ეპილეფსია, დიაბეტი, ფსორიაზი, ასთმა - დაავადებები, რომლებიც ცნობილ ადამიანებს აქვთ და პერიოდულად, საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე დგებიან - მშობლები

ეპილეფსია, დიაბეტი, ფსორიაზი, ასთმა - დაავადებები, რომლებიც ცნობილ ადამიანებს აქვთ და პერიოდულად, საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე დგებიან

2023-11-06 14:13:00+04:00

ამ ცნობილი ადამიანების პოპულარობისა და დიდების მიღმა უამრავი ტკივილი იმალება. ისინი სხვადასხვა დაავადებას ებრძვიან. ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აწუხებთ და ამავდროულად, საჯაროდ საუბრობენ, რომ საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლონ:

ლაიმის დაავადება

ძირითადი სიმპტომები: ადრეულ სტადიაზე ადამიანებს ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობა და კანზე გამონაყარი აღენიშნებათ. თუ დაავადებას დროულად არ უმკურნალებენ, პაციენტს ეწყება სახსრების ძლიერი ტკივილი, აწუხებს გულთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა და უზიანდება მხედველობა.

პროგნოზი: ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. თუ პაციენტი სიმპტომებს ყურადღებას არ მიაქცევს, ქრონიკული ფორმა ვითარდება, რომელიც არ იკურნება და შესაძლოა, პაციენტი სრულ პარალიზებამდე და დემენციამდე მიიყვანოს.

ლაიმის დაავადება ბაქტერიით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც ტკიპებისა და სხვა ისეთი მწერების ნაკბენით გადადის, რომელსაც ადამიანის სისხლთან აქვს კონტაქტი. თავდაპირველად, სიმპტომები გრიპს ჰგავს, ამიტომაც დაავადების სწორად დიაგნოსტირება ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში, ქრონიკული ფორმის ჩამოყალიბების მიზეზი ესეცაა.

1-1699265766.jpeg
იოლანდა ჰადიდი

სამწუხაროდ, ვარსკვლავებიც სიმპტომებს დროულად იშვიათად აქცევენ, ამიტომაც მათ დაავადების რთული ფორმა უყალიბდებათ. ლაიმის დაავადებით იტანჯება ბელა ჰადიდი, დედამისი - იოლანდა ჰადიდი, ალეკ ბოლდუინი და ეშლი ოლსენი. როგორც ვარსკვალვები ამბობენ, მათ ლაიმის დაავადების ქრონიკული ფორმა აქვთ და პერიოდულად უმწვავდებათ.

2-1699265798.jpeg
ავრილ ლავინი

ავრილ ლავინმა ლაიმის დაავადება წარმატებით დაძლია. "ღამით ცივმა ოფლმა დამასხა და მეგონა, რომ გრიპი მქონდა. ეს, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა." - იხსენებს მომღერალი. ექიმებთან არაერთი ვიზიტის შემდეგ, ავრილმა სწორი დიაგნოზის გაგება და სათანადოდ მკურნალობა მოახერხა. შედეგად, სრულად განიკურნა.

ფსორიაზი

ძირითადი სიმპტომები: წითელი, მშრალი, აქერცლილი კანი

პროგნოზი: ქრონიკულ აუტოიმუნურ დაავადებად ითვლება, რომლისგანაც სრულად განკურნება შეუძლებელია. პერიოდულად ჩნდება და წამალსა და მალამოს შეუძლია, ქავილი და დისკომფორტი შეამსუბუქოს.

შესაძლო გართულებები: არასათანადო მკურნალობისა და სტრესის ფონზე, ფსორიაზი შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, პროგრესირდეს და გამონაყარით კანის 30%-მდე დაიფაროს. ფსორიაზით დაავადებულთა დაახლოებით 10-15%-ს ფსორიაზული ართრიტი აწუხებს.

მსოფლიო მოსახლეობის 2% ფსორიაზითაა დაავადებული. მათ შორის არიან კიმ კარდაშიანი, კარა დელევინი და ბრიტნი სპირსი.

3-8-1699265872.jpg
კიმ კარდაშიანი

2011 წელს კიმ კარდაშიანმა საიდუმლო გაამხილა, რომ აღნიშნული დაავადებით იტანჯებოდა. გამოაქვეყნა ის სპრეიც, რომელსაც ლაქების შეფერილობის შესაცვლელად იყენებდა.

