"ქალბატონო, მე მგონი, თქვენ შვილი გაპოვნინეთ!" - მშობლები

"ქალბატონო, მე მგონი, თქვენ შვილი გაპოვნინეთ!"

2015-02-16 18:00:03+04:00

- შვილო! - ძლივს აღმოხდა ელენეს, ხელები თვალებზე აიფარა და აქვითინდა. "მთვარის შვილი" - ონლაინ-რომანი ყველაზე უცნაურ დედა-შვილზე

იხილეთ მეთერთმეტე ნაწილი

* * *

საშინელ ხასიათზე გაიღვიძა, კვლავ ჩვეული დაღლილობის შეგრძნებით. ფეხებში ისეთ დაღლილობას გრძნობდა, თითქოს კილომეტრები გაერბინოს. ძლივს ადგა ლოგინიდან. სანამ სახლიდან გავიდოდა ირინასთან შესახვედრად, დაქალმა ტელეფონზე დაურეკა, ცოტა შემაგვიანდება, გადაუდებელი საქმე გამომიჩნდაო. თვითონ თავისუფალი დრო ჰქონდა, შვებულების დღეები ჯერ არ ამოწურულიყო. მოწესრიგდა და იმ კაფეში შევიდა, სადაც ირინაც უნდა მისულიყო.

თითქმის ერთი საათი იჯდა მარტო, ჩაფიქრებული. იხსენებდა მის თავს გადახდენილ ამბებს, ბოლო სამ კვირას, რომელიც ასეთი გადატვირთული იყო მოვლენებით... რატომღაც ძირითადად ნეგატიური მოვლენებით... რამდენი რამ გადახდა თავს ამ დღეებში. საყვარელი ადამიანი დაკარგა, მერე კი მოულოდნელად გაიგო, რომ ის საყვარელი ადამიანი ასე უსირცხვილოდ ატყუებდა, პარალელურად სხვა ქალთან დადიოდა და მას ცოლობასაც კი ჰპირდებოდა... დაკარგა ერთადერთი სიყვარულის ერთადერთი ნაყოფი, ჯერ კიდევ მუცლად მყოფი და არდაბადებული და მასთან ერთად სასწორზე დააყენა მომავალი დედობა... საყვარელი ბებოსგან გაიგო, რომ ის სინამდვილეში ბებო არ იყო და რომ მისი დედაც დედა არ იყო... 26 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ სულ სხვა ვინმეა, სულ სხვა ადამიანების შვილი და არა მათი, ვისაც დაბადებიდან მშობლებად მიიჩნევდა... მთელი ცხოვრება თავდაყირა ამოუტრიალდა, გახდა არავინ, ადამიანი რეალობის მიღმა, ადამიანი, რომელმაც არ იცის არც ნამდვილი სახელი, გვარი, არც ნამდვილი მშობლების ვინაობა, წინაპრები, გენეტიკა, წარმომავლობა. არ ჩაუხედავს ნამდვილი დედის თვალებში, მისი, ვინც მუცლით ატარა, ვინც ალბათ მის მოვლინებას გულმოდგინედ ელოდა... ან იქნებ არც ელოდა. იქნებ მიტოვებული იყო, ან მშობლები სულაც გარდაეცვალა, ან მოიტაცეს...

საათზე დაიხედა - ირინა გვარიანად აგვიანებდა. როგორც წესი, პუნქტუალური იყო ხოლმე. "ალბათ მართლა რაღაც სერიოზული საქმე აქვს, თორემ ასე არ დააგვიანებდა", - თავისთვის გაიფიქრა და სწორედ ამ დროს დაინახა საყვარელი მეგობარი, მანქანას რომ აყენებდა კაფეს წინ, გაჩერებაზე.

- სად ხარ, ხომ მშვიდობაა, რა სახე გაქვს? - ირინას შეშფოთებული სახე არ მოეწონა ლიკას.

- კი, მშვიდობაა... დილას დამირეკა ანკას დაქალის დედამ... ხომ იცი, გუშინ რომ იყო ჩემთან სახლში, მარიამი. მაგის დაც ხომ იყო, აი, დიმას სურათი რომ...

- კაი, ვიცი, - ლიკამ შეაწყვეტინა, დიდად არ ესიამოვნა კვლავ იმ ამბის გახსენება, - მერე, რა მოხდა?

- რა და წუხელ აივანზე გასულა მოსაწევად და გადმოვარდნილა...

- მერე?

- რა მერე, ძლივს გადარჩა ცოცხალი, ქვედა სართულზე აივანი გადიდებული აქვთ და იმაზე დაცემულა, თორემ უეჭველად მოკვდებოდა... ახლა ტვინის შერყევა აქვს, გონს ძლივს მოვიდა... სანახავად მივედი, მაგიტომ დამაგვიანდა.

- კი მაგრამ, ამხელა გოგო აივნიდან როგორ გადმოვარდა?

- რა ვიცი, ლიკ, რაღაცებს ყვება, მაგრამ ექიმები ამბობენ, ეტყობა გონება აერია ტვინის შერყევისგანო.

