ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი ლადო წიქარიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, არის თუ არა კავშირი თავის ტკივილსა და ანევრიზმას შორის და ასახელებს იმ სიმპტომებსაც, რომლებიც უკვე გამსკდარ ანევრიზმას ახასიათებს:
- ანევრიზმა თუ არ გასკდა და თავის ტვინში სისხლჩაქცევა არ გამოიწვია, როგორც წესი, სამწუხაროდ, ის არანაირად არ ვლინდება. მათ შორის, არც თავის ტკივილით. თუ გასკდა, ის აუცილებლად ძლიერი, უეცარი თავის ტკივილით ხასიათდება. პაციენტები აღწერენ, რომ ასეთი თავის ტკივილი ცხოვრებაში არ ჰქონიათ. თავის ტკივილი შესაძლოა, თანმხლები იყოს. ასევე, სინათლის შიშით, კისრის კუნთების დაჭიმულობით, გულისრევა-პირღებინებით გამოიხატება. ყველაზე მძიმე ფორმებში, პაციენტმა შეიძლება, გონება დაკარგოს და ხელ-ფეხი დაუსუსტდეს. თუმცა, წამყვანი სიმპტომი მაინც ძლიერი, უეცარი თავის ტკივილია, რომელიც მოულოდნელია და არაფერს უკავშირდება. ეს გამსკდარ ანევრიზმებს ეხება. თუმცა, გაუმსკდარი ანევრიზმები გაცილებით ხშირია, რომელიც შეიძლება, ადამიანს მთელი ცხოვრება ჰქონდეს და არც გასკდეს. ჩვეულებრივი, შემაწუხებელი თავის ტკივილის პირობებში, პაციენტი გარკვეული ტიპის კვლევას იკეთებს და ამის საფუძველზე შესაძლოა, შემთხვევით, გაუმსკდარი ანევრიზმა აღმოვაჩინოთ, რომელიც თანამედროვე ნეიროქირურგიაში აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. დამტკიცებულია, რომ მოსახლეობის 1%-ს ანევრიზმა აქვს. მაგრამ, სისხლჩაქცევა 100 ათას მოსახლეზე, დაახლოებით, 7-10 პაციენტს უვითარდება. მაგრამ, თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა შესაძლებლობას, რომ თავის ტკივილის დროს კომპიუტერული ანგიოგრაფია, ან მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია გაკეთდეს და დიაგნოზი დაისვას.