"ეს ასაკი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ განვითარებისთვის, რომ ჩვენს მომავალს ჩავუყაროთ საფუძველი" - 16 წლის თბილისელი მოსწავლის მრავალფეროვანი საქმიანობა და დიდი მიზნები - მშობლები

"ეს ასაკი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ განვითარებისთვის, რომ ჩვენს მომავალს ჩავუყაროთ საფუძველი" - 16 წლის თბილისელი მოსწავლის მრავალფეროვანი საქმიანობა და დიდი მიზნები

2023-11-06 07:52:55+04:00

16 წლის საბა კუპატაძე თბილისის 180-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. წლებია, სკოლაში სწავლის პარალელურად სხვადასხვა აქტივობაშია ჩართული და როგორც მისი მეგობრები ამბობენ ხოლმე, ბევრისთვის არის სამაგალითო. საბა კარგად მღერის, უკრავს რამდენიმე ინსტრუმენტზე, ხატავს და მონაწილეობს გამოფენებში, გატაცებულია პოლიტიკური მეცნიერებებით, ასევე დაინტერესებულია სხვადასხვა ენის სწავლით და უკვე იცის რამდენიმე ენა, გარდა ამისა, მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა და ამ ეტაპზე საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ასწავლის სალაპარაკო ქართულ ენას. თუ როგორ ასწრებს ამდენ რამეს, რას ფიქრობს სამომავლოდ და რას ურჩევს თანატოლებს, ამის შესახებ თავად გვესაუბრება.

- მოდი, დავიწყოთ შენი ბოლოდროინდელი საქმიანობით - უკრაინელებისთვის ქართული ენის სწავლებით...

- ორგანიზაცია helping hand-ში დაახლოებით ხუთი თვის წინ დავიწყე ვოლონტიორობა-მოხალისეობა. თავიდან უფრო საოფისე სამუშაოთი ვიყავი დაკავებული, მასტერკლასებზე დავდიოდით, მერე კი პროექტებშიც ჩავერთე. ამ ეტაპზე აქტიურად ვარ ჩართული პროექტში - მოხალისეები უკრაინელებისთვის, უკრაინელებს ვასწავლით სალაპარაკო ქართულ ენას.

371480529-865225171654454-1095617544494049724-n-1699243230.jpg

- რამდენად ადვილია, არ გაგიჭირდა?

- პირველი ორი გაკვეთილი გამიჭირდა, მერე ნელ-ნელა ავუღე ალღო, ცოტა გავთამამდი. გარდა ამისა, ჩემს მასწავლებლებს ვკითხე რჩევა - რუსულისა და ქართულის პედაგოგებს, ზოგადად გაკვეთილის ჩატარების სპეციფიკაში რომ გავრკვეულიყავი, მათი რჩევებიც გავითვალისწინე და მერე ადვილად აეწყო ყველაფერი.

395488144-330344419674731-2114916108768206596-n-1699246160.jpg

- თავად სად ისწავლე უკრაინული?

- მეგობარი მყავს უკრაინელი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გავიცანი ინტერნეტით, ყოველდღიურად ვწერთ ერთმანეთს, ამ წლების განმავლობაში დღე არ ყოფილა, არ გვესაუბრა. მას მერე, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ომის გამო მშობლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდა, თუმცა ერთმანეთი არ დაგვიკარგავს და გვერდში ვუდგავართ. მასთან ურთიერთობისას ვისწავლე და დავხვეწე უკრაინული.

- როგორც ვიცი, სხვა ენებიც იცი, ეს ალბათ შენი მუსიკალური სმენის დამსახურებაა...

- სმენის წყალობაც არის და გარდა ამისა, ბავშვობიდან ვეჩვეოდი უცხო ენებს. დედამ კარგად იცის რუსული და ხშირად ვუყურებდი რუსულენოვან პროგრამებს, ანიმაციებს, მამამ თურქული იცის კარგად და ეს გარემოც ძალიან დამეხმარა.

394907127-1406683389945570-1072778450821756942-n-1699243279.jpg

- მშობლები რაკი ვახსენეთ, რამდენად გგულშემატკივრობენ და როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის ოჯახის მხარდაჭერა?

- სულ მხარს მიჭერენ მშობლებიც, ძმაც. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველმხრივ, არა მხოლოდ ფიზიკური მხარდაჭერა იგულისხმება, არამედ ჩართულები არიან ბოლომდე ჩემს საქმიანობაში. სახლში რომ მოვდივარ, ყოველთვის აინტერესებთ ჩემი ამბები, სიახლეები, ყველაფერს ვუყვები და ვუზიარებ, ისინიც მიზიარებენ საკუთარ აზრს, შენიშვნებს თუ რჩევებს, რასაც ძალიან ვაფასებ.

- წლებია მღერი და როგორც ვიცი, პროფესიული მიმართულებაც აირჩიე...

- წელს ჩავაბარე ევგენი მიქელაძის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც საოპერო ვოკალს ვეუფლები. იქვე, სხვა დისციპლინებთან ერთად, იტალიურსაც ვსწავლობ და ძალიან მომწონს.

379543343-256866080652328-5080440622960352235-n-1699243294.jpg

- გარდა ამისა, რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავ...

- დიახ, გიტარაზე, ფორტეპიანოზე და უკულელეზე.