- რას ჰყვება?

- გინდა თუ არა, სახანძრო კიბით ჩემს აივანთან პერანგიანი მოჩვენება მოვიდა და ჩემი მოკვლა უნდოდაო...

ლიკას თვალები შუბლზე აუვიდა:

- აუჰ, გაურეკია საწყალს!

- იმედია, გაუვლის... - ირინამ წყალი გადაკრა, - თან კიდევ ისეთი რამე თქვა, აშკარად გაბერილი აქვს.

- ეგეთი რა თქვა?

ირინას ოდნავ გაეღიმა:

- ახლა იტყვი, ყველა უბედურება მე მემართებაო.

- რატომ, მე რა შუაში ვარ?

- რა და, მე რომ შევედი პალატაში, საიდუმლო სახით მითხრა, ის პერანგიანი ქალი, აივანზე, შენი მეგობარი ლიკა იყოო.

ლიკას მოულოდნელობისგან ჯერ კინაღამ ყავა გადასცდა, ხველება დაიწყო, მერე კი სიცილი წასკდა.

- რაო?

- ჰო, ეტყობა, გუშინ შენი რეაქციებით ძალიან შეაშინე.

ორივეს გულიანად გაეცინა. პირველი ისევ ირინა დასერიოზულდა.

- კარგი, მოვრჩეთ ამაზე, შენკენ რა ხდება, ერთი მითხარი, გუშინ ვეღარ დაგელაპარაკე... რა სახე გაქვს, არ გეძინა წუხელ?

- რაღაც დაღლილი ვარ, ეტყობა მეც ვინერვიულე გუშინდელ ამბებზე, შენი მეზობლისა არ იყოს... დილას ძლივს ავწიე თავი...

- ისე, ვიღაცას მაგონებ ახლა, ამ დაღლილი სახით, - ირინამ საფეთქელზე მოისვა ხელი, - ალბათ რომელიმე ჰოლივუდელ მსახიობს რაიმე ტრაგიკულ როლში.

ლიკას გაეღიმა.

- ეს ქათინაურად მივიღო თუ პირიქით?

- არა, მართლა გეუბნები... მაგრამ ახლა თავიც რომ ვიმტვრიო, ვერ გავიხსენებ, ჯობს ისევ შენ მიამბო შენი ამბები.

ლიკამ დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც სოფელში გადახდა. ირინა გაოგნებული უსმენდა.

- ღმერთო ჩემო, ამდენი რამე ერთად! - აღმოხდა ირინას, - საწყალო, რამდენი რამის გადატანა მოგიხდა...

- აბა, - ლიკას თვალები ცრემლებით აევსო, - კიდევ უფრო უბედური ვყოფილვარ, ვიდრე მეგონა.

- ნუ ამბობ მასე, - ირინამ ლიკას თავზე ხელი გადაუსვა, - ხომ იცი, ყველას თავისი უბედურება აქვს და ყველას თავისი პრობლემები ჰგონია ყველაზე მძიმე.

- კი, მაგრამ ამდენი უბედურება ერთად, არა მგონია, ბევრს სტანჯავდეს...

ირინა ცოტა ხანს ჩაფიქრდა.

- ახლა დედაშენს უნდა უთხრა ეს ყველაფერი?

ლიკამ თავი გააქნია.

- აზრზე არ ვარ... არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე.

- იქნებ ისიც იცოდეს, ნამდვილი მშობლები ვინ გყავს და მოგაძებნინოს.

ლიკას ცინიკურად გაეცინა.

- კარგი რა, ირ, რაღა დროს ჩემი ეგეთებია. 26 წლის ასაკში ვეძებო მშობლები? თავიდან დავიწყო ცხოვრება?

- აბა, არ გაინტერესებს, ვინ არიან სინამდვილეში?

- არც კი ვიცი, მაინტერესებს თუ არა... დედაც... ნინოც... არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო... ვერ წარმოიდგენ, რა ცუდ დღეში ვარ... მოკლედ, დედაჩემიც მეცოდება, იმ სიშორეზე ავურიო გზა-კვალი, საერთოდ არ ვეტყვი, რომ გავიგე ეს ამბები. იყოს ყველაფერი ისე, როგორც იყო. რა აზრი აქვს რაიმეს შეცვლას? ამით არც უფრო ბედნიერი არ გავხდები და ვერც ახალ ცხოვრებას ვერ დავიწყებ.

- შენი საქმის შენ იცი... ისე, იმაში მეც გეთანხმები, ნინო დეიდას ამ სიშორეზე არ უნდა მივახალოთ, რომ სიმართლე გაიგე. ხომ ჩამოვა ოდესღაც, მერე დასხედით და მშვიდად დაილაპარაკეთ.

- ალბათ მასეც ვიზამთ... მანამდე კი საქმეს უნდა შევუდგე, იქნებ ცოტა გადავერთო, თორემ გამაგიჟებს ამდენი სიურპრიზი ერთად. ორშაბათს გავდივარ სამსახურში.

- სწორი გადაწყვეტილებაა, მომწონს! სამუშაო ერთ-ერთი კარგი თერაპიაა ასეთ დროს, საქმესაც გააკეთებ და ცუდი ფიქრებისგანაც გათავისუფლდები.

- სხვა რა გზა მაქვს, სხვა სახის თერაპია არ არსებობს ჩემთვის, - გულდაწყვეტით აღმოხდა ლიკას...

ცოტა ხანში ორივენი წამოდგნენ. ირინა კოლონიისკენ გაემართა, ელენესთან ჰქონდა დანიშნული შეხვედრა, ლიკამ კი მაღაზიებში გაისეირნა.

* * *

სანამ პატიმარს შემოიყვანდნენ, ირინას თხუთმეტი წუთი მოუწია ლოდინი კაბინეტში. ელენესთვის კარგი ამბები ჰქონდა - იპოვა ძალიან კარგი სპეციალისტი, ერთდროულად ფსიქოთერაპიასა და ნევროლოგიაში მომუშავე, რომელიც ელენეს ამბით ძალიან დაინტერესდა. გამოცდილი ექიმი იყო, მთვარეული პაციენტები ჰყოლია ადრეც, თუმცა მთვარეული, რომელმაც ამ მდგომარეობაში ყოფნისას ადამიანი მოკლა, პირველი შემთხვევა აღმოჩნდა მის პრაქტიკაში და დიდი ინტერესით მოეკიდა საქმეს. ირინამ გადაწყვიტა, ჯერ ელენესთვის ეცნობებინა, მის საქმესთან დაკავშირებით რა სიახლეები იყო, რა ვარაუდები და ეჭვები ჰქონდა მის მეგობარ მერის, რომელმაც მთელი კვლევა მიუძღვნა სომნამბულიზმის თემას და რომ კარგი სპეციალისტის დახმარებით ელენეს არა მხოლოდ ციხიდან დახსნა შეიძლებოდა, არამედ მისი განკურნებაც ამ უცნაური დაავადებისგან. საკმაოდ რთული საუბარი ელოდა და კარგად შეემზადა.

რკინის კარი ხმაურით გაიღო და ბადრაგმა პატიმარი შემოიყვანა. ირინამ ფურცლები ააშრიალა, ძალა მოიკრიბა კლიენტთან სასაუბროდ, სანამ ბადრაგი მას ადგილს მიუჩენდა. როცა კარი დაიხურა, საქმიანი სახით ახედა პატიმარს და... მოულოდნელობისგან გაშეშდა...

არა, ელენეს ნაცვლად სხვა არავინ შემოუყვანიათ, არც რამე ისეთი სჭირდა, რომ გაოგნებულიყო... როგორც იქნა, მიხვდა, რატომ ჰქონდა ელენეს ასე ნაცნობი და ახლობელი ნაკვთები.

"რა ჰოლივუდის მსახიობი ტრაგიკულ როლში, რაებს ვბოდიალობდი დღეს ლიკასთან, ეს ქალი ლიკას ასლია, სრული ასლი", - გაიფიქრა და ძარღვებში სისხლი გაეყინა ამ მოულოდნელი აღმოჩენისგან. ელენე მშვიდად უყურებდა, ელოდა, რომ ირინა ლაპარაკს წამოიწყებდა და საქმის ახალ დეტალებს გააცნობდა, ირინა კი თვალმოუცილებლად აკვირდებოდა მის ნაკვთებს და ფიქრებში ჩაძირულიყო: "ზუსტად ის თვალები, ის ტუჩები, მზერა, იერი, იგივე ფერის თმა... მე კი იმას ვფიქრობდი, ჩემი დედა არ აღმოჩნდეს-მეთქი... აქამდე როგორ ვერ მივხვდი?! დღეს ლიკა დაღლილი და გათანგული რომ იყო, ზუსტად ასეთი სახე ჰქონდა... ნუთუ ელენეს შვილია... ლიკა ხომ ნაშვილებია, ელენეს კი შვილი გაუყიდეს... როდის? ჰო, ზუსტად 26 წლის წინ, ასე არ მითხრა? შენი ტოლი იქნებოდაო ახლა ჩემი შვილი... ლიკა ელენეს შვილია? ღმერთო, რა სასწაულია!.. ლიკას დედა ვუპოვე!"- აქ უცებ სახე გაუნათდა, მერე კი ისევ შეკრა წარბები, - "კი, ვუპოვე, მაგრამ ამას რომ გაიგებს, სულ გადაირევა... ისედაც ამბობს, უბედური ვარ და ყველაფერი მე მემართებაო, რომ გაიგებს, დედამისი პატიმარია, მამამისის მკვლელობისთვის ზის ციხეში და თან მთვარეულია! ვაიმე, ამდენი რამე ერთად... როგორ გაუძლებს ამხელა დარტყმას?! ჩემო საბრალო ლიკა, რა ვქნა, რა გიშველო... ეს რა დღეში ვარ..."

