამი მასწავლებელი და ორი მშობელი მონაწილეობდა. ბავშვები დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით უდგებოდნენ საკუთარი სოფლის დასუფთავებას. ნაგვის ნარჩენებისგან გათავისუფლდა ძირითადი სამოძრაო, ფეხით სასიარულო ბილიკები, ხეები, ბუჩქები და სკოლის მიმდებარე ტერიტორია. მართალია ეს პირველი დალაგება იყო, ახკერპელებმა სწრაფად გაითავისეს თავის გარემოს დალაგების მნიშვნელობა. მათთვის ეს განსაკუთრებით გასაგებია რადგან, სამწუხაროდ, სოფლიდან არ ხდება ნაგვის რეგულარული გატანა. მასწავლებლები იმედოვნებენ, რომ გზის შეკეთების შემდეგ, ახკერპშიც დამონტაჟდება სანაგვეები და ამუშავდება ნაგვის გატანის მომსახურება.
ახკერპის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნარიმან მელიქიძემ, ვისი ლიდერობითაც შედგა დალაგება, საუბრისას აღნიშნა: „მე სულ ვახსენებ ბავშვებს, რომ სისუფთავე არ არსებობს
სახლში, თუ გარეთ ნაგავი ყრია“. ნარიმან მასწავლებელთან ბევრი ვისაუბრეთ. მართალია, მას ურჩევნია, რომ ადამიანმა ერთი საქმე აკეთოს საფუძვლიანად, ვიდრე ბევრი - უშედეგოდ, ბატონი ნარიმანი მაინც ახერხებს, რომ ოთხი საგანი ასწავლოს სკოლაში და არასასწავლო აქტივობებშიც ერთ-ერთი ლიდერთგანია.გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ეკო კლუბ „პატარა გარემოს დამცველების“ წევრები და მასწავლებლები ლია გიუაშვილი და თინა ფხალაძე დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ თავისი სოფლის დასუფთავებაში. აქციაში მონაწილე 55-მა მოსწავლემ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სოფლის სპორტული მოედანი დაალაგა.
ძალიან გაგვიხარდა, რომ ბავშვებმა იცნეს სადაგის გუნდის წევრები დათო და თაზო და გულწრფელად დაგვარწმუნეს, რომ მათთვის გარემოს დალაგება ჩვენზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. პატარებმა შენიშნეს, რომ დალაგების პროცესში ჩართულობა ძნელია და აცნობიერებენ, რომ თუ არ დავანაგვიანებთ, დალაგების სიძნელის გადალახვაც აღარ იქნება საჭირო. მათი ეფექტური გარჯით დიდი ოდენობის ნაგავი შეგროვდა, რომელიც ბავშვებმა სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე მოათავსეს. შემდეგ გადავინაცვლეთ სკოლის დიდ ეზოში გამართულ პიკნიკზე. ხიდისთაველ პატარებს დიდი გეგმები და მისწრაფებები აქვთ მომავლისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ დალაგება მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს.
შემდეგი დალაგების ღონისძიებების მორიგი ეტაპი ნოემბერში გაიმართება. 2024 წელს კიდევ სამი ტური გვაქვს დაგეგმილი. დალაგების ფინალურ ეტაპზე 100-ზე მეტი სკოლის მონაწილეობას ვვარაუდობთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
სადაგის გუნდი
R