ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი ლიკა ლომიძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" განმარტავს, რა ფუნქცია აქვს ბავშვის ორგანიზმში ტონზილებს, როდისაა აუცილებელი ოპერაცია და რატომ არ არის რეკომენდებული, 5 წლამდე ასაკში ამოიკვეთოს:
- იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდებოდა, ბავშვი არ ჩერდებოდა და სრულყოფილად ტონზილის მოშორებას ვერ ახერხებდნენ. ახლა, როდესაც ეს ზოგადი ანესთეზიით კეთდება, ძალიან იშვიათად ხდება, რომ ტონზილის ქსოვილი დარჩეს და შემდგომ გაიზარდოს. თუ ოპერაციისას ტონზილის ქსოვილი დარჩა, ის აუცილებლად იზრდება. თუ არ დარჩა, ის არავითარ შემთხვევაში აღარ გაიზრდება. ამიტომ, მშობლების ეჭვი მთლად უსაფუძვლო არ არის. ამას ნებისმიერი სპეციალისტი დააზუსტებს. ტონზილი აუცილებლად უნდა მოცილდეს მაშინ, როდესაც მისი ფუნქცია შემცირებული და დაკარგულია. 5 წლამდე ასაკში ტონზილებს ძალიან აქტიური ფუნქცია აქვს. შესაბამისად, 5 წელიწადში იმუნური უჯრედები ვერ ასწრებს იმ დონეზე დაზიანებას, რომ მან ფუნქცია აღარ შეასრულოს. ამიტომაა, აუცილებელი, რომ ტონზილები 5 წლამდე შევინარჩუნოთ. 5 წლის შემდგომ, როცა წელიწადში 2-3-ჯერ და მეტჯერ ტონზილიტი ვითარდება, იმდენად გადაგვარებული და ფუნქციადაკარგულია ტონზილების უჯრედები, რომ ის პირიქით, ინტოქსიკაციას იწვევს და მავნე თვისებებს ავლენს. კვლევებით დადასტურებულია, რომ შემდგომ ასაკში იმუნურ სისტემაში ტონზილებს ძალიან მცირე ფუნქცია გააჩნია.
ქირურგიული ჩარევის უკუჩვენება შეიძლება, ასაკი იყოს. როგორ უკვე აღინიშნა, 5 წლამდე ტონზილების მოშორება სასურველი არ არის, რადგან ტონზილები იმუნურ სისტემაში მონაწილეობენ და სასაში, პირის ღრუში პირველ კარიბჭეს წარმოადგენენ. ყველა ინფექციასთან, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში პირველადად ხვდება, პირველ რიგში, მასთან ბრძოლას საკუთარ თავზე ტონზილები იღებენ. ამიტომ, სასურველია, რომ ბაღის პერიოდში, როდესაც პატარას სხვადასხვა ინფექციასთან აქვს შეხება, თუ ბავშვის ორგანიზმი საშუალებას გვაძლევს, ტონზილები შევუნარჩუნოთ. თუმცა, ოპერაციას 3 წლის ასაკის ზემოთაც ვაკეთებთ, თუ მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვს ყოველთვიურად ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება. უჩივის დაღლილობას, საერთო სისუსტეს, რევმატულ ჩივილებს, კიბეებზე ასვლისას, მესამე სართულამდეც კი რამდენჯერმე უწევთ შესვენება, ხელში აყვანა უნდა, ამ დროს ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ და სპეციალისტთან ტონზილები შევამოწმოთ. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ უმადობას, პირიდან უსიამოვნო სუნს და დაავადების ხშირ გამწვავებას.