ელენემ კიდევ დიდხანს უყურა ირინას გაოგნებულ სახეს და ვეღარ მოითმინა:

- შვილო, რატომ დუმხარ, ძალიან ცუდად არის ჩემი საქმეები? ნუ დამიმალავ და ნურც იმის შეგეშინდება, რომ მე ვიდარდებ ამის გამო ან ცუდად გავხდები. ამ წლების განმავლობაში იმდენი რამ გადავიტანე და განვიცადე, ვეღარაფერი შემაშინებს... მერის უნდა ძალიან, რომ გამიყვანოს აქედან, თორემ ჩემთვის დიდი არაფერი სხვაობა არ იქნება, - ღრმად ამოიოხრა, - გარეთ მის გარდა არავინ მელოდება. აღარც ქმარი მყავს და შვილიც დიდი ხნის წინ დავკარგე. ახლა მას ვინღა მაპოვნინებს... - ცოტა ხანს გაჩუმდა, ცრემლები ახრჩობდა... ოდნავ შეცვლილი, გაბზარული ხმით განაგრძო, - რომც ვიპოვო, რაღაში ვუნდივარ, ასეთი დედა რად უნდა - ნაციხარი, მკვლელი... მითხარი, შვილო, ნუ გერიდება. არ გამოდის ხომ არაფერი ჩემს საქმესთან დაკავშირებით?

ირინა ფიქრებიდან გამოერკვა. ელენესთვის თვალი არ მოუშორებია, სიმამაცე მოიკრიბა და როგორც კი შეძლო, ისე აუღელვებლად, დამაჯერებლად თქვა:

- ქალბატონო ელენე, მე მგონი, თქვენ შვილი გაპოვნინეთ!

* * *

ციხის ადმინისტრაციასთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი დასჭირდა იმის ასახსნელად, თუ რატომ უნდა დაერთოთ ნება ლიკასთვის, რომ ელენე ენახა. სათითაოდ ყველამ გაიგო - უფროსიდან ბადრაგამდე, რა ხდებოდა. ბადრაგის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ახალგაზრდა ქალბატონი, აშკარად ელენეს დიდი გულშემატკივარი გამხდარიყო ამ წლების განმავლობაში და ისე იმოქმედა მასზე ახალმა ამბავმა - ელენემ დაკარგული შვილი იპოვაო, ცრემლებით აევსო თვალები. თუმცა ელენეზე მეტად, რასაკვირველია, არავინ ელოდა ამ დღეს. ირინას მოულოდნელი აღიარების შემდეგ ქალს გული წაუვიდა. გონს რომ მოვიდა, დაწვრილებით გამოიკითხა მისთვის უცნობი და ასე ახლობელი ადამიანის ამბები. ირინას ყველაფერი ჰკითხა, სად ცხოვრობდა, ვისთან გაიზარდა, რას აკეთებდა, როგორი გარეგნობა ჰქონდა... ისე ელოდა ამ დღეს, ლამის მთელი ცხოვრება, ერთი წუთითაც კი არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ის შეიძლებოდა მისი შვილი არც ყოფილიყო. წამსვე დაიჯერა, რომ ირინამ შვილი უპოვა და პაემანის დღის დადგომამდე საათებსა და წუთებს ითვლიდა. თანასაკნელებსაც გაანდო თავისი ახალი ამბავი, ყველას უყვარდა და ყველას გული შესტკიოდა მასზე. ხედავდნენ, როგორი უბედური ქალი იყო, არც მკვლელს ჰგავდა და არც ისეთ ადამიანს, ამდენი წელი ციხეში რომ უნდა იჯდეს... თუმცა ვინ დაადგინა, ვინ სად და როგორ უნდა იყოს...

პაემანის დღეც დადგა. საკანში ერთმა პატიმარმა ელენე შეძლებისდაგვარად გაალამაზა - ცოტა ფერუმარილი წაუსვა, თმა კარგად დავარცხნა. ფსიქოლოგიურადაც შეამზადა, რომ შვილის დანახვისთანავე გული არ წასვლოდა. ეს მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე იყო და მაგრად უნდა მდგარიყო, შვილს მისი დანახვისას იმედი არ უნდა გასცრუებოდა და უცნობ ქალს მაშინვე თუ არ მიიღებდა, გული მაინც მისვლოდა...

ამ დროს ლიკა აზრზეც არ იყო, რა ხდებოდა. ირინამ უბრალოდ სთხოვა, ციხეში იმ ქალის სანახავად მივდივარ, სულ რომ გიყვებოდი, მერე მინდა ერთ ადგილას გამომყვე და ბარემ იქაც შემომყევი, იმ ქალსაც გაგაცნობ, ჩემს სამუშაო გარემოს გაეცნობი და რა გასართობი ეგ არის, მაგრამ ცოტას მაინც გაერთობი, სიტუაციას გამოიცვლიო. ეს ყველაფერი ისე მხიარულად და ვითომ სხვათა შორის უთხრა, ლიკას არაფერი უეჭვია. მისთვის უცნობი სამყაროსთვის თვალის შევლების მაცდუნებელმა წინადადებამაც მოხიბლა, ის ქალიც აინტერესებდა, ქმარი რომ ისე მოკლა, არ ახსოვდა, და მალევე დათანხმდა.

ირინას არ უნდოდა, ლიკა წინასწარ შეემზადებინა. იქნებ არც იყო მართალი მისი ეჭვები, ტყუილად რატომ უნდა მოეკლა გული ლიკასთვის. თანაც, რომ ეთქვა, ის ქალი დედაშენიაო, იქნებ არც წაჰყოლოდა. ხომ თქვა, რაღა დროს მშობლების ძიებააო. ამდენ უბედურებას ისიც დაემატებოდა, რომ მისი ნამდვილი დედა ციხეშია, მამა კი - მკვდარია. თან - დედამისმა მოკლა... ეს ყველაფერი რომ ეთქვა, ლიკას დეპრესია გაუათმაგდებოდა. ჯობდა, პირისპირ შეეხვედრებინა ორივე ერთმანეთისთვის. ნამდვილი დედის გული უცილობლად შეიცნობდა შვილს, დედობრივი ინსტინქტი არ უმტყუნებდა. ლიკაც ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდებოდა, საკუთარ ნაკვთებს რომ ამოიცნობდა იმ უცნობ ქალში, მის სევდიან და გულმოკლულ სახეს რომ დაინახავდა, თავადაც მოულბებოდა გული, მის მიმართ თანაგრძნობით გაიმსჭვალებოდა და უფრო გაუიოლდებოდა მისი მიღება, როგორც ნამდვილი დედის... არც ის იყო გამორიცხული, ფაქტის წინაშე აღმოჩენილი ირინაზე გაბრაზებულიყო, ერთმანეთისთვის შეეტოვებინა პატიმარი და მისი ადვოკატი და გაცოფებული გამოვარდნილიყო იქიდან... თუმცა ირინამ მაინც ასე არჩია მოქცევა. ბედს მიენდო...

* * *

ორნი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ორივე ცისფერთვალება, ერთნაირი ნაკვთებით, ოღონდ ერთს სახე ოდნავ უკვე დასჭკნობოდა, თმა გასჭაღარავებოდა... თვალები ორივეს სევდიანი ჰქონდა, ტკივილნარევი. ერთს, ჭაღარას, ტუჩები უთრთოდა, მხრები უცახცახებდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მაგრამ ამ სევდიან, ტკივილნარევ და ცრემლიან თვალებში მაინც ჩანდა რაღაც პაწაწინა ნაპერწკალი, მოულოდნელი და საოცარი სიხარულის, უცაბედად მოვარდნილი ბედნიერების...

- შვილო! - ძლივს აღმოხდა ელენეს, ხელები თვალებზე აიფარა და აქვითინდა.

ლიკა გაოგნებული იდგა ისევ. აშკარად ხედავდა საოცარ მსგავსებას ამ ქალში. მისი სახე, მისი თვალები თითქოს რაღაც ახლობელს ახსენებდა. გაშტერებული მოტრიალდა ირინასკენ და მდუმარედ, უსიტყვოდ, თვალებით ჰკითხა, რა ხდებაო.

ირინაც ტიროდა, უემოციოდ არ შეიძლებოდა ამ სცენის ხილვა. ლიკას მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა:

- ლიკა, ეს ქალი დედაშენია!

ლიკა კიდევ უფრო გაოგნდა. ხან ატირებულ ქალს შეხედავდა, ხან თავის ერთგულ მეგობარს. თითქოს ხან ერთში ეძებდა შველას და ხან მეორეში. ვერ გარკვეულიყო, რა ხდებოდა მის თავს.

ელენემ ტირილი შეწყვიტა. ხელები ძირს მოწყვეტით დაუშვა. მავედრებელი თვალები მიაპყრო მოულოდნელად გამოჩენილ შვილს.

- მაპატიე, შვილო! - ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მუხლებში ჩაუვარდა ლიკას და კიდევ უფრო მეტად აღრიალდა.

ლიკა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. ამ ბოლო დროს იმდენი რამ დაატყდა თავს, ვეღარ ერეოდა. გონებას ვეღარ იკრებდა, აღარ იცოდა რა ეფიქრა, როგორ ემოქმედა, ან ამ სიტუაციაში რა ეთქვა. ირინასგან დაწვრილებით იცოდა ამ ქალის ამბები, შორიდან ძალიან წუხდა მის გამო, თანაუგრძნობდა, მაგრამ ახლა ასე უცებ, მის მუხლებში ჩავარდნილისთვის, პატიებას რომ ითხოვდა და შვილს უწოდებდა, რა უნდა ეპასუხა, არ იცოდა. თავს ვეღარ მოერია, ვერაფერი ვეღარ მოახერხა, გათავისუფლდა უცნობი ქალის ხელებისგან, ირინასთვის არც შეუხედავს, კაბინეტიდან მოწყვეტილი გავარდა.

ელენე იატაკზე დაემხო. ირინამ ფეხზე წამოაყენა.

- ნუ ტირით, ქალბატონო ელენე, ნურც პატიებას ითხოვთ. რაც თქვენ თავს დაგატყდათ, არანაირად არ ყოფილა თქვენი ბრალი და ლიკამ ეს ძალიან კარგად იცის. მას შესანიშნავად ესმის თქვენი. უბრალოდ, მისთვისაც დიდი მოულოდნელობაა ეს ყველაფერი, გაუგეთ...

- კი, შვილო, როგორ არ მესმის, სულაც რომ არ მაღიაროს და საერთოდ არ დამელაპარაკოს, მაშინაც კი გავუგებ, - ტირილ-ტირილით ამბობდა, - მე რა საღიარებელი ვარ, ან ჩემნაირი დედა ვის რად უნდა?! მთელი ცხოვრება დამენგრა, შვილის ძიებაში გავლიე წლები, ქმრის მკვლელობისთვის ციხეში აღმოვჩნდი, გავუბედურდი და დავჩიავდი...

- ქალბატონო ელენე, ნუ ამბობთ მასე, ძალიან გთხოვთ. ლიკა ძალიან შეგნებული, სათნო ადამიანია. ცოტა დრო უნდა მხოლოდ, ყველაფერს გაიაზრებს და დამიჯერეთ, თქვენთან თავისი ფეხით მოვა, გულში ჩაგიკრავთ და დედას დაგიძახებთ...

ელენეს ისევ ტირილი წასკდა.

- ვაიმე, შვილო, ვერც კი წარმოვიდგენ მაგ მომენტს... ღმერთო ჩემო, ჩემი შვილი მოვა და გულში ჩამიკრავს?! მეტი არც არაფერი მინდა, ვაღიარებ, რომ ეს წლებიც არ ყოფილა დაკარგული, ეს ტანჯვა-ვაებაც ღირდა ამად, ოღონდ კი შვილი მეპოვა, ჩემი ერთადერთი შვილი...

* * *

ელენესგან გამოსულმა სახლში დარეკა. მზია გააფრთხილა, ამაღამ ალბათ ვერ მოვალ, ლიკა ვერ გრძნობს თავს კარგად, მასთან უნდა დავრჩე და შენ და ანკამ არ მოიწყინოთო. მიხვდა, იმ ღამეს ლიკას ძალიან გაუჭირდებოდა. მეტისმეტად ბევრი ემოცია დაუგროვდა...

ლიკა დივანზე იწვა, სახეწაშლილი. ჭერს მიშტერებოდა. ირინასთვის არც შეუხედავს. მეგობარი ფრთხილად მიუახლოვდა, დივანზე ჩამოუჯდა, ლიკას თავზე მიეფერა.

- არ იდარდო, საყვარელო, ყველაფერი მოგვარდება.

ლიკას ხმა არ გაუცია.

- არც მე გამიბრაზდე, დამიჯერე, ასე ჯობდა.

- როგორ არის? - ლიკას არ შეუხედავს ირინასთვის, ისე იკითხა.

- ვინ?

- დედაჩემი...

- ბედნიერია, რომ გიპოვა, თუმცა დარდობს შენ გამო, იმის გამოც, რომ თვითონ ციხეშია და რომ კარგ დედობას ვერ გაგიწევს...

- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, - ლიკამ ხელი აიქნია, - უბრალოდ ცუდ დროს დაემთხვა ამ ახალი ამბის გაგება... ნეტავ კარგი დრო როდისღაა, მეც ვამბობ რა... - თვითონაც წამოჯდა, - დარჩები ამაღამ?

- ჰო... ახლა ყავას მოგიდუღებ, დავლიოთ და მერე დავწვეთ, ბავშვობა გავიხსენოთ, ერთმანეთთან რომ ვრჩებოდით ხოლმე ღამე, - ირინამ გაუცინა ლიკას, წამოდგა და სამზარეულოსკენ გასწია.

* * *

ღამით ლოგინის შარიშურმა გამოაღვიძა. თვალები ზანტად გაახილა. ოთახს სულ ოდნავ ანათებდა ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი. ლოგინთან ლანდი ატუზულიყო, თეთრ საღამურში გამოწყობილი. ირინამ თვალები დააჭყიტა - ლიკა პერანგიანი იდგა, გაშეშებული და თვალებგახელილი.

- ლიკ, მოხდა რამე?

ლიკა ხმას არ იღებდა. თვალებგაშტერებული შეჰყურებდა ფანჯარას. მერე უცებ რობოტივით შემოტრიალდა და ნელი ნაბიჯებით გაემართა კარისკენ.

ირინა უცებ მიხვდა, რაც ხდებოდა. წამიერად წამოხტა და კართან ლიკაზე ადრე მიირბინა. კარი კარგად გადაკეტა და კედელთან აიტუზა. გაოგნებული ადევნებდა თვალს მეგობარს.

საღამურში გამოწყობილი ლანდი რამდენიმე წუთი დაბორიალობდა ოთახში, აქეთ-იქით აწყდებოდა, გასასვლელის ძიებაში. ბოლოს თითქოს დაწყნარდა, ისევ რობოტული ნაბიჯებით მივიდა საწოლთან, დაწვა და დაიძინა.

ირინა აღარ დაწოლილა. ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და დილამდე ფიქრებში გაატარა.

* * *

ლიკამ ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად გაახილა თვალები. გაოცება ვერ დამალა, ირინა რომ ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი დაინახა.

- რა იყო, ირ, შენც ჩიტად იქეცი და ფანჯრიდან ჭიკჭიკებ? - სიცილით უთხრა.

ირინას სახის გამომეტყველება არ შეუცვლია - ჩაფიქრებული იჯდა, სერიოზული სახით. მერე უცებ ჩამოხტა ფანჯრიდან, საწოლზე ჩამოუჯდა ლიკას.

- ლიკ, ახლა სერიოზულად მისმინე.

ლიკას ტანში გასცრა.

- რა იყო, კიდევ მოხდა რამე?

- ლიკა, ცოტა ხანს არ გამაწყვეტინო ლაპარაკი და ყველაფერს გეტყვი... მე ხომ გითხარი, რომ ელენე მთვარეულია... ეს დაავადება მას გენეტიკურად ერგო, როგორც ამბობენ, საგვარეულო წყევლის სახით... ამ დაავადებამ ჩაადენინა სწორედ ქმრის მკვლელობა... - მცირე ხანს გაჩუმდა და ისევ განაგრძო, - როგორც წუხელ დავრწმუნდი, გენეტიკა შენზეც გადმოვიდა...

- რა? - ლიკა საწოლზე წამოჯდა, - რას ამბობ, მეც მთვარეული ვარ?

ირინამ ხელით ანიშნა, დაწყნარდიო და მშვიდად განაგრძო.

- წუხელ გამეღვიძა და ძილში დადიოდი... კარი ჩავკეტე, რომ გარეთ არ გასულიყავი...

ლიკა მოულოდნელობისგან ხმას ვერ იღებდა.

- ახლა მივხვდი, რომ ანკას კლასელის, მარიამის და მართლაც არ ტყუოდა. მან მართლა შენ დაგინახა იმ ღამით აივანზე და ან შიშის გამო გადმოვარდა, ან...

- ან მე გადმოვაგდე? - ლიკას აღმოხდა გაოცებულს.

- ჰო, ან შენ გადმოაგდე...

- ღმერთო, ესღა მაკლდა, - ლიკამ ჭერისკენ აღაპყრო მზერა, - ეს რა უბედურ დღეზე ვარ გაჩენილი!..

ცოტა ხანს სიჩუმემ დაისადგურა. ლიკა თავის ფიქრებში ჩაიძირა, მერე უცებ შიში ჩაუდგა თვალებში და ირინას ვედრებით შეხედა.

- ირ, ე.ი. დაღლილი რომ ვიღვიძებდი ხოლმე დილას, თითქოს კილომეტრები მევლოს, სინამდვილეში მართლა დავდიოდი ღამით და იმიტომ ვიყავი დილას გათანგული?

- როგორც ჩანს, ასეა... - ირინამ დაკვირვებით შეხედა, - და ხშირად იღვიძებდი ასე?

- არა, ხშირად არა, სულ რამდენჯერმე.

- ძლიერი სტრესის დროს ალბათ, როგორც დედაშენი...

ლიკა კიდევ დაფიქრდა, გაიხსენა, როდის ჰქონდა ასეთი შეგრძნებები.

- კი, ძლიერი სტრესის დროს, ირ... აი, ბოლოს სოფელში მქონდა მასეთი განცდა, იმ ექიმს რომ შევხვდი და ნაშვილებობის და დედაჩემის უბედურებების ამბები რომ მითხრა...

- გასაგებია, ე.ი. იმ ღამეს ალბათ შემოტევა გქონდა...

ლიკას უცებ ისევ შიშმა გადაურბინა სახეზე.

- კი, მაგრამ, ირ, იმ ღამით ის ექიმი მოკვდა.

ირინასაც გაეყინა მზერა. ხმა ვერ ამოიღო.

- ირ, ის კაცი სიმსივნით იყო ავად, თავისით მოკვდა ალბათ, ჰო? - უფრო ეხვეწებოდა ლიკა, მისგან დადებითი პასუხის მოლოდინში.

- ალბათ, ლიკ. რაკი დადიხარ ღამე, იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ხოცავ, - ნაძალადევად გაუღიმა ირინამ.

- არა, აშკარად მე ვარ გარეული მაგ ამბავში... შეიძლება უბრალოდ შევედი ოთახში და იმ მოხუცმა მომაკვდავმა კაცმა მოლანდება რომ დაინახა იმ შუა ღამისას, ალბათ სული განუტევა შოკისგან...

- შეიძლება...

ლიკა ისევ დაფიქრდა, ისევ მოგონებებში წავიდა.

- ვაიმე, - უცებ შეჰყვირა, - ირ, იცი კიდევ როდის მქონდა მასეთი შეგრძნება?

- როდის?

ლიკამ ჩურჩულით ჩაილაპარაკა:

- როცა დიმა მოკვდა...

ირინას ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

- არა, არა, არა მგონია, შენ იყო მანდაც შუაში...

- ირ, მე შენთვის ხომ ყველაფერი არ მომიყოლია, - ლიკამ დამნაშავესავით დახარა თავი, - იმ დილით დიმასთან ვიყავი სახლში...

- სახლში? ხომ დაშორებული იყავით ერთმანეთს, სახლში რა გინდოდა?

- დიმამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა... არა, უფრო სწორად, მე ვთხოვე, გამოსამშვიდობებელი წერილი დავუწერე, ყველაფერი დავწერე იქ, გული მოვიოხე... ჰოდა, რომ დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, შინ დამიბარა... მეც იმედი გამიჩნდა, იქნებ შევრიგდეთ-მეთქი და დავგოიმდი - გამოვიპრანჭე და ისე მივადექი.

- მერე?

- მერე, არაფერი. კიდევ ერთხელ ვიკამათეთ, წერილი დავუტოვე და წამოვედი... მაგრამ საოცარი იცი რა არის? მეორე დილას რომ გავიღვიძე, დაღლილ-დაქანცულის შეგრძნებებით, ის წერილი ჩემთან იყო.

- კი მაგრამ, როგორ?

- მაშინ თავი დავიმშვიდე, ალბათ ასლია-მეთქი და არ მახსოვს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ საქმე სულ სხვა რამაა... თუმცა დილას რომ მითხარი, დიმა გარდაიცვალაო, რატომღაც მაინც იმ წერილს დავუკავშირე მისი სიკვდილი. ოღონდ სხვანაირად - ალბათ წერილი წაიკითხა და ისე იმოქმედა, თავი მოიკლა-მეთქი... თურმე სადა ბანაობ...

- ანუ იმ ღამით დიმასთან იყავი?

- როგორც ჩანს, იქ ვიყავი... ალბათ ასე გიჟივით მივედი, საღამურით და გამოვეცხადე. ისიც ხომ საცვლებით იყო, საწოლიდან წამოდგა ალბათ უბედური, ასე დამინახა და...

- და ფანჯრიდან გადავარდა შიშისგან? - ირინამ თვითონ გააგრძელა წინადადება.

- ან, მე გადავაგდე, - შემზარავი სახით თქვა ლიკამ, - და მერე ის წერილიც გამოვიყოლე, კვალის დასაფარავად... ღმერთო, არ მჯერა, რომ ამას ყველაფერს საკუთარ თავზე ვყვები და ეს ყველაფერი მე ჩავიდინე, - ლიკამ ხელებში ჩარგო თავი.

ირინა ფეხზე წამოდგა. გაოგნებული იყო მოსმენილით. ადგილს ვერ პოულობდა. ბოლთის ცემა დაიწყო ოთახში. ლიკა ისევ თავჩარგული იჯდა, თან შიგადაშიგ აღმოხდებოდა ხმამაღლა წარმოთქმული ფიქრები:

- ღმერთო, ეს რა უბედური ვყოფილვარ მართლა... ნუთუ მკვლელიც ვარ... არა, მკვლელი მაინც არ ვიყო... არა! ეს რა ვარსკვლავზე გავჩნდი, რა ჯანდაბაა. ჩემ გარშემოც ყველა უბედური იყო - ნამდვილი დედაც, მამაც, გამზრდელი დედაც, მამინაცვალიც, რომელიც მთელი ცხოვრება ორ ოჯახს შორის იყო გაჭრილი, საწყალი დიმაც, რომელიც ჩემს სიგიჟეს შეეწირა თურმე... ვანო, რომელსაც ასე ვუყვარდი...

ირინა ისევ განაგრძობდა ბოლთის ცემას, თან თითი საფეთქელზე მიედო და ჩაფიქრებული სახით იყურებოდა.

- ახლა რაღა მეშველება? რა სამსახურზეა ლაპარაკი, მგონი გასაქცევად მაქვს საქმე, აბა, მეც ციხეში ხომ არ ამოვყოფ თავს... - მეგობარს შეჰღაღადა.

- არა, რა ციხეში... ამ ყველაფერს ჩაღრმავება სჭირდება, ბევრი ფიქრი, ანალიზი... ყველაფერს მოევლება ალბათ... - ირინა კოპებშეკრული უყურებდა ლიკას.

- რას მოევლება, ირ, ხომ ხედავ, გენეტიკურად უბედური ვარ, - ცინიკურად გაიღიმა, - რაც დედაჩემი ყოფილა, მეც ის ვყოფილვარ. მარტო მთვარეულობით კი არა, უბედობითაც...

- მაგრამ ერთ რამეში ორივეს გაგიმართლათ, - ირინამ შთაგონებული სახით უთხრა ეს სიტყვები ლიკას, თვალებიც სითბოთი გაევსო.

- რაში? - იმედიანად ჰკითხა ლიკამ.

- რაში, და ორივეს კარგი მეგობარი და ადვოკატი შეგახვედრათ ბედმა...

დასასრული

ლელა ზურებიანი

იხილეთ რომანის დასაწყისი