შვილის სიყვარული განუზომელია, მაგრამ ზოგჯერ ბრმა ეგოიზმში გადადის, ეგოისტური სიყვარული კი, ბედნიერების ნაცვლად, უბედურებისა და სტრესის მორევში ჩაძირავს შვილს, რომლისთვისაც დედას მხოლოდ საუკთესო სურდა. ქალბატონმა ელენემ გულწრფელად მიამბო თავისი ცხოვრების ამბავი, თითქოს მის წინ ჟურნალისტი კი არა, ფსიქოლოგი იჯდა, კითხვების დასმამ არც მომიწია... შევატყვე, უნდოდა დაცლილიყო იმ ტკივილისგან, რაც მრავალი წელი აწუხებდა. ვერ გეტყვით, დაიცალა თუ არა, მაგრამ მჯერა, რომ გაზიარებული დარდი ნამდვილად ნახევრდება.
ელენე:
- დედაჩემის ერთადერთი შვილი ვარ. ის მამაჩემის მეორე ცოლი გახლდათ და უფროსი ნახევარ და-ძმა მყავდა. პატარაობიდანვე სულ მინდოდა მათთან ურთიერთობა, მაგრამ დედას ეს არ სიამოვნებდა და მამაც უმალავდა ჩვენს შეხვედრებს. თვეში ერთხელ მამას მალულად მივყავდით ერთად ხან ბებია-ბაბუსთან სოფელში, ხან კინოში, ხან ზოოპარკსა და სხვა გასართობ ადგილებში. მერე მამა ავტოავარიაში დაგვეღუპა. მაშინ 8 წლის ვიყავი. ასე შეწყდა ჩვენი ბედნიერი შეხვედრები... მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა კიდევ უფრო გამკაცრდა. უსაზღვრო კონტროლითა და გამუდმებული შემოწმებებით ძალიან შეწუხებული ვიყავი, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. ჩემს ყველა კლასელთან მეგობრობას მიშლიდა, მხოლოდ რამდენიმესთან მრთავდა სტუმრობის ნებას, ისიც, დაბადების დღეებზე. სანამ იქ ვიყავი, მასპინძელ ოჯახში რამდენჯერმე რეკავდა და სიტუაციას ჩემი მეგობრების მშობლებისგან იგებდა. ერთხელ ერთმა უთხრა კიდეც, ნანი, ასე არ შეიძლება, ცოდვაა ბავშვი, მეტი თავისუფლება მიეციო, დედა კი ცრემლებად დაიღვარა - ჩემი ქმრის გარდაცვალების მერე შიში გამიჩნდა, რომ ელენესაც რამე შეემთხვევა, ის ავტოავარია დღემდე მოწყობილი მგონია, უბრალოდ, ვერ ვამტკიცებო... მამა ღვინის ქარხნის დირექტორი იყო და დედას სჯეროდა, რომ მოწინააღმდეგეებმა მოიშორეს. ჩემს მშობლებს მართლა ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და მარტოდ დარჩენილი დედა ძალიან მეცოდებოდა.
მეცხრე კლასში ჩვენს სკოლაში ნიკა გადმოვიდა, ფეხბურთზე დადიოდა, კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ისეთი ბიჭი იყო, ყველა გოგოს მოსწონდა, მან კი სხვებისგან მე გამომარჩია. მალე მთელმა სკოლამ გაიგო ჩვენი სიყვარულის ამბავი. რაღა თქმა უნდა, დედას ყურამდეც მიაღწია და ლამის გადაირია: რა დროს შენი სიყვარულია, უნდა ისწავლო, რომ კარგი ექიმი დადგეო (თვითონვე გადამიწყვიტა, რომ სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა), თანაც, ამბობენ, რომ მომავალი ფეხბურთელია და მაგათ ყველას ფეხებში აქვთ ჭკუა, უწიგნურები არიანო... მერე ნიკას შეხვდა და თითის ქნევით დაემუქრა, რომ ჩემთვის თავი დაენებებინა, თორემ დააჭერინებდა და კარიერას სამუდამოდ დააკარგვინებდა. ნიკას ისე ვუყვარდი, იოლად არ უნდოდა ფარ-ხმლის დაყრა, მაგრამ მე მართლა შემეშინდა, რომ დედაჩემს მისთვის არ ევნო, ამიტომ ნიკასგან თავი შორს დავიჭირე... სკოლის დამთავრების შემდეგ ნიკა უცხოეთში წავიდა. დედაჩემმა კი იმდენი ქნა, თავისი მეგობრის მულიშვილი გამაცნო და გამათხოვა (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით). ზურა მდიდარი ოჯახიშვილი იყო, პროკურორის შვილი. მათ ოჯახს თბილისელი, ექიმი რძალი სურდათ და სამედიცინო ინსტიტუტის მეორეკურსელი, მომავალი ექიმ-კარდიოლოგი სრულად აკმაყოფილებდათ. ზურა საშინლად ეჭვიანი აღმოჩნდა. ისეთი ავადმყოფური წარმოსახვა ჰქონდა, ბევრჯერ ისტერიკა დამმართა. 4 თვის ორსული ვიყავი, როცა ჩემს კურსელ ბიჭზე იეჭვიანა და იმდენად ბინძური რაღაცები დახატა, მწყობრიდან გამოვედი და სილა გავარტყი. რას ჰქვია, ცოლმა ხელი წაიგრძელაო, და ისე მცემა, მუცელი მომეშალა. ასეთი გაუბედურებული და დალილავებული რომ მნახა, დედამ უკან დაიხია... სახლში წამიყვანე, თორემ თავს მოვიკლავ-მეთქი, ისეთი ხმით ვუთხარი, არც დაფიქრებულა, მომკიდა ხელი და ერთად დავბრუნდით. მისი ოჯახი ერთხანს მთხოვდა, მეპატიებინა ქმრისთვის ეს საქციელი, ძალიან რომ უყვარხარ, იმიტომაც იეჭვიანაო, მაგრამ სალ კლდედ ვიქეცი. დედაჩემმაც მხარი ამიბა, არ გაბედოს, ახლოს აღარ გაეკაროს, თორემ ციხიდან თავს ვერ გამოყოფსო. ისინიც შეგვეშვნენ. ეტყობა, პროკურორ მამას პრობლემები არ სჭირდებოდა.