შაქრიანი დიაბეტი

ძირითადი სიმპტომები: მუდმივი წყურვილი, შიმშილი, პირის სიმშრალე, ქავილი, კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება.

პროგნოზი: განუკურნებელ დაავადებად ითვლება, მაგრამ გარკვეული წესების დაცვით, სიმპტომები შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.

შესაძლო გართულებები: ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის კრიტიკული დაქვეითება), დეჰიდრატაცია, კომა, სახსრების ტკივილი, კატარაქტა, დეპრესია, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, კიდურების წყლულები...

ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ დიაბეტი მხოლოდ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს აწუხებს. ის შესაძლოა, იმ პაციენტებსაც ჩვეულებრივად განუვითარდეთ, რომლებიც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი აქვთ: ტომ ჰენკსს, ჰოლი ბერის, ლარა კინგს, სელმა ჰაიეკს.

5-1699265905.jpeg
ჰოლი ბერი

სელმა ჰაიეკს დიაგნოზი ორსულობის დროს დაუსვეს, ტომ ჰენკსმა კი დაავადების შესახებ 2013 წელს გაიგო. მათ მე-2 ტიპის დიაბეტი აქვთ.

ეპილეფსია

ძირითადი სიმპტომები: უეცარი და უკონტროლო კრუნჩხვები.

პროგნოზი: ეს არის ქრონიკული დაავადება. მედიკამენტმა შეიძლება შეტევების ხანგრძლივობა და სიმძიმე შეამციროს. მედიკამენტების მიღება რემისიის დაწყებას 70%-ით ზრდის.

შესაძლო გართულებები: ხშირი ეპილეფსიური კრუნჩხვით, ტვინის ფუნქცია თანდათან უარესდება, რასაც გარკვეულ შემთხვევებში ლეტალური შედეგი მოჰყვება.

7-1699265936.jpg
ელტონ ჯონი

მსოფლიოში ეპილეფსიით, დაახლოებით, 50 მილიონი ადამიანი იტანჯება. მათ შორის ცნობილი მომღერლები, მუსიკოსები, სპორტსმენები, ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.

მაგალითად, ლილ უეინი, ელტონ ჯონი და ემი ლი ეპილეფსიით ბავშვობიდან იტანჯებიან და ამის გამო, უსიამოვნო სიტუაციაში არაერთხელ აღმოჩენილან.

ძუძუს კიბო

ძირითადი სიმპტომები: ადრეულ ეტაპზე სიმსივნის აღმოჩენა, სპეციალისტის ჩარევის გარეშე, შეუძლებელია. მოგვიანებით კი ხშირად მკერდისა და იღლიის მიდამოში ლიმფური კვანძები დიდდება, მკერდი შუპდება, შესაძლოა, აღინიშნოს მკერდიდან გამონადენი.

პროგნოზი: თუ სარძევე ჯირკვლის კიბო პირველ სტადიაზე გამოვლინდა, მაშინ განკურნების გაცილებით დიდი შანსი არსებობს. ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების გავრცელების გამო კი მომდევნო ეტაპებზე ეს შანსი მცირდება.

შესაძლო გართულებები: მასტექტომია (ნაწილობრივი ან რადიკალური). თუ მკურნალობა შემდგომ ეტაპებზე წარუმატებელი აღმოჩნდა, შემთხვევები ფატალურად სრულდება.

ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელმაც გენეტიკური მიდრეკილების გამოსარკვევად სპეციალური გამოკვლევა ჩაიტარა და პროფილაქტიკურ მასტექტომიას მიმართა, ანჯელინა ჯოლი იყო. შეგახსენებთ, რომ ანჯელინას დედა ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მსახიობი საჯაროდ საუბარს არასოდეს ერიდება და ქალებს სკრინინგის მნიშვნელობას ახსენებს.

8-1699265975.jpeg
ჯენის დიკინსონი

კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც ამ თემაზე ხშირად საუბრობს, შენენ დოერტია. მსახიობს მასტექტომია ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, შედეგი არ გამოიღო, რადგანაც მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში გავრცელდა. იგი ახლა კვლავ მკურნალობის კურსს გადის.

კაილი მინოუგი, ჯენის დიკონსონი, შენენ დოერტი, ანჯელინა ჯოლი, სინტია ნიქსონი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ვარსკვლავების, რომლებიც ძუძუს კიბოს წინაშე აღმოჩნდნენ.

