როგორ უნდა გქონდეთ სექსი სახლში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან - თითქოს კითხვა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია არა მარტო ახალგაზრდა წყვილის სექსუალური ჰარმონიისთვის, ასევე ბავშვების ფსიქოლოგიური სიჯანსაღისთვის.
ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარება დაბადებიდან იწყება და დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იქცევიან მშობლები ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ეს შემდგომში ბავშვს საკუთარი თავის, სხეულის, სქესის სწორად მიღებაში დაეხმარება. მშობლების მთავარი ამოცანაა, პარტნიორთან აქტიური სექსუალური ცხოვრება და ჰარმონიაც შეინარჩუნოს და არც ბავშვის ფსიქიკას მიაყენოს ტრავმა .
არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკისაა პატარა. მშობლებს ჰგონიათ, რომ ძალიან მშვიდად სძინავს, ან იმდენად პატარაა, არ ესმის, რა ხდება. არ გირჩევთ გარისკვას. ყველაფერი, რაც ბავშვს ესმის, მის არაცნობიერ გონებაში რჩება და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება. თუ ბავშვს დედის უცნაური ხმები ან ყვირილი ესმის, მისი ფსიქიკა ამას საფრთხედ აღიქვამს.
ბავშვი ენერგეტიკულად ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული დედას, 7 წლამდე, პრაქტიკულად გრძნობს მას თავისი სხეულით, ამიტომ ყველაფერი, რაც დედის სხეულს და ემოციებს ემართება ინტიმური სიახლოვის დროს, შეიძლება ბავშვის ტვინმაც აღიქვას, თუმცა როგორც საფრთხე. მაგალითად, რომ დედას სტკივა, დედას ეშინია, დედა თავს ცუდად გრძნობს, კაცი მოძალადეა და ა. შ.
არაცნობიერი გონება დიდხანს ინახავს ამ ინფორმაციას. ძილში, ცნობიერი ნაწილის მუშაობის „დასუსტების“ მომენტში, ყველა ინფორმაცია თავისუფლად გადადის ქვეცნობიერში და, მოგეხსენებათ, ყველაფერი, რაც მასში ერთხელ მოხვდება, მასში რჩება. ჩვენ არ ვიცით, როდის და რა მომენტში ჩაირთვება ეს „პროგრამა“ და როგორ იმოქმედებს ის ბავშვის ფსიქოსექსუალურ განვითარებაზე.
დიახ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელზეც ბინის რემონტისა და მოწყობისას უნდა იფიქროთ. მიზანშეწონილია, რომ მშობლებისა და ბავშვების საძინებელს საერთო კედელი არ ჰქონდეს, ან, თუ ეს გარდაუვალია, მშობლების და ბავშვების საწოლები ერთ კედელთან არ იყოს მიდგმული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წვრილმანებია, რომლებსაც გულგრილად არ უნდა ჩაუაროთ.
ეს საშუალებას მისცემს წყვილს, მაქსიმალურად მოდუნდეს სექსუალური ურთიერთობისას და თავიდან აიცილოს შემთხვევები, როდესაც შუა ღამისას გაღვიძებული ბავშვი თავზე დაადგება. თუ თქვენი საძინებლის კარი შიგნიდან არ იკეტება, რაიმე მაინც მიადგით, რომ გაღებამდე გაიგოთ ბავშვის მოახლოება.
ასწავლეთ ბავშვს, რომ თქვენს საძინებელში დაუკაკუნებლად არ შემოვიდეს. აუხსენით, რომ ეს დედ-მამის ადგილია და აქ ყოველთვის არ შეიძლება შემოსვლა. ასე ბავშვი ადრეული ასაკიდან ეჩვევა თქვენი საზღვრების დაცვას და შემდგომში საკუთარი საზღვრებიც ეცოდინება.
ნებისმიერ ასაკში თქვენ უნდა შეძლოთ ბავშვს მის ენაზე უპასუხოთ, როცა გეკითხებათ, "როგორ დავიბადე?", "საიდან გავჩნდი?". გულწრფელად, მაგრამ დეტალებში ჩაღრმავების გარეშე, აუხსენით, რომ ის დედასა და მამას შორის დიდი სიყვარულის შედეგად გაჩნდა.
თუ მოხდა ისე, რომ ბავშვი მშობლების სექსის შემთხვევითი მოწმე გახდა, მაშინ მშვიდად, სახეზე საშინელი გამომეტყველების გარეშე, აიყვანეთ ხელში, დაამშვიდეთ, დარწმუნდით, რომ აღარ ეშინია და წაიყვანეთ თავის ოთახში. უთხარით, რომ ყველაფერი კარგადაა და ხვალ აუცილებლად ილაპარაკებთ ამაზე.
მეორე დღეს ეს დანაპირები აუცილებლად უნდა შეუსრულოთ. მარტივი სიტყვებით, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, უთხარით, რომ ასე უყვართ დედას და მამას ერთმანეთი, რომ ამ გზით მშობლები ურთიერთობენ და შედეგად კიდევ უფრო უყვარდებათ ერთმანეთი. მერწმუნეთ, ერთმანეთზე შეყვარებული და მზრუნველი მშობლების ოჯახში გაზრდილი შვილი ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება.