ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი) - ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია ნათქვამი.
განჩინების თანახმად, კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის.
"წმინდა სინოდმა განაჩინა:
ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში“, - აღნიშნულია განჩინებაში.
ამ ცვლილებამ ბევრს გაუჩინა კითხვა, ხომ არ შეიცვლება რამე იმ ნათლიებთან დაკავშირებით, რომლებმაც ამ განჩინებამდე მონათლეს ადამიანები.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ აქამდე შესრულებულ ნათლობაში მონაწილე პირების მიმართ არაფერი იცვლება.
ამასთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნათლობასთან დაკავშირებულ ძველ წესსაც აქვეყნებს.
"სინოდის განჩინებაში ასახულია ნათლობასთან დაკავშირებული ძველი წესი, იხილეთ 1875 წლის სახელმძღვანელოდან შესაბამისი ამონარიდი. 2023 წლის 2 ნოემბრის სინოდის განჩინებაში არ იგულისხმება უკუქმედება, ანუ აქამდე შესრულებულ ნათლობაში მონაწილეთა მიმართ რაიმე ცვლილება არ იგულისხმება." - წერს სასულიერო პირი.