ასთმა

ძირითადი სიმპტომები: ქოშინი, ხიხინი, ხველა, გულმკერდის ტკივილი, ასთმური შეტევები.

პროგნოზი: ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, გართულებების თავიდან არიდება შეიძლება.

შესაძლო გართულებები: ხანგრძლივი შეტევის შედეგად, შესაძლოა, ბრონქიოლები შეშუპდეს, რამაც დახრჩობა და ჰიპოქსიაც კი გამოიწვიოს.

9-1699266015.jpg
პინკი

ასთმით მრავალი ცნობილი ადამიანი იტანჯება. მათ შორისაა, მომღერალი პინკი. როგორც ცნობილია, მომღერალს 2 წლიდან სუნთქვის სერიოზული პრობლემები აქვს. იმისათვის, რომ ის სცენაზე დამდგარიყო, მომღერალმა სუნთქვის განსხვავებული ტექნიკა ისწავლა, რომ კონცერტებზე ხელი არ შეეშალა.

10-1699266035.jpg
დევიდ ბექჰემი

კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი, რომელსაც ასთმა აქვს, დევიდ ბექჰემია. ის დიაგნოზის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არ საუბრობდა. თუმცა, ერთხელ მოედანზე ინჰალატორით შენიშნეს. ამის შემდეგ, ფეხბურთელმა საკუთარი პრობლემის შესახებ საჯაროდ ისაუბრა.

სისტემური წითელი მგლურა

ძირითადი სიმპტომები: ცხელება, სისუსტე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაღლილობა, გამონაყარი, წყლულები, გულის პრობლემები, სახსრების პრობლემები, კრუნჩხვები, ფსიქოზი.

პროგნოზები: გადარჩენის მაჩვენებელი დიაგნოზიდან 10 წლის შემდეგ - 80%, 20 წლის შემდეგ - 60%.

შესაძლო გართულებები: ინსულტი, ათეროსკლეროზი. შესაძლოა, გამოიწვიოს თირკმლისა და გულის სერიოზული პრობლემები და კრუნჩხვები.

11-1699266084.jpg
ტონი ბრექსტონი

2010 წელს მომღერალმა ტონი ბრექსტონმა თქვა, რომ აღნიშნული დაავადებით იტანჯება. მეტიც, 2 წლის შემდეგ იგი საავადმყოფოში სერიოზული გართულებებით გადაიყვანეს.

12-1699266105.jpg
სელენა გომესი

კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც ამ დაავადებას ებრძვის, სელენა გომესია. 2013 წელს ამის გამო მომღერალმა ტურნეც გააუქმა და მკურნალობის ხანგრძლივი კურსი გაიარა.

ჰაშიმოტოს დაავადება

ძირითადი სიმპტომები: გაღიზიანება, სისუსტე, გულის აჩქარება, მხედველობის დარღვევა, წონის დაკლება, ტაქიკარდია, კანის სიმშრალე და ქავილი, ლეტარგია, სიცივის მუდმივი შეგრძნება, ბრადიკარდია, დეპრესიისკენ მიდრეკილება, მეხსიერების დაქვეითება.

პროგნოზი: სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, წარმატებით განკურნებაა შესაძლებელი.

შესაძლო გართულებები: იმუნიტეტის დაქვეითება, ჰორმონალური დისბალანსი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, რომლის სერიოზულად გართულების შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანი კომაში ჩავარდეს და გარდაიცვალოს.

13-1699266137.jpg
ჯიჯი ჰადიდი

ახალგაზრდა სუპერმოდელმა, ჯიჯი ჰადიდმა, აღიარა, რომ ჰაშიმოტოს დაავადება აწუხებს. ეს აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც გამოიმუშავებს ისეთ ანტისხეულებს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს აზიანებს და პაციენტი იძულებულია, ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად, ძლიერი მედიკამენტები მიიღოს. დაავადების გამო, პაციენტის წონა მუდმივად იცვლება, აღენიშნება, ძილიანობა, დაღლილობა, შეშუპება, თმის ცვენა.

პრობლემის წინაშე აღმოჩნდა კიმ კეტროლიც. როგორც მსახიობი აღნიშნავს, ექიმთან ძლიერი სისუსტისა და დაღლილობის გამო მივიდა, შემდეგ კი უთხრეს, რომ ჰაშიმოტოს დაავადება აქვს.