- მომავალში სად ხედავ საკუთარ თავს, ამ მრავალფეროვანი საქმიანობებიდან?

- ყველაზე ძალიან მაინც მომწონს მუსიკა და საერთაშორისო ურთიერთობები.

- საერთაშორისო ურთიერთობები რა მიმართულებით გაინტერესებს, გაქვს რამე კონკრეტული მიზანი?

- მინდა, რომ საქართველოს კულტურა და ენა უფრო ცნობილი გახდეს სხვა ქვეყნებში და მეც შევიტანო ამაში წვლილი, მით უმეტეს, რომ მგონია, კარგად გამომდის ეს საქმიანობა.

- ამ აქტივობების პარალელურად, სკოლაში სწავლას როგორ ახერხებ?

- ცოტა მიჭირს და მიწევს გაცდენაც, თუმცა ხანდახან ასეც არის საჭირო. ვცდილობ ისე გადავანაწილო დრო და რესურსები, როგორც ჯობს ჩემი პიროვნული განვითარებისთვის და ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს და გაცილებით წინ მწევს. მით უმეტეს, რომ ეს სხვადასხვა, მრავალფეროვანი საქმიანობები და ურთიერთობები ძალიან დამეხმარა როგორც პიროვნებას, ბევრი რამ გადამალახინა, კომპლექსები, სირთულეები. ყოველთვის ასეთი აქტიური ნამდვილად არ ვიყავი. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა გიტარის გაკვეთილებზე დავიწყე სიარული 14 წლისამ. სკოლაში მქონდა რაღაც პრობლემები, ფსიქოლოგიურად არ ვიყავი მყარად, ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავში და მხოლოდ სიმღერა მსიამოვნებდა. დედამ სწორედ მაშინ მიმიყვანა გიტარის პედაგოგთან, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა. იქ ისეთი გარემო დამხვდა, გარდა სიმღერისა და გიტარაზე დაკვრისა, ჩემი პედაგოგი ჩემთვის ფსიქოლოგიც აღმოჩნდა, მასთან გავიხსენი, უფრო ლაღი და თამამი გავხდი და ბევრი რამის სტიმულიც მომეცა. მომინდა საკუთარი თავის მეტად გამოვლენა, მეტი ურთიერთობები. შემდეგ სკოლის მეგობარმა ჩამრთო ერთ-ერთ პროექტში და ნელ-ნელა, თავადაც ძალიან დავინტერესდი ამ აქტივობებით, ჩემით ვეძებ საინტერესო პროგრამებს, რომლებიც რეალიზებაში და განვითარებაში დამეხმარება.

395615392-324926970235584-4087544238692750759-n-1699243323.jpg

- წიგნების კითხვას რამდენად ასწრებ?

- ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, უფრო - ისტორიული ჟანრის, პოლიტიკური მიმართულების.

- გყავს თანამოაზრეები თანატოლებს შორის?

- ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც ყველაზე მეტს ვესაუბრები და ხან ღამეებს ვათენებთ სხვადასხვა თემაზე საუბრით. ვცდილობთ, ერთმანეთს ბიძგი მივცეთ, სტიმული ვართ ერთმანეთისთვის, ურთიერთგანვითარებაზეც ვზრუნავთ.

- როგორ ფიქრობ, დღევანდელ სკოლებს რა აკლია იმისთვის, რომ მოზარდები უკეთ განვითარდნენ და თვითრეალიზებაც შეძლონ?

- არ არის კლუბები, წრეები, სადაც სკოლის თემების გარდა რაღაც სხვას ისწავლი, გაუზიარებ თანატოლებს შენს აზრებს თუ ცოდნას. გაკვეთილებზეც ბევრი ბავშვია, ყველა სხვადასხვა ინტერესით, ბევრს საერთოდ არ აინტერესებს ესა თუ ის საგანი, გაკვეთილი და მასწავლებლებსაც არ რჩებათ ძალა და ენერგია, მათ შეეწინააღმდეგონ. ამიტომ, ვისაც აინტერესებს, ისიც ვერ იგებს ვერაფერს. ალბათ უკეთესი იქნებოდა, ინტერესების მიხედვით ყოფილიყვნენ მოსწავლეები დაჯგუფებული... სხვათა შორის, ბოლო პერიოდში თავად დავიწყეთ ბავშვებმა კლუბების ჩამოყალიბება, მე და ჩემი მეგობრები ახლა სადებატო კლუბზე ვმუშაობთ, სამოქალაქო მიმართულებით და ჩვენი სკოლის დირექტორიც ძალიან გვეხმარება ამაში.

- თანატოლებს რას ურჩევდი?

- იყავით ჯიუტები და გააკეთეთ ის, რაც გინდათ გააზრებულად, არ მიაქციოთ არავის ყურადღება. მოზარდობის დროს „დავიღალე“, „მეზარება“ არ არსებობს, ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენო განვითარებისთვის, ცოდნისთვის, რომ შენს მომავალს ჩაუყარო საფუძველი. ნებისმიერ წუთს აქვს მნიშვნელობა... ჩემი მეგობარი მეუბნება ხშირად, რომ არასოდეს არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ისეთი დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადავლახავთ. ამიტომ, ძლიერები და შეუპოვრები უნდა ვიყოთ და სულ მზად განვითარებისთვის.