"მათემატიკის საერთაშორისო გამოცდაზე ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ 2%-ში შევიდა" - რას საქმიანობს და სად მუშაობს ზურაბ ჟვანიას ვაჟი პატიმრობის შემდეგ? - მშობლები

"მათემატიკის საერთაშორისო გამოცდაზე ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ 2%-ში შევიდა" - რას საქმიანობს და სად მუშაობს ზურაბ ჟვანიას ვაჟი პატიმრობის შემდეგ?

2023-10-31 17:01:14+04:00

საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცოლი, ნინო ჟვანია "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, საუბრობს შვილების შესახებ. მისი თქმით, ბუსა ჟვანიამ ციხეში ყოფნის პერიოდი განათლების მიღების თვალსაზრისით ნაყოფიერად გამოიყენა, მიიღო სტიპენდია, ახლა ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს და პარალელურად, "ამაზონში" მუშაობს.

- 2020 წელს, ბუსას შემთხვევის დროს, ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, რას ეტყოდა, რა პოზიციას დაიჭერდა?

- ალბათ, იმავეს, როგორიც მე. აუცილებლად დაინტერესდებოდა, გამოიკითხავდა. მე ყველაფერი ვიცი და ამაზე ნასაუბრები გვაქვს მე და ბუსას. მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა. ციხეში ყოფნამ მოუწია, მაგრამ ძალიან პროდუქტიულად გამოიყენა განვითარებისთვის.

კვირაში ერთხელ მიმქონდა ერთი 10 წიგნი - დაწყებული დოსტოევსკით და უელბეკით დამთავრებული - ყველაფერი წაიკითხა.

ამას გარდა, ემზადებოდა მათემატიკის გამოცდისთვის. მათემატიკის საერთაშორისო გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ-2%-ში შევიდა და ძალიან კარგ უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია.

ახლა სწავლობს, თან მუშაობს "ამაზონში". რაც შეემთხვა, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში....

- თებერვალში 19 წელი გახდება, რაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. რა იყო ყველაზე რთული, როდესაც 3 შვილთან ერთად მარტო დარჩით?

- ყველაზე რთული მარტოობაა. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ცდილობ საქმეზე იყო ორიენტირებული, მაშინ ძალიან მალე დავიწყე მუშაობა, ვარჯიში - თითქმის 2 კვირაში, რათა ყურადღება გადამეტანა. ეს თვისება მაქვს, რაც არ უნდა დაეცე ადამიანი, უნდა ადგე, სანამ ადგომა შეგიძლია და მერე ცხოვრება გეხმარება. ძალიან მომეხმარა ოჯახი, ადამიანების დამოკიდებულება, ახლაც, სადაც მივდივარ, ყველგან ზურას ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ.

- როგორი მამა იყო, ჰქონდა დრო შვილებთან დროის გასატარებლად? ბავშვები რამხელები იყვნენ, როცა ეს ამბავი მოხდა?

- მე 38 წლის ვიყავი, ლიზა - 10 წლის, ბუსა 8-ის, ხოლო ანჩო 6 წლის. კვირაში ერთი დღე, კვირას, ზურა აუცილებლად იყო ჩვენთან. დიღმის იქით ერთი სოფელია, იქ გვაქვს სახლი და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავით. უცნაური თვისება ჰქონდა - ყველა დეტალს ამჩნევდა. სახლში რომ შემოვიდოდა, ყველაფრის აზრზე იყო. მომთხოვნი იყო, ბავშვებთანაც მკაცრი. ერთხელ, ლონდონში წავედით, ლიზა გვახლდა და აღმოაჩინა, რომ ლიზამ ინგლისური არ იცის. ალბათ, მაშინ ლიზა 8 წლის იქნებოდა, ძალიან იჩხუბა (იცინის) და უთხრა, არ დავინახო, ისე ჩახვიდე ქვეყანაში, რომ ენა არ იცოდე იმ ქვეყნისო. იმ დროს ლიზა სკოლაში გერმანულს სწავლობდა, გერმანულით დაიწყო.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად